ტრაპიზონი - იმპერია დედით ქართველთა (1204-1461)

მეოთხე ჯვაროსნული ომის დროს (1204) დასავლეთ ევროპელი და ვენეციელი ჯვაროსნების მიერ დამხობილი ბიზანტიისა და მის სანაცვლოდ დაარსებული კონსტანტინოპოლის ლათინური იმპერიის შემდგომ ბერძნული მემკვიდრეობის მხოლოდ რამდენიმე მცირე სახელმწიფო-ღა შემორჩა ბიზანტიის იმპერიის ნანგრევებზე: ნიკეის იმპერია (დღევანდელი იზნიკი, იზნიკის ტბის აღმოსავლეთით და იზმითის სამხრეთით, თურქეთში), ეპირუსის დესპოტატი (დღევანდელი ჩრ.-დასავლეთ საბერძნეთი და სამხრეთ ალბანეთი, ბალკანებში) და ტრაპიზონის იმპერია (დღევანდელი ტრაპიზონ-სამსუნი, თურქეთში).

ტრაპიზონის იმპერია დაარსდა თამარ მეფის უშუალო ხელშეწყობით ყოფილი იმპერიული კომნენოსების გვარის ორი წარმომადგენლის, იმავდროულად დავით აღმაშენებლის მეკვიდრეების, გიორგი III-ის შვილიშვილებისა და რუსუდანის ძენის - ძმები დავით და ალექსი I-ის მიერ (მართავდა 1204-22 წწ).

ტრაპიზონის იმპერიის მმართველ კომნენოსებს, რომელთაც ისტორიული სამფლობელოები ჰქონდათ კასტამონსა და კომანაში, იმთავითვე ქართველური წარმოშობის საგვარეულოდ მიიჩნევს გიორგი გოზალიშვილი (II. გვ. 20-21), ისევე როგორც ეჭვს არ იწვევს ტრაპიზონის უძველეს მმართველთა გაბრადესებისა და მათი უმთავრესი წმინდანის, თეოდორეს ლაზური წარმოშობა: გიორგი პახიმერე როდესაც საუბრობს მიხეილ VIII პალეოლოგოსის მიერ 1267 წლიდან კონსტანტინეპოლის პატრიარქად ვინმე გერმანეს დანიშვნაზე, აღნიშნავს, რომ უკანასკნელი იყო “ტომით სრულიად ნამდვილი ლაზი, სწორედ ისევე როგორც გაბრა“ (III. გვ. 58). იგივე მემატიანე იმპერატორ იოანე კომნენოსს (1280-1297 წწ.) მოიხსენიებს“ლაზების პიქონტად“ (III. გვ. 67-68), ლეონიკ ხალკოკონდოლე კი - `კოლხეთის მეფედ" (III. გვ. 68). ნიშანდობლივია ისიც, რომ ჯერ კიდევ ტრაპიზონის იმპერიის დაარსებამდე კომნენოსები ხშირად ჩნდებიან იბერიული სამოსით. მაგ. პატრიარქ თეოდოსის (1178-1183 წწ.) დელეგაციის შეხვედრისას ანდრონიკეს აცვია იისფერი სამოსი “იბერიული ქსოვილისაგან შეკერილი“ (IV. გვ. 124).

ik

პონტოელ მეფეთა ძველი სავანე ამნასიაში (სამსუნთან)

კომნენოსები ასპარეზზე ჩნდებიან მიხეილ დუკას დროს (1071-1078 წწ.), როდესაც იწყება ყმაწვილი ალექსი კომნენოსის აღზევება (V. გვ. 309-311; VI. გვ. 48). პროვინციელ კომნენოსთა დაწინაურება სამეფო კარზე ბევრს არ სიამოვნებდა, ამიტომ, ალექსიმ და მისმა ძმამ, ისააკმა “მოშურნეთა მოსაგერიებლად სასახლის ძალები მიიმხრეს“: ისააკმა ცოლად შეირთო დედოფლის დისწული (VI. გვ. 49), რის შემდეგაც დედოფალმა იშვილა ალექსი (VI გვ. 50). აქ საუბარია დედოფალ მართა-მარიამზე, ბაგრატ IV-ის ასულზე: “მატიანე ქართლისას“ მიხედვით, “დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თვისი მართა და შერთო ბერძენთა მეფესა“ (VII. გვ 308). სწორედ აქ გამოუჩნდნენ მას მოკავშირედ კომნენოსები, რომლებიც მარიამს თვისტომად და საერთო წარმოშობისად თვლიან: “ოღონდ ღირსი გავხდეთ შენს თვისტომებად და მეგობრებად [ვითვლებოდეთ], იქიდანვე წარმოშობილებად, საიდანაც შენ ხარ წარმოშობილიო" (VI. გვ. 54). კომნენოსების შეთქმულება წარმატებით დასრულდა. 1081 წელს ალექსი კომნენოსი ბიზანტიის იმპერატორია, რითაც დაიწყო კომნენოსების მმართევლობის ასწლიანი ხანა.

“ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა" ავტორი დავით IV აღმაშენებლის ასულის, კატაის ბიზანტიაში გათხოვების შესახებ გვამცნობს: “ასული თვისი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისა" (VIII გვ. 334). ო. ლორთქიფანიძე, ვ. კოპალიანი, შ. მესხია, რ. მეტრეველი მიიჩნევენ, რომ კატაი ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის უმცროს ვაჟზე - ისააკზე გაათხოვეს (IX. გვ. 69). ბაგრატიონებთან შემდგომი ურთიერთობა უკავშირდება მათ შვილს, ანდრონიკე I-ს (1183-1185 წწ.), ბიზანტიის უკანასკნელ კომნენოს იმპერატორს, რომელიც შეთქმულებმა 1185 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს. ანდრონიკე I-ის ვაჟიშვილმა მანუელმა და რუსუდანმა, სავარაუდოდ, იქორწინეს 1180 წელს, რითაც მანუელი გახდა თამარ მეფის სიძე. თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" დაცულია ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ესტუმრა ბაგრატოვანთა სამეფო კარს, გიორგი III-ის ზეობისას, ბიზანტიის უკანასკნელი კომნენოსი იმპერატორი ანდრონიკე: "მოვიდა ოდესმე ანდრონიკე კომნენოსი ცოლითა სახებრწყინვალითა და შუენიერითა, თანა შვილებითურთ და დისწულითა, მამის დისწული დიდისა მანუილ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა მეფისა" (X. გვ. 17). ანდრონიკემ აქ ციხეები და ქალაქებიც მიიღო და ქართველთა ჯართან ერთად დარუბანდს ლაშქრობისას თავიც ისახელა.

ქართული წყაროების მიხედვით მანუელის ვაჟები, მცირეწლოვანი დავითი და ალექსი, საქართველოში აღიზარდნენ, რასაც თ. უსპენსკიც აღნიშნავს: “Комнины ещё младенцами попали в Грузию, где и полуочили воспитание; природным языком их был грузинский. Воспитываясь и выростая при дворе своей родственницы, среди туземцев и в армии, они всюду были под влиянием грузинской жизни и грузинских понятий, так что, в 20-летнем возрасте, по всей вероятности, больше походили на грузинских князей, чем на византийских" (XI. გვ. 30).

როდესაც ანდრონიკე I 1185 წელს შეთქმულებმა მოკლეს, მანუელი დაბრმავდა და ამის შედეგად მალევე გარდაიცვალა. მისი მეუღლე რუსუდანი, ვაჟიშვილებთან - ალექსიოსთან და დავითთან ერთად გამოიხიზნა კონსტანტინოპოლიდან, რათა თავი დაეღწია ანდრონიკოსის დამამხობელის, ისააკ II ანგელოსის დევნისაგან. დასავლური წყაროების თანახმად, უცნობია რუსუდანმა მოახერხა თუ არა საქართველოში დაბრუნება თუ დასახლდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, საიდანაც კომნენოსების საგვარეულო იღებს სათავეს. ქართული წყაროების მიხედვით კი: “მოვიდა დიდი კომნენოსი, ბატონი ალექსი, რომელიც წამოსული იყო დიდებულ ქალაქ კონსტანტინოპოლიდან, ხოლო გამოილაშქრა კი იბერიიდან, მისი მამიდის, თამარის გულმოდგინებით და ღვაწლით და 22 წლისამ დაიპყრო ტრაპიზონი..." (XII. გვ. 34). ზ. ავალიშვილი მონოგრაფიაში “ჯვაროსანთა დროიდან. ოთხი საისტორიო ნარკვევი" აღნიშნავს, რომ ქართული წყაროს "ალექსი ანდრონიკეს შვილი" სხვაა (სავარაუდოდ, ანდრონიკეს I-ის არაკანონიერი შვილი), ხოლო 1204 წლის ტრაპიზონის პირველი კეისარი კი სხვა, ანუ ამ უკანასკნელის ძმისშვილი (მანუელის შვილი). ამდენად, “ქართლის ცხოვრებაში" გადმოცემულია ალექსი კომნენოსის, ანდრონიკე I-ის არაკანონიერი ძის, ე. ი. ალექსი I დიდის (ტრაპიზონის იმპერიის დამაარსებლის) ბიძის ისტორია (XIII).

თამარ მეფემ, რომელიც სამართლიანად ითვლება ტრაპიზონის იმპერიის თანადამაარსებლად, მნიშვნელოვანი სამხედრო-ფინანსური დახმარება აღმოუჩინა რუსუდანის ძეთ: ალექსი I-ს, ტრაპიზონში გასამეფებლად და დავითს, რომელმაც იმპერიის საზღვრები გააფართოვა დასავლეთითაც, დაიკავა რა თავდაპირველად, სინოპი, ხოლო შემდგომ პაფლაგონია და ჰერაკლეას პონტიკა, სადაც ის ესაზღვრებოდა თეოდორე I ლასკარისის მიერ დაარსებულ ნიკეის იმპერიას (XIV). ტრაპიზონის მმართველები, რომლებიც თავის თავს "მეგას კომნენოსებს" ეძახდნენ, თავიდან “რომაელების იმპერატორად და ავტოკრატებად" მოიხსენებოდნენ. 1282წ ბიზანტიის იმპერიასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად მათი ტიტული შემდეგნაირად ჟღერდა: “მთელი აღმოსავლეთის, იბერებისა და ტრანსმარინული პროვინციების იმპერატორი და ავტოკრატი" (XV. გვ. 314-316. აგრეთვე, XIV) (შეად. “ერთგული მეფე და თვითმპყრობელი ანატოლიისა, საქართველოს და პერატეისა" - II. გვ. 135).

