იუნესკო, 2007 წლის მონაწილეობის პროგრამა

ფონდი "კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე"

 

პროექტი:

ტაო-კლარჯეთის ვირტუალური მუზეუმი

(მულტილინგვური ვებ-გვერდის შექმნა)

I. საბოლოო ანგარიში

შესავალი

იუნესკოს 2006-2007 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში ფონდმა "კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე" განახორციელა პროექტი: "ტაო-კლარჯეთის ვირტუალური მუზეუმი".

ექსპედიციაში (21.07.07-22.08.07) მონაწილე 6 წევრიდან ორი ტრაპიზონსა და ისტორიული მაჭუკის მხარეში მუშაობდა 21.07.07-29.07.07; 30.07.07 მათ არდაჰანში შემოუერთდა კიდევ ორი წევრი, რომელთაც 11.07.08-მდე ერთობლივად იმუშავეს ართვინის, არდაჰანის, იუსუფელის, ოლთუს, შავშეთის, არტანუჯისა და ისტორიული სპერის მხარეებში. 08.08.07-22.08.07 ექსპედიციის კიდევ ორი წევრი მუშაობდა საქართველოს მოსაზღვრე ისტორიული მაჭახელას მხარეში.

პროექტის ძირითადი მიზნები:

• დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე განთავსებული ისტორიული საქართველოს კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ მრავალენოვანი ვებ-გვერდის შექმნა;

• თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში სამეცნიერო ექსპედიციის მოწყობა და იქ მოპოვებული სამეცნიერო და ვიზუალური მასალის შეჯერება დღემდე არსებულ მონაცემებთან;

• თანამედროვე სატელიტური GPS ტექნოლოგიის გამოყენებით ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზუსტი ადგილმდებარეობის დაფიქსირება და ამ მიზნისათვის შექმნილ რუკაზე მათი შემდგომი დატანა;

• თურქეთში დღემდე შემორჩენილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო წარმოჩენა და მისი პოპულარიზაცია;

• ვებ-გვერდის საშუალებით არსებული ინფორმაციების ერთად შეგროვება, რაც განსაზღვრავს როგორც სამეცნიერო წრეებისათვის, ისე მოგზაურთათვის და ქრისტიანული აღმოსავლეთით დაინტერესებული ფართო წრისათვის ინფორმაციიის გაცვლისა და მიღების შესაძლებლობას.

გეგმებისა და შედეგების შესაბამისობა:

ზემოაღნიშნული გეგმები სრულად იქნა განხორციელებული; მეტიც, ექსპედიციის შედეგად კიდევ უფრო მეტი ძეგლის შესახებ მოხდა ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. გარდა ამისა, ექსპედიციის დროს აღმოჩენილ და აღწერილ იქნა რამდენიმე სრულიად უცნობი ძეგლი, რაზეც ქვემოთ იქნება საუბარი:

შედეგები და მიღებული სარგებელი:

• ექსპედიციის შედეგად 70 ძეგლის ნაცვლად დაფიქსირებულ და შესწავლილ იქნა 150-ზე მეტი ძეგლი;

• ექსპედიცია დაიყო სამ ნაწილად: 1. ტრაპიზონის და მაჭუკის მხარე; 2. არდაჰანის, ართვინისა და ერზერუმის ვილაეთები; 3. მაჭახელის მხარე;

• საქართველოს მასშტაბით პირველად დაფიქსირდა ისტორიული მაჭუკის მხარის ეკლესიები (ჭანიჭა, იმერა, ვაზელონი, ზარციხე და სხვა); ისტორიული საქართველოს სასაზღვრო წერტილები შავიზღვისპირეთში ("სატრაპელა"), რკინის პალო ("დემირ კაპი"), ქართლის ყელი ("გურჯი ბოღაზი") და "სპერის კარი";

• ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური იყო მეორე ეტაპი. ჯგუფმა მოიარა საზოგადოდ ცნობილი მარშრუტები და მოინახულა მრავალჯერ გადაღებული და არაერთხელ გამოცემული ძეგლები, დააფიქსირა GPS მონაცემები, ძეგლთა ახალი მდგომარეობა, დასახა სამომავლო კვლევის გეგმები;

