“ამ სავანეში ყოველიფერი საქართველოს მოგაგონებს... უცხოეთში გადმოტყორცნილო ქართველო რა რწმენისა და მისწრაფებისა გინდა იყო, მოდი ამ სავანეში... სულით განახლებული წადი ქართველო და ჩაები ცხოვრების ტალღებში... შენ თუ არა, შენი შვილი ან შვილის-შვილი მაინც ნახავს ბრწყინვალე ხანას საქართველოსას და ქართველი ხალხისას” - წერდა სტამბოლის ნოტრდამ დე ლურდის ქართული ეკლესიის შესახებ ევგენი დალეჯიო დ’ალესიო 1921 წელს (I.30-32).

IK

თუმცა, პირველი ქართული კოლონიები სტამბოლში გაცილებით უფრო ადრე, საუკუნეების წინ დამკვიდრებულა.

1899 წელს მიხეილ თამარაშვილის მიერ შედგენილ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ 33 ქართულ სავანეთა შორის სულ ბოლოს მოიხსეინება IXს-ის "წმიდათა მოციქულთა" სახელზე აგებული სტამბოლის უძველესი ქართული სავანე "რომანის ხევის იმ ადგილს, რომელსაც ერქვა სოსთენი", სადაც იმპერატორ ბასილ მაკედონელის ბრძანებით მისმა შვილებმა, ლეონმა და ალექსანდრემ თესალონიკიდან გადმოასვენეს წმიდა ილარიონ კახეთელის სასწაულმოქმედი ნეშთი, ხოლო ოლიმპიდან ღვთისმსახურებისთვის მოიწვიეს მისი ორი ქართველი მოწაფე: "ქალაქში ორი სავანე უნდა ყოფილიყო: ერთი სოსტენისა კონსტანტინოპოლის გარე მიდამოებში და მეორე ანასტაზიასი თვით შიგ ქალაქში". ამასთან, ქალაქში ოდითგანვე არსებობდა ქართული საცხოვრებელი უბნებიც, რომელთაგან ყველაზე ძველი ყოფილა "გურჯი-კაპუ" გალათის რაიონში, ხოლო XVIIს-დან, ოსმალთა პერიოდში - "ვეზირ-ხანი". გალათის მიდამოებშივე არსებული იტალიური წმიდა პეტრეს ეკლესიაც ქართველთა სამრევლოდ ითვლებოდა, ხოლო I მსოფლიო ომამდე ქართველ მღვდლებს "პერის უბანში, პაპას-კვეპრშიც ჰქონდათ პატარა სასწავლებელი და ეკლესია". მეტიც, 1860 წლამდე სტამბოლის ქრისტიანულ სასაფლაოზე მიცვალებულთა საფლავებს ქართული წარწერები ჰქონდა, რომელთა ნაწილი XX ს-მდეც შემორჩენილა. უძველეს მათგანზე ვკითხულობთ: "საფლავსა ამას შინა მწოლარე არს ახალციხელი ივანეშვილი პავლე. ქორონიკონი ჩღბ (1702)" (I.18-32).

XVII საუკუნეში, ინგლისის საელჩოს მაშინდელი დიპლომატი, რიკოტი შენიშნავდა, რომ თურქეთის სამეფო კარზე ხშირად ჩნდებოდნენ ქართული წარმოშობის მოხელეები: ფაშები, ვეზირები თუ დიდვეზირეები. სტამბოლში თანდათან ფეხს იკიდებდნენ ქართველი ვაჭრებიც და ხელოსნებიც. ამ გზით მომრავლებული ქართველობა თავისებურ ელფერს აძლევდა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ მარადიულ დედაქალაქს: ამ დროს უკვე ჩვეულებად იყო ქცეული "სულთნის სასახლეში ქართული, მეგრული, ბოსნური და სხვა ლაპარაკი" (II.148).

XVIII ს-ში ქართველთა ძირითადი თავშესაყარი იყო ეინი ჯამეს უბანი. "ეინი ჯამე - წერდა სტამბოლელი კორესპონდენტი, - საცა ახლა ვაჭრობენ, ქართველთა ბუდეა ძველი ძველთავე" (III). აქ ქართველებს შეძენილი ჰქონდათ სასტუმრო სახლები, ე.წ. "ოდები", რომლებიც ქარვასლებისა და სავაჭრო ფუნქციებსაც ასრულებდნენ. 1859 წ-თვის სტამბოლში 21 ასეთი "ოდა" ყოფილა, რომელთა საქმეს წარმართავდნენ ეკლესიის მიერ არჩეული ე.წ. "სინდიკები": ივ. მეფისაშვილი, პ. და ი. ბეჟანიშვილები, ი. ხითარიშვილი, ი. თუმანიშვილი...