ტრაპიზონის იმპერია შესუსტდა მას შემდეგ, რაც თურქ-სელჯუკებმა აიღეს სინოპის მხარე 1206 წელს, ხოლო თავად სინოპი - 1214 წელს და იმპერატორი იკონიუმის ვასალი გახდა. მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერია აღდგა ნიკეას მმართველობის ფარგლებში 1261 წელს, ტრაპიზონმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, თუმცა, ხშირად უწევდა მცირე აზიის სხვადასხვა ქვეყნებისადმი ხარკის გადახდა. მონღოლთა შემოსევის შემდეგ მოხდა ტრაპიზონის არნახული ეკონომიკური აყვავება. ის გახდა მცირე აზიიდან მომავალი კომერციული მარშრუტების მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელიც უკავშირდებოდა მონღოლების მიერ გახსნილ აღმოსავლეთ აზიის დიდ სავაჭრო მარშრუტს. ამგვარად, ტრაპიზონი გახდა აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი კვანძი. რუსეთიდან და შუა აზიიდან ევროპისაკენ მიმავალმა მარშრუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს ტრაპიზონის, როგორც აბრეშუმის გზაგასაყარზე არსებული ცენტრის მნიშვნელობა. ამ დროს მის კომერციულ ცხოვრებას აკონტროლებდა გენუა და ვენეცია, ხოლო მის პოტენციალს ზრდიდა საკუთარი მდიდარი წიაღისეულისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი - იქნებოდა ეს საყოველთაოდ ცნობილი კერასუნის მდიდარი მადნეული თუ ჭანიჭა-ჭანიჭათი-არგიროპოლის-გიუმიშხანეს, ანუ ”ვერცხლის ქალაქის" საბადოები, რომელიც თავის ისტორიას ალექსანდრე მაკედონელის პერიოდიდან ითვლის; ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ტიმოთე გაბაშვილის მოსაზრება: ”გუმიშხანა საქართველოსა მეფეთი არისო, რამეთუ ვერცხლი გამოსავალი აქაური საქართველოთი ყოფილაო. ჭოროხის წყლის სათავე - ეს არისო სამძღვარი საქართველო" (XVI. გვ. 190). სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთაგან ეს მხარე ოდითგანვე განთქმული იყო ღვინით, ზეთისხილითა და მარცვლეულით; თხილი, ჩაი და თუთუნი აქ მოგვიანებით დამკვიდრებულა.

განვითარების მწვერვალს იმპერიამ მიაღწია ალექსი II-ს დროს (1297-1330). აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტიც - აბრეშუმის გზა. 1295 წელს მარკო პოლო ევროპაში დაბრუნდა ტრაპიზონის გავლით. ალექსი III-ს დროს (1349-1390) ტრაპიზონი გადაიქცა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო ცენტრად, რომელმაც სახელი გაითქვა უდიდესი სიმდიდრითა და ხელოვნების ნიმუშებით. მონღოლთა გავლენის შესუსტების პარალელურად, 1320 წლიდან, ტრაპიზონი დაასუსტა თურქთა შემოსევებმა, სამოქალაქო ომებმა და საშინაო ინტრიგებმა. შემდგომში, ტრაპიზონის სატრანზიტო პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამცირა სუეცის არხის გახსნამ 1869 წელს და სატრანზიტო კორიდორის ფოთზე გადატანამ 1872 წლიდან.

უკვე XIV საუკუნიდან კომნენოსები ცდილობდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას ქალიშვილების ოსმან პრინცებზე დაქორწინების გზით. ამიტომაც, ზოგადად, ტრაპიზონსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობა საკმაოდ მეგობრული იყო კონსტანტინოპოლის დაცემამდე (1453). ამ დროს, ტრაპიზონის უკანასკნელმა იმპერატორმა დავით კომნენოსმა მამია გურიელთან ერთად შეკრა არა-ოტომანური აზიური ქვეყნების ალიანსი სულთან მეჰმედ II-ის წინააღმდეგ. 1461 წელს მეჰმედმა აიძულა დავითი დანებებულიყო, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ის სიკვდილით დასაჯა ერთის გარდა ოჯახის ყველა მამრობით წევრთან ერთად (XVII).

ბესარიონის ცნობით, ბიზანტიის ისტორიაში კომნენოსები ყველაზე დღეგრძელები აღმოჩნდნენ, რომელთა მმართველობამ გასტანა 257 წელი. ამასთან, როგორც წესი, კომნენოსების მემკვიდრეთ ქართველი დიდებულები მოჰყავდათ ცოლად, ხოლო ქალიშვილები ქართველ ბატონიშვილებზე ქორწინდებოდნენ. სწორედ ამიტომაც, ტრაპიზონის 21 იმპერატორთაგან (სამმა: იოანე II მეგას კომნენოსმა, ანა ანაჩოუტლუ მეგალე კომნენემ და მიქაელ მეგას კომნენოსმა ორ-ორჯერ აღიდგინეს თავ-თავიანთი ტახტი) სულ ცოტა ნახევარს ან დედა ჰყავდა ქართველი და/ან თავიანთი ქალიშვილები მიათხოვეს ქართველ დიდებულებს (ბაგრატიონებს, ჯაყელებს, დადიანებსა თუ გურიელებს - XV. გვ. 314-316):