• არდაჰანის მხარეში ე. თაყაიშვილის შემდეგ პირველად მოხერხდა რიგი ძეგლების დაფიქსირება (დადაშენის საეპისკოპოსო, სენსოპი, ჩაისი), ამავდროულად პირველად იქნა მიკვლეული რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი (ჰოშრეთი, თუქრაშენი, კანდილი და აკ კილისე დორთ ქილისეში) და აღმოჩენილ იქნა ადრე-შუასაუკუნეების სტელის ბაზისი რელიეფებით. მნიშვნელოვან მიგნებად იქნა მიჩნეული პირველი ქართული ეკლესიის ნაკვალევის მიკვლევა ერუშეთში, რომელიც მირიან მეფის თხოვნით კონსტანტინოპოლელმა ხუროებმა ააგეს IV ს-ის დასაწყისში;

• პირველად ქართულ ექსპედიციებს შორის მოხერხდა ბარდუსის ხეობაში დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება. შედეგად დაფიქსირდა ის ძეგლები, რომელთა შესახებ მხოლოდ ექ. თაყაიშვილის წერილობითი ინფორმაცია იყო და არ არსებობდა ფოტო თუ გრაფიკული მასალა. ბარდუსის ხეობაში აიზომა ლექსორის მონასტრის 2 ეკლესია, სერა კილისე, ასევე დაფიქსირდა კოპის ისტორიული ციხე და ეკლესია, სადაც უნდა შექმნილიყო ამჟამად საქართველოში დაცული XVIს-ის ცნობილი სულთა მოსახსენებლები; შეგროვილი ინფორმაციით არსებობს რამდენიმე გამოქვაბული ეკლესია, სადაც კედლის მხატვრობაა შემონახული;

• პირველად ქართულ ექსპედიციებს შორის მოხერხდა ისპირის მხარის ძეგლთა ფიქსაცია და აღწერა. ხეობაში არის 5 ციხესიმაგრე, რომელთა უმეტესობა არ იყო დაფიქსირებული (პეტერეკ კალე, ერსისი, იგივე კილიჩკაია, ოშნაკის კალე, იოკუსჰლუ კალე, სპერის ციხე). იუსუფელიდან ისპირის გზაზე აღმოჩნდა რამდენიმე სრულიად უცნობი ეკლესიის ნანგრევი, ყველა მათგანი იქნა აზომილი. ესენია: ნიხახის კუპელჰალე, ცირქინეს ბაზილიკა; პირველად ქართული ექსპედიციის მიერ აიზომა სპერის დიდი ეკლესიაც.

• გარდა ამისა ისტორიულ კლარჯეთში, შავშეთსა და ტაოში, სადაც ჩვენი დროის არაერთი მეცნიერი თუ ტურისტი მოგზაურობს აღმოჩენილი იქნა რამდენიმე უცნობი ტაძარი, მაგ: დარიჯას ეკლესია, სინკოთის დარბაზი და ესბეკის ძველი დარბაზი, ანძავის ისტორიული ციხე და ეკლესია, ფარნაკის ციხის პატარა ეკლესია; ასევე მიკვლეულ იქნა მუხლადჯიგილისის ტეტრაკონქი, რომელიც განადგურებულად ითვლებოდა.

• დაფიქსირდა დღემდე შემორჩენილი ქართული ხიდები და საერო არქიტექტურის სხვა ნაშთები და ნაეკლესიარი მაჭახელის ხეობაში;

• დაფიქსირდა სახალხო ფესტივალები მაჭუკაში, ბაზგირეთსა და მაჭახელაში;

• ზემოხსენებული მასალების საფუძველზე შეიქმნა ტაო-კლარჯეთის რუკა, რომლის მეშვეობითაც ვებ-გვერდზე შესაძლებელია რეგიონების, ქალაქების, სოფლებისა და ძეგლების მიხედვით შესაბამისი ტექსტური და ვიზუალური ინფორმაციის მიღება;

• გარდა საკუთრივ უძრავი ძეგლებისა, ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობად ითვლება ის მოძრავი ძეგლები, რომელნიც დღეს ან სხვადასხვა მუზეუმებში და საცავებშია გაფანტული, ან კი დაკარგულად ითვლება, ვებ გვერდის საშუალებით ყველა ეს ძეგლი დაუბრუნდება თავის ორიგინალურ ადგილს, ოღონდ ვირტუალური სახით.

• ადვილად მოსაძებნი ვებ-გვერდის საშალებით ინფორმაცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებული დაინტერესებული პირისათვის, ვინც ფლობს ქართულ ან ინგლისურ ენებს. სამომავლოდ დაგეგმილია ტექსტებისა და ინფორმაციების თარგმნა თურქულ ენაზე და ვებ გვერდის უკვე არსებულ სივრცეში განთავსება.