XIXს-ის მეორე ნახევარში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ახალციხელი პეტრე ხარისჭირაშვილი. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ 1842 წელს ის ახალციხეში აკურთხეს მღვდლად, 50-იანი წლებიდან ხიზაბავრაში გადაიყვანეს, ხოლო 1856 წელს საზღვარგარეთ წავიდა. 1858 წლიდან მან ვენეციაში ქართულ ენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული და თეოლოგიური წიგნი გამოსცა. მალე პეტრე ხარისჭირაშვილმა თავისი საქმიანობით ვატიკანის ყურადღებაც დაიმსახურა და 1859 წელს სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაციის შექმნის ნება მიიღო - ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს მან დააფუძნა სტამბოლის ღმრთისმშობლის ეკლესია, ნოტრდამ დე ლურდი; 1870 წელს - ქართული სტამბა, მამათა და დედათა მონასტრები, ქართულ-ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები (IV. 152-155).

IK

მარტო 1877-81 წლებში სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა 25-მდე სხვადასხვა წიგნი. 1907 წლისთვის გამოარჩევდნენ "36 მოზრდილი სახის" უნიკალურ ქართულ წიგნს, მათ შორის ტყავზე ნაწერ ოთხთავებს, იოანე პეტრიწის "მარგალიტის" თარგმანს, ანტონ კათალიკოზის "რიტორიკას", ევროპაში საბა-სულხანის მოგზაურობას... ქართული მონასტრის სტამბა მუშაობდა 1940 წლამდე. დღესდღეობით მის არქივში 1523 წლიდან 1980 წლამდე დათარიღებული უამრავ ენაზე დაწერილი ჩვენთვის ცნობილი თუ სრულიად უცნობი 80 000-ზე მეტი წიგნი, ჟურნალი და გაზეთი ინახება, მათ შორის 1914-16 წლების ქართული ლეგიონის არქივიც...

1876 წლის მარტში ფრანგული გაზეთი "ინდეპენდატ ბელგიეში" ქართული სკოლის შესახებ წერდა: "ამჟამად ამ სკოლაში 160 ყმაწვილი სწავლობს" (V.72-77). XIX საუკუნის ბოლოდან, სრულიად უსასყიდლოდ იქ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ევროპაში ნასწავლმა მუსლიმმა ქართველმა მემარნემ (მემარნიშვილმა).

1900 წლისათვის სტამბისა და სკოლის შესანახად ქართულ საძმოს ჰქონდა 5 დუქანი, საქონლის ფერმა და სხვა სავაჭრო ობიექტები, რომლის წლიური შემოსავალი 4 000 მანეთზე მეტი იყო. ძმობას ბანკში დაბანდებული ჰქონია 45 000 მანეთი. ქართული მონასტერი შეწირულობებს საქართველოდანაც ღებულობდა: 1916 წლის 22 ივნისს, როცა ახალციხეში გარდაიცვალა მღვდელი პავლე ყალაიჯიშვილი, მან 10 000 მანეთი ანდერძით დაუტოვა სავანეს. ცნობილია ისიც, რომ ქართველი ქველმოქმედი სტეფანე ზუბალაშვილი ყველაზე მეტად ეხმარებოდა მიხეილ თამარაშვილს, რომლის მოღვაწეობაც ასევე დიდად იყო დაკავშირებული სტამბოლის ქართულ მონასტერთან. ნოტრდამ დე ლურდის მნიშვნელობა იმდენად გაზრდილა, რომ მას თვით სულთანი აბდულ ჰამიდი პატრონობდა. გაზეთი "ჯვარი ვაზისა" და მაშინდელი სტამბოლის პრესა აღნიშნავდა, რომ 1893 წელს სულთანმა ქართული სკოლა უხვად დაასაჩუქრა, ხოლო სკოლის დირექტორს, ანდრია წინამძღვრიშვილს 150 ოქრო და ორდენის მეოთხე ჯვარი უბოძა. ცერემონიაზე თურქეთის სახალხო სკოლების ზედამხედველმა ისმაილ-ფაშამ ქართულ ენაზე მიმართა სტუმრებს (III.7).