1. ალექსი I მეგას კომნენოსი (1182-1222, მართავდა 1204-1222) და დავითი (1184-1214, მიიერთა სინოპი, პაფლგონია და ჰერაკლეას პონტიკა), როგორც აღინიშნა, ითვლებიან ტრაპიზონის იმპერიის თანადამფუძნებლებად. ალექსი I-ის ძირითადი მფარველი იყო თამარ მეფის საქართველო. თურქ-სელჯუკების მიერ ნიკეის იმპერიისა და სინოპის დაპყრობის შემდეგ 1214 წელს, ის აგრეთვე დამოკიდებული გახდა იკონიუმის სულთანატზე, იტალიურ საპორტო ქალაქებზე (ძირითადად, გენუაზე) და ერზრუმისა და ერზინჯანის მცირე საემიროებზე (XVII).

2. მანუელ I მეგას კომნენოსის (1238-1263) დროს საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ტრაპიზონის ფულის ერთეული – კირმანეული. მას მეორე ცოლისაგან, იბერიის დედოფალ რუსუდანისაგან ჰყავდა ქალიშვილი: თეოდორა, ხოლო მესამე ცოლისაგან, ირინე სირიკაინადან – 4 შვილი, რომელთაგან ერთი ქალიშვილი გათხოვდა საქართველოს მეფე დემეტრე II თავდადებულზე.

3. გიორგი მეგას კომნენოსის (1266-1280) უცნობი ქორწინების შედეგად მას ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც ქართველ დიდებულს გაჰყვა ცოლად.

4. იოანე II მეგას კომნენოსის დროს (1280-1284, აღიდგინა 1285-1297) ტიტულში გაჩნდა ”იბერიის" დასახელება. 1282 წელს კონსტანტინოპლში ყოფნისას მან მიიღო დესპოტეს ხარისხი. ამ დროს იმერეთის მეფე დავით VI შეეცადა ბიზანტიაზე გავლენის აღდგენას და ტრაპიზონის აღებას. მისი შემწეობით 1284 წელს ტახტზე ავიდა მანუელ I-ისა და მისი ქართველი მეუღლის, რუსუდანის ქალიშვილი, თეოდორა, თუმცა, იოანე II-მ მალევე აღიდგინა ძალაუფლება 1285 წელს.

5. ნახევრად ქართველი თეოდორა მეგალე კომნენე (1284-85) მისი ნახევარ-ძმის, იოანე II-ის ტახტზე აღდგენის შემდეგაც ინარჩუნებდა დიდ ძალაუფლებას, ჭრიდა რა საკუთარ ფულის ერთეულსაც კი საქართველოს ხელშეწყობით. მის მმართველობამდე თუ მმართველობის შემდგომ, ის მონაზვნად იყო აღკვეცილი.

6. ალექსი II მეგას კომნენოსმა (მართავდა 1297-1330) ოჯახისაგან დამოუკიდებლად ცოლად შეირთო იბერიელი დედოფალი, ჯიაჯაკი, ბექა II ჯაყელის, 1300 წლისთვის სამცხის ბეგის ასული. სწორედ მის დროს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიამ თავისი განვითარების მწვერვალს, რაშიც საქართველოსთან და ქართველებთან ახლო მეკავშირეობაც ეხმარებოდა. ალექსისა და ჯიაჯაკ ჯაყელს ჰყავდათ სულ ცოტა 7 შვილი: ანდრონიკოს III, ტრაპიზონის იმპერატორი 1330-1332 წლებში; ბასილი – ტრაპიზონის იმპერატორი 1332-1340 წლებში; მიქაელ ანაჩოტლუსი, მოკლა მისმა ძმამ, ანდრონიკოს III-მ 1330 წელს; გიორგი აჩპოგასი, მოკლა მისმა ძმამ, ანდრონიკოს III-მ 1330 წელს; ანა ანაჩოუტლუ, მონაზონი, რომელიც გახდა ტრაპიზზონის იმპერატორი 1341-42 წლებში; ევდოკია, რომელიც გათხოვდა ადილ ბეგ იბნ იაკუბ კანდარიდეზე.

საგულისხმოა, რომ სწორედ მანუელის (რომელსაც ჰყავდა ქართველი მეუღლე რუსუდანი), იოანე II-ის (რომელსაც ჰყავდა ქართველი მეუღლე თეოდორა) და ალექსი II (რომელსაც ჰყავდა ქართველი მეუღლე ჯიაჯაკ ბექას ასული ჯაყელი) გავლენით იმერეთის მეფეები 1297 წლის შემდეგაც თავინთ ფულს კირმანოულეტას მსგავსად კირმანეულს ეძახდნენ (XV. გვ. 61. იხ. არეთვე: თ. აბრამიშვილი, პოხომოვი და კაპანაძე, თ. დუნდუა. ჯიჯოევა);

7. ირინე პალაიოლოგინა ტრაპიზონელი (1340-41) ანდრონიკოს III-ის არალეგიტიმური ქალიშვილი, რომელიც გათხოვდა ტრაპიზონის იმპერატორ ბასილიზე 1335 წელს, რომელსაც მალევე გაცილდა და ცალკეული წყაროებით მოწამლა კიდეც იგი 1340 წელს და ტახტზე ავიდა არაკომნენოსების კანონიერი მემკვიდრე. ამის შედეგად, ტრაპიზონში ადგილი ჰქონდა სამოქალაქო ომებს, რასაც თურქმენების შემოსევა მოჰყვა. წმ. ევგენის მონასტერში გახიზნულმა დიდებულებმა ალექსი II-ს და ჯიაჯაკ ჯაყელის ქალიშვილს, ანა ანაჩოუტლუს სთხოვეს ტახტზე ასვლა და მონაზვნის სამოსის დათმობა ლაზიკის დედოფლობის სანაცვლოდ;

8. ანა ანაჩოუტლუ მეგალე კომნენეს (1341, აღიდგინა 1341-42) ტახტზე ასვლაში დაეხმარა საქართველოს მეფე გიორგი V 1341 წლის 17 ივლისს.