• პირველად ელექტრონული სახით ქვეყნდება ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის შესახებ არსებული ბიბლიოგრაფია, რაც მოიცავს პუბლიკაციებს ქართულ, თურქულ და ევროპულ ენებზე;

• იმის გათვალისწინებით, რომ ვებ გვერდი არის ცოცხალი და განახლებადი პროდუქტი, მასზე მუშაობა თანმიმდევრულად გაგრძელდება, დაემატება ახალი ინფორმაციები, მონაცემები, ახალი თუ საარქივო მასალები, ინფორმაციები ახალ პუბლიკაციებზე და ნებისმიერი ავტორის სტატია, მისი სურვილისამებრ, PDF ფაილების სახით.

• იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის მიერ დაგეგმილი 8 თვის ნაცვლად პროექტის განსახორციელებლად რეალურად გათვალისწინებული იქნა მსოლოდ 5 თვე, ვერ მოხერხდა აღნიშნულ ვადებში მასალის თურქულ ენაზე თარგმნა და ყველა არსებული მასალის ვებ-გვერდზე განთავსება, რაც თანმიმდევრულად იქნება შევსებული ვებ-გვერდის მუდმივად განახლების პარალელურად.

პროექტი და მისი როლი იუნესკოს წევრი ქვეყნების საზოგადოებაში

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ გვერდი საშუალებას გვაძლევს ფართო საზოგადოებას მარტივად და სრულად მივაწოდოთ ინფორმაცია ევროპული კულტურის ერთი მივიწყებული ნაწილის შესახებ, გავაღვიძოთ მისდამი ინტერესი, რათა მან სათანადო ადგილი დაიმკვიდროს ევროპის მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობათა შორის და ამით ხელი შევუწყოთ ამ მემკვიდრეობის შენრჩუნებას.

საზოგადოების მონაწილეობა

პროექტის შესრულებაში გარდა თავად მუშა ჯგუფისა, ჩართულია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. კერძოდ:

ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია ქართველი მეცნიერებისა და კოლეგების მიერ მოწოდებული როგორც ტექსტური, ასევე ფოტო მასალა.

პროექტი ფართოდ იქნა განხილული თურქეთისა (სტამბოლი, კოჩის უნივერსიტეტი) და საქართველოს (თბილისი, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) სამეცნიერო წრეებში.

უახლოეს მომავალში ასევე დაგეგმილია სხვა მეცნიერებისგან დამატებითი ფოტო თუ ბიბლიოგრაფიული მასალების მოწოდებაც, რადგან სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსება და მისი ხელმისაწვდომობა ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს შეადგენს.

პროექტის საზოგადოებამდე მიწოდება

• პროექტის წინასწარი პრეზენტაცია შედგა სტამბოლში, 12 სექტემბერს, საერთაშორისო სემინარზე: Medieval Cultural and Architectural Heritage of the South Caucasus and Eastern Anatolia, Research Center for Anatolian Civilizations, Koç University, Istanbul (Turkey), სადაც პროექტის მიზნებსა და ვებ-გვერდის შესაძლებლობებზე, ასევე ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა;

• პროექტის საანგარიშო პრეზენტაცია შედგა ქ. თბილისში, 2007 წლის 28 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში: http://www.manuscript.ge/index.php?m=83&newsid=145

• დაიბეჭდა ჯიბის კალენდრები, ვებ-გვერდის მისამართის მითითებით, რომელიც დარიგდა მსმენელებს შორის და ასევე გავრცელდა დაინტერესებულ წრეებში.

დასკვნა

იუნესკოს 2006-2007 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელებული პროექტის: "ტაო-კლარჯეთის ვირტუალური მუზეუმი" ფონდმა "კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე" მოაწყო სამეცნიერო ექსპედიცია თურქეთში, ისტორიული საქართველოს პრაქტიკულად ყველა მხარეში, 2007 წლის ივლის-აგვისტოში.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა 6 კონსულტანტი, რომელთაც მოამზადეს უახლესი ტექსტური და ვიზუალური მასალა ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ რეგიონში. ამ მასალებისა და ექსპედიციის ფარგლებში GPS-ით შედგენილი რუკის, აგრეთვე მანამდე არსებული საარქივო, სამეცნიერო თუ პოპულარული წყაროებისა და საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა არსებული ვებ-გვერდების ბმულების გამოყენებით შეიქმნა მულტილინგვური და მუდმივად განახლებადი ვებ-გვერდი: "ტაო-კლარჯეთის ვირტუალური მუზეუმი".

ვებ-გვერდის მისამართია:

http://www.virtualtao-klarjeti.com.ge

ახლადშექმნილი ვებ-გვერდი ამასთანავე წარმოადგენს პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ გაწეული სამუშაოს დეტალურ ანგარიშს.