1911 წელს პაპას-კვეპრის სასწავლებელში, შალვა ვარდიძის ბინაში, შეიქმნა ქართველთა კლუბი, "განურჩევლად რწმენისა და ხარისხისა", რომელსაც ყოველთვის ესწრებოდა არანაკლებ 150 ქართველი, მათ შორის ფაშები, მინისტრები, დეპუტატები, გენერლები, ოფიცრები, ვექილები, ექიმები, ვაჭრები, მოხელეები და სტუდენტები (I.10).

ქართველ მოძღვართა ძალებით სტამბოლში ფაქტიურად 3 სკოლა მუშაობდა: "ფერიქვევის, იენიშარისა და უსკუდრის" (IV.190). სწავლება მიმდინარეობდა ქართულ-ფრანგულად, თურქულ-ფრანგულად და ბერძნულ-ფრანგულად. საღვთისმეტყველო საგნების გარდა, ქართულ სკოლაში ისწავლებოდა: ქართული ენის გრამატიკა, ქართული ლიტერატურა და ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია, სამედიცინო საქმე, ფრანგული და ლათინური ენები. დიდი რუდუნებით ასწავლიდნენ იაკობ გოგებაშვილის "დედაენას", შოთა რუსთაველს, დავით გურამიშვილს, სულხან-საბას, ნიკოლოზ ბარათაშვილს, ილიას ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა და ვაჟა ფშაველას! საკმარისია ითქვას, რომ დიდი ქართველი მეცნიერი, მიხეილ თამარაშვილი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე "მეორე ქართლის ცხოვრების შემქმნელს" უწოდებდა, ქართულ სკოლაში 1895-97 წლებში ფილოსოფიასა და თეოლოგიას ასწავლიდა. ქართული კოლონიის პოპულარობას საძმოს წევრების ავტორიტეტთან, პრესტიჟულ სკოლებთან, ბიბლიოთეკასთან, სტამბასთან თუ ორკესტრთან ერთად, მარიამ ღმრთისმშობლის ქანდაკების სასწაულმოქმედი ძალაც განაპირობებდა, რომელიც პეტრე ხარისჭირაშვილმა სხვა ჯვარ-ხატებთან ერთად სპეციალურად პარიზიდან ჩამოიტანა 1861 წელს.

1908 წლის 26 აპრილს, მონასტერში გადაიხადეს აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და ბიბლიოთეკასაც მისი სახელი მიანიჭეს: "აქ სამი რიგის ქართველები არიან - წერდა სასწავლებლის მოძღვარი სტეფანე გიორგაძე 1909 წელს - კათოლიკენი, არა კათოლიკენი და მაჰმადიანი" (VI.81). ამით აღფრთოვანებული დომინიკე მუღაშაშვილი, რომელიც რედაქტორობდა "ჯვარი ვაზისას", იმავე ნომერში წერდა: "მე ამაში ზეგარდმო მადლს ვხედავ და ვრწმუნდები, რომ სამი სარწმუნოების სამი შვილი ქართველთ გვაროვნებისა ისევ ერთს ხეზე ყოფილა დამყნილი და თავის ფესვებს არ მოშორებია". სტამბოლში მცხოვრები მუსლიმი ქართველების რიცხვი კი, 1870-80-იანი წლებისათვის, შ. ლომსაძის ცნობით, შეადგენდა დაახლოებით 30-ათას კაცს (IV.146). ამიტომ არ არის გასაკვირი რასაც 1911 წელს "სახალხო გაზეთი" წერდა: "1880-90-იან წლებში სტამბოლის არც ერთ სამლოცველოს იმდენი მრევლი არ ესწრებოდა, რამდენიც ქართულ მონასტერს" (VII). "Les fon les de Leude Paris-ში" (1906) ჰუისმანი აღნიშნავდა: "ქართველთა მონასტერი გადაიქცეოდა მეორე Massabi elle-დ, სადაც მლოცველები ისე უხვად არიან, როგორც გავის სანაპიროზე" (VIII.670-671).