9. ალექსი III მეგას კომნენოსი (1349-90) იყო ბასილისა და მისი მეორე მეუღლის, ირინეს ვაჟიშვილი და ჯიაჯაკ ჯაყელის შვილიშვილი, რომელმაც შეიცვალა თავისი თავდაპირველი სახელი იოანე. გურიელებმა გრანდ კომნენენოსის ალექსი III-ს დროს გურია და ტრაპიზონი გააერთიანეს 1370 წელს (XVIII, XV. გვ. 246).

10. მანუელ III მეგას კომნენოსი (1390-1416) იყო ალექსი III-ს ვაჟიშვილი. მან ცოლად შეირთო მისი უფროსი ნახევარ-ძმის, ანდრონიკოსის ქვრივი, საქართველოს მეფე დავით IX-ს ქალიშვილი, გულხან-ევდოკია (გარდაიცვალა 1395 წელს). მისი მეორე ცოლი იყო ბიზანტიელი დუკას ოჯახიდან ანა ფილანტროპონე; ამ დროს, 1387 წელს იქორწინეს ბაგრატ V და ანა კომნენოსმაც; ამავე პერიოდში კლავჯიო, რომელიც სპერში იმყოფებოდა 1405 წლის 4 სექტემბერს, აღნიშნავს, რომ სპერის მმართველი იყო "მუსლიმი ათაბეგი, ქართველი ჯაყელი".

11. ალექსი IV მეგას კომნენოსი (1416-1429) იყო მანუელ III-სა და ქართველი გულხან-ევდოკიას ვაჟიშვილი. თეოდორა კანტაკუზენესგან ალექსი IV-ს ჰყავდა სულ ცოტა 6 შვილი, რომელთაგან ორი იყო ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორები იოანე IV (1429-1459) და დავითი (1459-1461) იყვნენ;

12. იოანე IV მეგას კომნენოსი (1429-1459) მშობლებთან გართულებული ურთიერთობების გამო 1426 წელს იძულებული გახდა საქართველოში ეძია თავშესაფარი, სადაც მან ცოლად შეირთო მეფე ალექსანდრე I-ის (სხვა ცნობებით, გიორგი VII) ქალიშვილი. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ტრაპიზონში მისი პოზიციების გასაძლიერებლად. ამიტომ, 1427 წელს ის გადასახლდა გენუაში, საიდანაც ჯარით დაბრუნდა ტრაპიზონში 1429 წელს, მოიპოვა დიდებულების მხარდაჭერა და მიიღო კიდეც იმპერატორის ტიტული. 1453 წელს კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მეჰმედ II-მ ტრაპიზონსაც შემოუტია 1456 წელს ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. იოანე IV იძულებული გახდა ხარკზე დათანხმებულიყო 1458 წლის შეთანხმებით, თუმცა ამ ხარკის რაოდენობის გზარდის შემდეგ მან გადაწყვიტა საოჯახო კავშირები გაება ოტომანებთან: მან ერთი ქალიშვილი მიათხოვა უზუნ ჰასანს, ხოლო მეორე - იტალიელ სიროსის ლორდს - ნიკოლო კრისპოს. ამავე დროს, დასავლეთის მხარდაჭერის მიზნით მან გააქტიურა ურთიერთობა რომის პაპთანაც. 1430-იანი წლების ბოლოს ტრაპიზონის მიტროპოლიტი შეუერთდა ბიზანტიურ სამღვდელოებას ბაზელ-ფერარა-ფლორენციის საბჭოზე. თუმცა, იოანე IV-ის პოზიცია მკვეთრად შესუსტდა იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო დაგროვებული ვალების გადახდა გენუის რესპუბლიკისადმი, რამაც გამოიწვია ბიზანტიურ-გენუის ალიანსი მის წინააღმდეგ. იოანე IV გარდაიცვალა 1459 წლის 22 აპრილს, რომლის შემდეგაც ტახტზე ავიდა დავითი, ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორი. ქართველი მეუღლისგან იოანე IV-ს, როგორც აღინიშნა, ჰყავდა ვაჟი, უფლისწული ალექსი (1455-63), რომელიც სიკვდილით დასაჯეს კონსტანტინოპოლში და ორი ქალიშვილი: თეოდორა, რომელიც გაათხოვეს აკ კოუნლუს უზუნ ჰასანზე და ევდოკია, რომელიც გაათხოვეს იტალიელ სიროსის ლორდზე, ნიკოლო კრისპოზე. თეოდორა, სხვა მონაცემებით, შეიძლება ყოფილყო იოანე IV-ს და და არა ქალიშვილი.

