ექსპედიციის შედეგებთან ერთად ტექსტში გთავაზობთ თარგმანებს პროფ. ა. ბრაიერის ნაშრომებიდან:

"პონტოს კრიპტო-ქრისტიანები და ტრაპიზონის კონსული უილიამ გიფფორდ პელგრეივი", "პონტოს პოსტ-ბიზანტიური მონუმენტები", "ლაზების უკანასკნელი აღორძინება და დაცემა" და "ბიზანტიური მაჭუკა".

როგორც ცნობილია, ტრაპიზონის დაცემისას 1461 წლისათვის მოსახლეობის თითქმის 100% ქრისტიანი (მართმადიდებელი) იყო. ოტომანთათვის დამახასიათებელი იყო მუსლიმების ქრისტიანულ ქალაქებში ჩასახლება და პირიქით, ქრისტიანების გადასახლება ოტომანთა ისლამურ ნაწილში. ამის შედეგად, 1486 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობის უკვე 19% იყო მუსლიმი და 81% - ქრისტიანი (მართმადიდებელი). სულ მალე, ხალხმა თავისით დაიწყო შიდა მიგრაცია თავ-თავიანთ ტერიტორიებზე: მუსლიმები უკან, ხოლო ქრისტიანები ისევ ტრაპიზონში ბრუნდებოდნენ. 1523 წლის მონაცემებით, მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა დაეცა 14%-მდე, ხოლო ქრისტიანებისა - აიწია 86%-მდე. ტრაპიზონის წინაშე რეალურად დადგა იმის საშიშროება, რომ ის კვლავ სრულიად ქრისტიანული ქალაქი გამხდარიყო. ამას მოჰყვა მეორე დეპორტაცია. 1553 წლისთვის მუსლიმი/ქრისტიანის თანაფარდობამ შეადგინა 47/53%, ხოლო 1583 წლისათვის - 46/54%. თანაფარდობამ კრიტიკულ ზღვარს მაშინ მიაღწია, როცა ქრისტიანულმა ელემენტმა შეადგინა 55%. ამასთან აღსანიშნავია, რომ 1583 წელს მთელი მუსლიმი მოსახლეობის 43% იყო პირველი და მეორე თაობის მუსლიმი. ა. ბრაიერი აღნიშნავს, რომ ბიზანტიელებისაგან განსხვავებით, აქაური მართმადიდებლების გათურქების პროცესი იოლად არ მომხდარა (I. გვ.24).

შემდგომში, გამუსლიმების მიუხედავად, მოსახლეობამ მაინც შეინარჩუნა თავისი ენა, თუმცა კი, საუკუნეთა შემდეგ, ღრმა მორწმუნე გახდა. ამ პროცესების შესახებ უნიკალურ მასალას გვაწვდის ამ მოვლენების თვითმხილველი, დიდი ბრიტანეთის მაშინდელი კონსული თურქეთში, უ. გ. პელგრეივი. პელგრეივი თავდაპირველად, 1866 წლის ივლისში, გაიგზავნა ბრიტანეთის საკონსულოში "სოხუმ-ყალეში, რუსეთის აფხაზეთში" (I. გვ.26), ხოლო შემდეგ მალევე - ტრაპიზონში. 1867 წლის 17 აპრილს მან მოამზადა პირველი სპეციალური ანგარიში ბრიტანეთის საგარეო უწყებისათვის ტრაპიზონის ქურუმლების შესახებ: "ქურუმლები, ანუ სოფ. ქურუმლის მკვიდრნი, რომელიც განლაგებულია ტრაპიზონსა და ერზერუმს შუა, ოდნავ აღმოსავლეთით, შეადგენს ორი ათას კომლს, ანუ ათი ათას სულს" (I. გვ.65). პელგრეივი, წინა კონსულების მსგავსად, აღწერს რუსეთის გენერალური კონსულის მაქინაციებს ქურუმლების საკითხის ირგვლივ. რუსეთის შემოსვლის შემდეგ 1829 წელს, როდესაც რუსებმა აიღეს თავად ქურუმიც, 90 000-მდე ქურუმლი გადასახლდა რუსეთის კავკასიაში, ძირითადად, საქართველოში. ქრისტიანებად გამოცხადების შემდეგ მათ შეეძლოთ არა მარტო სამხედრო სამსახურისადმი თავის არიდება, არამედ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ განთავისუფლებულიყვნენ ოტომანთა ქვეყნის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულებისაგან. რუსეთის ასეთი გააქტიურება, რომელიც მოგვიანებით ბუმერანგივით ისევ ქურუმლებს შემოუბრუნდათ ტრადიციული რუსული თვითმყრობლური პოლიტიკის გამო, აღიზიანებდა არა მარტო თურქეთს, არამედ დასავლეთსაც. ცხადი იყო, რომ ქურუმლები გამოვიდნენ "პაიკების" როლში დასავლეთის, რუსეთისა და ოტომანთა იმპერიის დიდ პოლიტიკურ თამაშში.