უკანასკნელად ქართული წირვა ეკლესიაში ანდრია წინამძღვრიშვილმა 1911 წლის ნინოობაზე აღავლინა. "სახალხო გაზეთის" კორესპონდენტი წერდა: "ამ დღეს ეკლესიის ტრაპეზის თავზე აღმართული იყო წმინდა ნინოს დიდი ხატი... ქართული სიმღერები საოცრად იგალობა საეკლესიო გუნდმა, რომელსაც ლოტბარობდა იტალიიდან ახლად დაბრუნებული კონსტანტინე საფარაშვილი. გუნდი მღეროდა "ოთხ ხმაზე"... ქართველები შორეულ კონსანტინოპოლში თავიანთ მშობლიურ ენაზე სწირავდნენ და სიხარულით ტიროდნენ" (VII).

IK

IK

ქართველ კათოლიკე მოღვაწეებს რუსეთის იმპერიის მიერ იმთავითვე აკრძალული ჰქონდათ საქართველოში ჩამოსვლა, რადგანაც ამ სავანის მე-4 წინამძღვრის, პიო ბალიძის განცხადებით, "ეს საზოგადოება დასაბამიდან დღემდის თავისი არსებობით უცხოეთში, ცოცხალი პროტესტის ნიშანი იყო რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის წინააღმდეგ" (I.29).

სტამბოლელ ქართველთა ქრონიკის ცალკე ფურცელია 1921-24 წლები, როდესაც, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდგომ ბათუმიდან სტამბოლში დაიწყო ქართველთა რამდენიმე-წლიანი მიგრაცია. ნიკოლო მიწიშვილი მოგონებებში წერდა: "სტამბოლი 1922 წელს... პროსპექტი პერა... აქ ნამდვილი ბაბილონია... და საკვირველია!.. დღეს ამ ქალაქში ქართველები შემოხიზნულან" (IX.41,38). 1924 წელს რუსეთთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირიც, ქაქუცა ჩოლოყაშვილიც მის "შეფიცულებთან" ერთად სტამბოლს შეეხიზნა... ამგვარად, 1920-იან წლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა ქარტეხილებით თავმოყრილ "სტამბოლის ზღაპარში" სხვებთან ერთად ირეოდნენ ყოველდღიურ საშოვარზე წამოსული ქართველი "შოფრები" თუ ვაჭრები, ხელოსნები თუ მუშები, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია თუ მისი დევნილი მთავრობის წევრები სრული შემადგენლობით, მწერლები და მსახიობები...

დამოუკიდებლობის პერიოდში დიდი გასაღება ჰქონია აქ ქართულ ნახშირს, მარგანეცს, ხე-ტყეს, ღვინოს, რომელიც მეტოქეობდა ფრანგულ, იტალიურ თუ ადგილობრივ ღვინოებთან, ხილს, შაქარს... პერის და გალათის უბნებში გაიხსნა ახალი რესტორნები და სასტუმროები; სტამბოლის გავლით იტალიის, ინგლისის, ჰოლანდიის და საბერძნეთის მიმართულებით ბათუმიდან და ფოთიდან კვირაში სამჯერ მოძრაობდა გემები; ყველა ამ საქმეში ქართველ ბიზნესმენებს აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს კონსული სტამბოლში, იოსებ გოგოლაშვილი. (I,40-46) საქართველოს მთავრობა ფიქრობდა ბანკის გახსნაზეც, თუმცა, ბედის ირონიით, ბანკის ნაცვლად თვითონ აღმოჩნდა სტამბოლში.