13. დავით მეგას კომნენოსის (1459-1461) - ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორისა და ალექსი IV-ს მესამე ვაჟიშვილის - პირველი მეუღლე მარიამ ბატონიშვილი იყო. დავითი აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჯერ კიდევ მისი ძმის, იოანე IV-ს იმპერატორობის დროს როგორც სახელმწიფო მოხელე და დიპლომატი. კონსანტინოპოლის დაცემის შემდეგ 1453 წელს დავითმა განსაკუთრებით გააქტიურა ურთიერთობები და ალიანსი საქართველოსა და აკ კოუნლუს უზუნ ჰასანთან, რომელსაც, როგორც აღინიშნა, მისი დედით ქართველი ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. ამან გააღიზიანა მეჰმედ II, რომელმაც იერიში მიიტანა ტრაპიზონზე. მეჰმედ II-ის სარდლის, მაჰმუდ ფაშასა და დავითის მაღალჩინოსნის (თანამედროვე გაგებით, პრემიერ-მინისტრის), გიორგი ამირიძის (Amouritzes) მოლაპარაკების შედეგად, მისი და მისი ოჯახის სიცოცხლისა და საიმპერატორო ქონების შენარჩუნების ფასად, დავითმა დატოვა ტრაპიზონი და ტრასეში (თჰრაცე), ადრიანოპოლში გადასახლდა. ამის შემდეგ ის მაინც განაგრძობდა ურთიერთობებს ქართველებთან და უზუნ ჰასანთან, რის გამოც მეჰმედ II-მ ის თავის ძმისშვილთან (იოანე IV-ს დედით ქართველ უფლისწულთან, ალექსისთან) და სამ ვაჟიშვილთან ერთად სიკვდილით დასაჯა კონსტანტინოპოლში 1463 წლის 1 ნოემბერს.

ცნობილია, რომ დავითის მეორე მეუღლე ელენე დედოფალი 1461 წელს საქართველოში გურიელთან, თავის სიძესთან გაემგზავრა დახმარების სათხოვნად. საბოლოოდ კი დავითისა და მისი ვაჟიშვილების ქრისტიანული წესით დაკრძალვის გამო უზუნ ჰასანის კარზე თავშეფარებული ქვრივიც სასტიკად დასაჯა სულთანმა. უზუნ ჰასანის კარზე თავშეფარებული იმპერატორ დავითის ძმისწულიც (ალექსანდრეს ძე?) საქართველოდან ელის დახმარებას, რომელსაც 1472 წელს ქართველების მხარდაჭერით ტრაპიზონის გათავისუფლება უცდია, მაგრამ ამაოდ (XIX. გვ. 85-86).

მხოლოდ და მხოლოდ დავითის ერთადერთი ვაჟი - გიორგი გადაურჩა სიკვდილს პატარა ასაკის გამო, რომელიც იმპერიის დაცემისას მხოლოდ 3 წლის იყო; მან ჯერ მუსლიმობა მიიღო და უზუნ-ჰასანს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ საქართველოში გაიქცა, სადაც, როგორც აღინიშნა, მას და ჰყავდა გათხოვილი. გიორგი ქრისტიანობას დაუბრუნდა, ქართველი მთავრის ასულზე დაქორწინდა და შთამომავლობაც გაუჩნდა. მისი და მისი მემკვიდრეების ბედი შემდგომში უცნობია (XIX. გვ. 113). ერთი კი ცნობილია, რომ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით დღეს ქართველი ანდრონიკაშვილები მიჩნეულნი არიან კომნენოსების საიმპერატორო გვარის შთამომავლებად. არსებობს მოსაზრება, რომ ანდრონიკოს I-ის შვილი ალექსი, რომელიც თან ახლდა მას საქართველოში მოგზაურიბისას, დარჩა კიდეც საქართველოში და მან დაუდო საფუძველი ანდრონიკაშვილების გვარს.

დავითის მემკვიდრეობა ფაქტიურად გააგრძელა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა, რომელიც დავითის უახლოეს მეკავშირეს, ქართველ მამია გურიელს მითხოვდა ცოლად. ა. ბრაიერი წერს: "მამია გურიელი დავითის (ტრაპიზონის უკანასკნელი გრანდ კომნენოსის) მოკავშირე იყო 1459 წელს... როგორც ჩანს, გურიის ბატონიშვილი დაკრძალულია ტრაპიზონის ჰაგია სოფიასთან" (XV. გვ. 70).

IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

ტრაპიზონის აია სოფია

ამგვარად, ისტორიისათვის დამახასიათებელი ტრაგედიითა თუ ირონიით, დედით ქართველთა ტრაპიზონის იმპერატორთა მემკვიდრეობა უკანასკნელი კომნენე ქალბატონის, დავითის უცნობი ქალიშვილისა და ტრაპიზონის უკანასკნელი დედოფლის სახით კვლავ თავის წიაღს, გურიელების მეშვეობით ისევ ქართველი ბაგრატიონების გვარს დაუბრუნდა, ხოლო გურიელთა დინასტიის მეთაურის, მამია გურიელისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის, იმერთა სოლომონ II ბაგრატიონის ძვლები ტრაპიზონმა მიიბარა საუკუნოდ.

