სტამბულის ქართული მონასტრის წიგნთსაცავის კატალოგიზაცია

2005

სტამბულის ქართული სავანე - ქართველ კათოლიკეთა დედა ღვთისმშობლის მონასტერი (ნოტრდამი) მასთან არსებული კულტურული ცენტრითა და სიძველეთასაცავით, რომელიც მოიცავს ბიბლიოთეკას, საარქივო მასალებსა და სამუზეუმო ექსპონატებს ლიცეუმისა და ისტორიული სტამბის ჩათვლით - ქართულ კულტურის კერათაგან ერთადერთია, რომელიც დღემდე შემორჩა საქართველოს ფარგლებს გარეთ.

საუკუნეთა მანძილზე აღნიშნული ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა და საქმიანობა დაკავშირებულია ისეთი დიდი და გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების სახელებთან, როგორებიც არიან პეტრე ხარისჭარაშვილი, ა. ხითარიშვილი, მ. თამარაშვილი, მ. თარხნიშვილი, შ. ვარდიძე, პ. ბალიძე და სხვები. აქ დღემდეა დაცული ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ზაქარია ფალიაშვილის, ია კარგარეთელის, დიმიტრი არაყიშვილის, მიხაკო წერეთლის, ალექსანდრე მანველიშვილის, მიქელ თარხნიშვილის და სხვათა ნაშრომები.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1918 წელს სწორედ აქ დაიბეჭდა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და ეროვნული კრების დავალებით პავლე ინგოროყვას ცნობილი ნაშრომი "საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ". მოგვიანებით, სავანის შესახებ ამ უკანასკნლმა ცნობარიც კი გამოსცა. ქართული მონასტრის ზემოაღნიშნული სტამბა მუშაობდა 1870 წლიდან 1940 წლამდე. მონასტერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოდან ემიგრირებული დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ცხოვრებაში.

დღეს-დღეობით ეს უნიკალური ქართული კულტურის ძეგლი და ეროვნული მემკვიდრეობა საქართველოს ხელშეუხებლად შემოუნახა სტამბულში მოღვაწე ქართულმა ოჯახმა ბატონ სიმონ ზაზაძის მეთაურობით.

პროფ. შუშანა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით 2001 წლის ნოემბრიდან დაიწყო სტამბულის ქართველთა მონასტერთან არსებული წიგნთსაცავის, ბიბლიოთეკის, საარქივო მასალებისა და სამუზეუმო ექსპონატების შესწავლა.

შესწავლილია ხუთ ოთახში განთავსებული ლიტერატურა, კერძოდ, ქართულ, თურქულ, არაბულ, სომხურ, ბერძნულ, ლათინურ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ, პოლონურ, ბულგარულ, ჩეხურ, ოსმალურ, უნგრულ ენებზე დაწერილი წიგნები, ჟურნალები და გაზეთები. წიგნების ასაკი იწყება 1523 წლიდან და მოდის 1980 წლამდე. ეს არის როგორც საერო, ისე სასულიერო ლიტერატურა დაბეჭდილი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. უმეტესობა აქ დაცულია იმდენად, რამდენადაც შეხებაშია საქართველოს ისტორიისა და კულტურის ამა თუ იმ პერიოდთან.

აღწერილია 81 000 ერთეული ნაშრომი (წიგნი, ჟურნალი, გაზეთები). აქვეა შენახული ქართულ სტამბაში დაბეჭდილი ქართულ-ფრანგული წიგნები.