ამ დროს ქართული მონასტრის ბერებმა ქართველ ემიგრანტებს დიდი დახმარება გაუწიეს: "თითოეულ ოთახში სამი, ოთხი კაცი ცხოვრობდა, მაგრამ მონასტერში ყოფნა მაინც კომფორტი იყო, ვინაიდან ქართველი ლტოლვილები დღითი დღე ღარიბდებოდნენ", წერდა ამ მოვლენების თვითმხილველი ნ. მიწიშვილი. ისტორიულ ქარტეხილს თავის უკანასკნელ გზაზე სტამბოლში გადმოუსროლია დიდი ქართველი მეცნიერი და სამხედრო გენერალი, გიორგი ყაზბეგიც, რომელმაც 1874 წელს "ჩაქურათ გამოწყობილმა და მაჭახლურს იარაღში ჩასმულმა" (ზ. ჭიჭინაძე) 3-თვიანი ექსპედიცია ჩაატარა ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში, იყო "ილია ჭავჭავაძის მახლობელი ამხანაგი", რომელმაც ილიას მკვლელობის შემდეგ თავად გააგრძელა მისი საქმე: 1908 წლიდან ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობამდე (1918) იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე (1908-18წწ), ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918-21) - საპატიო თავმჯდომარე. 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს რუსეთის მხრიდან დაპყრობის შემდეგ კი ღრმად-მოხუცებული გიორგი ყაზბეგი საბოლოოდ გაუჩინარდა... ზაქარია ჭიჭინაძისვე სიტყვებით: "ბოლოს, საქართველოს ყოფილ მთავრობას სტამბოლში გაჰყვა და ეს ყოვლად პატიოსანი კაცი, საქართველოს ერისა და მწიგნობრობის მოყვარე იქ გარდაიცვალა და იქვეა დასაფლავებული" (X). სპეციალურ ნუსხაში იმ ქართველ ემიგრანტთა შორის, რომლებიც მონასტრიდან საკვებ დახმარებას იღებდნენ, მისი სახელი და გვარიცაა მოხენიებული; მომდევნო წლის სიაში კი მის გასწვრივ ერთი სიტყვაა მითითებული: გარდაიცვალა... თითოეული ჩვენთაგანის ვალია ვიპოვოთ და შესაბამისი პატივი მივაგოთ ამ დიდი ქართველი მეცნიერისა და გენერლის საფლავს...

სტამბოლის "ნოტრდამ დე ლურდის" დღემდე უცნობი კულტურული მემკვიდრეობა შემოინახა პავლე ზაზაძის ოჯახმა სიმონ და უმცროსი პავლე ზაზაძეების ხელმძღვანელობით. პავლე ზაზაძე წლების განმავლობაში მეურვეობდა სტამბოლის ქართულ კერას. ბ-ნი სიმონ ზაზაძისა და "საქართველო-თურქეთის განათლებისა და კულტურის ფონდის" კეთილი ნებით, წლების განმავლობაში არქივის ინვენტარიზაციაზე მუშაობს შ. ფუტკარაძე. ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა ქართულმა ორგანიზაციებსაც, მათ შორის თი-ბი-სი ბანკმაც... ჩვენი საერთო ისტორიის ამ ამაღელვებელი ფურცლების შესწავლის გარდა თურქეთის და საქართველოს საზოგადოებამ სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად სათანადოდ უნდა დააფასოს პავლე და სიმონ ზაზაძეების ღვაწლიც ორი ქვეყნის კულტურული დაახლოების საქმეში: მათ ხომ "...საქართველოს თავისუფლებისათვის პირნათლად შასრულეს თავიანთი მოვალეობა. ამათი სასყიდელი მხოლოდ ის იქნება, რომ თავისუფალმა საქართველომ და ქართველმა მოღვაწეებმა მისცენ მათ... უფრო მეტი ზნეობრივი დახმარება და ყოველგვარი საშუალება, რათა უფრო ფართე ფარგლებში შესძლონ მათ მოღვაწეობა საქართველოში და ქართველ ხალხში" (I.33).

IK

...პავლე და სიმონ ზაზაძეებმა 2007 წელს საქართველოს ღირსების ორდენი მიიღეს.

აღნიშნული მასალა სათაურით: “ქართველები და სტამბოლის ზღაპარი” დაიბეჭდა თურქულ-ქართულენოვან ჟურნალში “ფიროსმანი” (2007, 3).

ბიბლიოგრაფია

  1. ევგენი დალეჯიო დ’ალესიო. "ქართველები კონსტანტინოპოლში". პ. შალვა ვარდიძის თარგმანი. სტამბოლი. "ქართული სავანე". 1921. გვ. 30-32.
  2. გ. ტივაძე, "ოსმალეთის დერვიშობა... XVI ს-ში", 1946
  3. გაზ. "ჯვარი ვაზისა" 1906, N18
  4. შოთა ლომსაძე. "მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი". თბ. 1984.
  5. ზ. ჭიჭინაძე. "აბატი ხარისჭირაშვილი", 1895.
  6. ხელნაწერთა ინსტიტუტი, მ. თამარაშვილის პირადი ფონდი, საქ. N69
  7. "სახალხო გაზეთი". 1911. N232
  8. M. Tamarati, L’eglise Georgienne
  9. ნიკოლო მიწიშვილი. "ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან".
  10. გაზ. "ტრიბუნა". N 99-100. 1921