IK

სოლომონ II-ის საფლავის აღარარსებული ობელისკი

 

 

IG

IG IG

IG IG

 

კომნენოსთა საგვარეულო ეკლესია

ტრაპიზონი იმთავითვე ითვლებოდა მეორე კონსტანტინოპოლად, ახალ რომად, რომელსაც არავინ ეძახდა "მესამე რომს", თუმცა კი ჰყავდა ორი პატრონი წმინდანი - ევგენიუსი და თეოდორე გაბრასი, რომელიც მარტვილად ეწამა 1098 წელს; კონსანტინოპოლის მსგავსად, მას ჰქონდა თავისი წმ. სოფიის ტაძარი, საკუთარი იმპერიული კედლები, რომელიც ზღვაზე გადადიოდა და საკუთარი იმპერატორები, "ყოველთა აღმოსავლეთის მპყრობელნი". მეტიც, 1461 წელს მეჰმედ II-ს მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგაც თავად მეჰმედის შვილიშვილი, სელიმი (1489-1512), ვენეციას ბერძნულად წერდა, როგორც ”ბასილი (იმპერატორი) პონტოსი და დესპოტი ტრაპიზონისა" (XXIII. გვ. XXVII).

IG

ტრაპიზონის იმპერიული კედლების ნაშთები

 

 

IG

ტრაპიზონის წმ. ევგენის უძველესი ეკლესია

ტრაპიზონი ეს იყო „რუმების", ანუ მართმადიდებელი ქრისტიანების ქალაქ-ქვეყანა, "სადაც ქრისტიანულად ლაპარაკობდნენ" (ასე განუმარტავდა სანტას ერთი მცხოვრები პროფ. ა. ბრაიერს 1969 წელს. (XXIII გვ. XXVII), რომელიც დაუპირისპირდა წარმართულ ელინურ და კათოლიკურ ლათინურ სამყაროს და სადაც ერთმანეთში აირია ლაზურ-ჭანური, ერთ დროს ქართული, შემდგომ ბერძნული, სომხური, რუსული და თურქული.

ტრაპიზონის ბერძნული გავლენის ეკლესიები

 

IG

 

 

 

 

IG

IG IG

IG IG

 

 

 

 

ტრაპიზონის სომხური გავლენის ეკლესია

IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

 

ტრაპიზონის კათოლიკური ეკლესია

IG IG

აქვე აღსანიშნავია, რომ ისტორიულად იმდენად დიდი იყო ქართველთა გავლენა ტრაპიზონის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სარბიელზე, რომ ოტომანურ ტრაპიზონშიც მმართველები, როგორც წესი, ქართული წარმოშობის მაჰმადიანები იყვნენ, რის შესახებაც დაწვრილებითაა გადმოცემული ზ. ბატიაშვილის ნაშრომში “ქართველები ოსმანური პერიოდის ტრაპიზონში"-in print).

საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში

IG

XIX საუკუნის ჩათვლით აქ ადგილი ჰქონდა ლაზების შეუპოვარ წინააღმდეგობას არსებული მმართველობის წინააღმდეგ, რაც დეტალურად აქვს გადმოცემული პროფ. ა. ბრაიერს (XV, XXIII). კერძოდ, ამ პერიოდში ტრაპიზონსა და მის შემოგარენში მოხდა სამი შეიარაღებული აჯანყება ოტომანური რეჟიმის წინააღმდეგ. მართმადიდებლობასთან ერთად, ტრაპიზონის წინააღმდეგობის ძირითადი ფაქტორი იყო ე.წ. ”ლაზური ფაქტორი", ქართული გავლენა პონტოზე და მეზობელი საქართველოს აწ უკვე გაუქმებული სამეფო კარის მემკვიდრეთა იმედი მოკავშირეობაზე, რომელიც საბოლოოდ დაიმსხვრა სოლომონ II-ის გარდაცვალებასთან ერთად.

ზაქარია ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ თვითგადარჩენის მიზნით სასოწარკვეთილ ქართველთა ერთი ნაწილი კათოლიკობას დაუკავშირდა, რომელთა რაოდენობა იმდენი ყოფილა, რომ რომის პაპს მათთვის ტრაპიზონში ეკლესიაც კი აუგია, მეორე - მართმადიდებლობის შენარჩუნების მიზნით გაბერძნებულა, მესამეს გრიგორიანელობა მიუღია და მეოთხე - გამაჰმადიანებულა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას დაუკარგავს ქართული ენა, გადაგვარებულა და თავიანთი ქვეყნის წინაშე ეროვნულადაც დაკარგულა (I). ერთადერთი გამონაკლისი ყოფილა ქართველი ებრაელობა: ”ტრაპიზონში ქართული ენა შეინარჩუნეს მხოლოდ ქართველ ებრაელთა, რომელთა რიცხვიც ტრაპიზონში 500 კომლზედ მეტი იყო ძველადგანვე~ (I): აღსანიშნავია, რომ ქართველი ებრაელები დღესაც ცხოვრობენ თურქეთში და როგორც ებრაელები, ისინი ქართულ გვარსაც ატარებენ, განსხვავებით ყველა სხვა ”ტიპის" ქართველებისაგან (გამონაკლისია კათოლიკე ზაზაძეების გვარი სტამბულში). საკმარისია ითქვას, რომ ჩიკვაშვილების ფინანსური ჯგუფი უმძლავრესი იყო თურქეთში 1980-იან წლებში, რომლებიც თავიანთი კაპიტალით აშშ-ში გადასახლდნენ საცხოვრებლად.

ამგვარად, საუკუნეების განმავლობაში, წლიდან წლამდე იკარგებოდა ტრაპიზონში ქართული რელიგიური თუ პოლიტიკური გავლენა და კულტურული მემკვიდრეობა: ”XVII საუკუნის გასვლამდის ტრაპიზონში მოისპო ქართველთა ყოვლისფერი ძალოვნება, მოისპო ქართველთ შორის სჯული, მას მიჰყვა ქართული ენის დაკარგვაც, მოისპო ტრაპიზონში ქართველ ვაჭართა რიცხვი, ხელოვნების და თვით მოხელეების. ამეების მოსპობას მოჰყვა მოსპობა სამღვდელოებისაც და მოკლე დროის განმავლობაში ტრაპიზონში მოისპო ქართული საყდრები და ქართველი სამღვდელოება და თვით ქართლის სულის მქონე ეპისკოპოსის კათედრაც ქართველების ყოველივე გაქრა ტრაპიზონში... ტრაპიზონში, ქართველი ეპისკოპოსის კათედრაზე ბერძნებმა დასვეს ბერძნის ეპისკოპოსი" (I).

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ 1878-1881 წლებში, როდესაც ასეულ ათასობით ბათუმელი და ქობულეთელი ქართველი მუსლიმი მიგრანტი მოაწყდა მხარეს (ბედის ირონიით, სწორედ ორდუში, უნიასა და ფაცაში) და თავისი ხელი კიდევ ერთხელ `დაატყო~ არა მარტო ქალაქს, არამედ მთელ მხარესა და ქვეყანას, ხოლო სანაცვლოდ ბევრი კრიპტოქრისტიანი (ძირითადად, წარმოშობით ბერძენი და სომეხი მოსახლეობა) ”რუსეთის საქართველოში" გადასახლდა. შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისათვის ტრაპიზონში ჯერ კიდევ შემორჩენილ ქრისტიანობას საბოლოო ლახვარი სწორედ მუსლიმი ქართველების მიგრაციამ ჩასცხო ქობულეთელი ალი-ფაშა თავდგირიძის ხელმძღვანელობით, რამაც ყველაფერთან ერთად, ცნობიერებაც შეუცვალა ტრაპიზონელთა მომავალ თაობებს (XXII).

IK

ალი-ფაშა თავდგირიძე

ტრაპიზონი - ქსენოფონტეს ანაბაზისის 10 000 მხედრის მემკვიდრეთა ქალაქი - უკვე მერამდენედ, ისტორიის სრულიად ახალ ფურცელს შლიდა...

 

ბიბლიოგრაფია

  1. ჭიჭინაძე ზ., “ტრაპიზონი", "საქართველო", 20.04.1916, 23.04.1916.
  2. გიორგი გოზალიშვილი. კომნენოსთა დინასტიის ეთნიკური წარმომავლობის საკითხისათვის. “მნათობი" N.8. თბ., 1972. გვ. 20-21.
  3. გიორგი პახიმერე. ისტორია. წგ.: გეორგიკა. ბიზატიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. II. ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. მეორე შევსებული გამოცემა თბ., 1965. გვ. 58.
  4. ნიკიტა ხონიატე. წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. VI. ტექსტები ქართული თარგმანებით გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბ., 1966.
  5. ნიკიფორე გრიგორასი. VII. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბ., 1967. (V). ანნა კომნენოსი. ალექსიდა. წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ.
  6. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბ., 1966.
  7. მატიანე ქართლისა. წგ.: ქართლის ცხოვრება. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1955.
  8. დავით აღმაშენებლის ისტორკოსი. წგ.: ქართლის ცხოვრება. I. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1955.
  9. ჯაბა სამუშია. ბაგრატიონთა სამეფო ოაჯხი. (XI-XII სს.). თბ., 2003.
  10. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. ქართლის ცხოვრება. II. ტექსტის დდგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1959.
  11. Успенский Ф. И. Очерки из истории Трапезундской империи. Л. 1929.
  12. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა. წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. VII. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი წერილით, შენიშვნებითა და საძიებლებით გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1967.
  13. ზურაბ ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან. ოთხი საისტორიო ნარკვევი. თბ., 1989.
  14. Wikipedia. Trebizond.
  15. A. Bryer. A.The Crypto-Christians of the Pontos and.... London. 1988.
  16. გაბაშვილი ტ., ”მიმოსვლა", ”ქართული მწერლობა", ტ. 8, თბილისი, 1990.
  17. W. Miller, Trebizond: The Last Greek Empire of the Byzantine Era, Chicago, 1926. L.
  18. დ. ბაქრაძე. III-2.
  19. დავით ნინიძე. საქართველო-ბიზანტია-ტპარიზონის დიპლომატიურ ურთიერთობათა ისტორიიდან. ქართული დიპლომატია. წელიწდეული. IV. თბ., 1997.
  20. H.F.B. Lynch, Armenia, London 1891/Beirut 1965.
  21. Salia, “The destruction in Turkey of the tomb of Solomon II, King of Georgia”, Bedi Kartlisa, N. 8, November 1950.
  22. ზ. ჭიჭინაძე. ”ალი-ფაშა თავდგირიძე...". ი. კოპლატაძის რედაქტორობით. თბ. 2007.
  23. A. Bryer. "The Pontic Greek before the Diaspora".