პელგრეივი მის საპარლამენტო ანგარიშში ქურუმლების შესახებ საუბრობს როგორც დიდ რასობრივ ანტიკურობაზე, მოიხსენიებს რა მათ როგორც ქსენოფონტეს ათი ათასი მხედრის მემკვიდრეთ. აღწერს რა ტრაპიზონის ღირსეშანიშნაობებს, პელგრეივი მოიხსენიებს რიზეს კედელს, როგორც VIII-IX საუკუნეების "ლაზურ ნაგებობას" (I. გვ.28).

იმ კრიპტოქრისტიანთაგან, რომლებიც 1857 წელს "აღმოცენდნენ", ყოველმხრივ გამორჩეულები იყვნენ პონტოს ქურუმლისები და სტავრიოტაები, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ ტრაპიზონ-გუმიშხანეს ზოლიდან აღმოსავლეთით. ა. ბრაიერი მიიჩნევს, რომ ისინი არ არიან ერთი რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ცხადია, რომ აქ საუბარია ეთნიკურ ბერძნებზე, ლაზებზე, ქართველებსა და ჰემშინ სომხებზე, რომლებიც კრიპტოქრისტიანი მუსლიმები იყვნენ ზამთრის ველებზე, ხოლო ქრისტიანები - ზაფხულის მაღალმთიან საძოვრებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ კრიპტო-ქრიატიანთა უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში დაბლობი ადგილებიდან პერმანენტულად მიიწევდა მაღლა მთაში, სადაც მეტი თავისუფლებაც ჰქონდათ თურქო-კრატიისაგან, ნაკლები რეპრესიებიც და გადასახადებიდან თავის არიდების ხელსაყრელი გარემოც. დამყარდა ერთგვარი კორელაცია სიმაღლესა და თავისუფლებას (მათ შორის, სინდისის თავისუფლებას) შორის, თუმცა ეს უფრო ე.წ. "სეზონური თავისუფლება" იყო. ეს ხალხი, რომლებიც "აღმოცენდა" 1857 წელს და "გამრავლდა" მთელი XIXს-ის განმავლობაში, სხვადასხვანაირად იწოდებოდნენ: მესო-მესო, პარამესოი და დიფისტია; სერბიაში დროვერსტვო; კვიპროსში - პატსალოი (ჰიბრიდები,), აპოსტოლიკოი (გარეულები) ან ლინივამვაკოი (linen-cottons); ალბანეთში - ლარამანოი (motleys); არსებობდნენ კრიპტო-მარონაიტები ლიბანში და კრიპტო-კოპტები კაიროში; კურმულიდესი კრეტაში და ქურუმლიდესი (ქურუმლისი), სტავრიოტაი, სანტაოი ან უბრალოდ, კლოსტოი, ანუ ცლოსეტ (ფარული) ქრისტიანები პონტოში. მათი ცენტრი იყო სუმელას მონასტერი (რაც ლაზურად "სამების მონასტერს" ნიშნავს), სადაც XIX საუკუნეში ათასობით მუსლიმი კრიპტო-ქრისტიანი პილიგრიმი მიდიოდა აღმსარებლობისათვის.

IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

IG IG

IG


მომავალ საუკუნეებში კრიპტოქრისტიანობის მასობრივი გამოვლენისა (მხოლოდ ყირიმის 1856 წლის ომის შემდეგ 17 260 კრიპტოქრისტიანმა აღიარა თავისი რწმენა) და მართმადიდებელი რუსეთის აშკარა მხარდეჭრის გამო 1829, 1877 და 1916 წლებში ქალდიელები იძულებულნი იყვნენ მასიურად გადასახლებულიყვნენ რუსეთში, ძირითადად საქართველოში. სუეცის არხის გახსნის შემდეგ, 1869 წელს, ტრაპიზონისა და რუსეთის მხრიდან ქურუმლისებისა და ბერძნების საკითხით "ვაჭრობამ", მათ შეუწყვიტა ის უმნიშვნელო როლიც კი, რომელიც ამ უკანასკნელთ ენიჭებოდათ როგორც ცარისტული რუსეთის მხრიდან საფრთხეს ბრიტანეთის ინდოეთთან მიწისზედა კომუნიკაციისათვის. ტრაპიზონი დაუძლეველ ჭაობში ჩაეფლო. 12-30 000 კაცის გაქრისტიანების პროცესი 1910 წლამდე გადაიდო. პელგრეივი სინანულით აღნიშნავს, რომ ეს მოხდა ოტომანების ბოლო კონსტიტუციის მიღებიდან ორი წლის შემდეგ და უფრო რუსებისა და ფრანგების, ვიდრე ბრიტანეთის დიპლომატიური ზეწოლის გამო. რუსეთის მხრიდან ქურუმლების მუდმივი ექსპლუატაციის გარდა პელგრეივი აღნიშნავდა იმ ფაქტსაც, რომ ისინი მუსლიმების მსგავსად, ატარებდნენ იარაღს; ისინი არ გადიოდნენ სამხედრო სამსახურს, ქრისტიანების მსგავსად; მაგრამ სხვა ქრისტიანებისაგან განსხვავებით - არც გადასახადებს არ იხდიდნენ. პირველად თურქეთის ოფიციალური პირები თავად ქურუმლიში ავიდნენ მხოლოდ 1914 წელს (!), ანუ მხოლოდ რუსების შემოსვლის წინა პერიოდში. აღსანიშნავია, რომ რუსების შემოსვლის შემდეგ (ხოლო რუსები გუმიშხანეშიც კი შევიდნენ), ბევრი ქურუმლი, ბერძენი და სომეხი რუსეთში (საქართველოში) გადასახალდა, გამოყვა რა პასკევიჩს, რათა დაეარსებინათ იქ პონტოს სოფლები კავკასიაში (რა თქმა უნდა, ძირითადად, ისევ საქართველოში. საგულისხმოა, რომ ქართველ, კერძოდ კი წალკიდან წასულ ბერძნებს დღეს საბერძნეთსა და კვიპროსში "პონტიელ ქართველებს" ეძახიან).

შეშფოთებული პელგრეივი იმ პერიოდში ერთიმეორეზე მიყოლებით ინტენსიურად წერს ბრიტანეთის საგარეო უწყებას: "ივლისში (1857წ.) 600 ბერძნული ოჯახი სოფ. სანტადან გადასახალდა ფოთში, რუსეთში, სადაც რუსეთის კონსული მათ დაპირდა სამუშაოს პორტისა და ქალაქის მშენებლობაზე"; "ქრისტიანთა დეპორტაცია გრძელდება და იზრდება ყოველდღიურად, მათ შორის ვინც ბოლოს წავიდა ქუთაისში იყო 2 სომეხი ვაჭარი"; "მე ვწუხვარ გაუწყოთ, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოში აგრძელებს რუსული პასპორტების გაცემას იმ ოტომან სუბიექტებზე, რომლებიც თურქეთის ამ მხარეში ცხოვრობდნენ"; "წარმოუდგენელია ჩამოთვლა იმ ტრაპიზონელებისა, რომელთაც გამოთქვეს რუსული პროტექტორატის ქვეშ გადასავლის სურვილი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში"; "წინა კვირას 30-კაციანი ჯგუფი გადავიდა საქართველოში პასპორტებით კარაჰისარიდან, პლატანადან, და ამ პაშალიკის სხვა ნაწილიდან" (I. გვ.30).

აი, პელგრეივის ჩამონათვალი იმ დასახლებული პუნქტებისა, სადაც კრიპტო-ქრისტიანები ცხოვრობდენენ: 1. ქურუმი; 2. იაგილდერე; 3. სტარვი ზიგანითურთ; 4. სანტა; 5. ქალდია (გუმიშხანე); 6. თორული; 7. მაჭკის ველი, ანუ ვაზელონის ეპარქია; 8. სუმელას ეპარქია; 9. გალიანას ხეობა, ანუ პერისტერეოტას ეპარქია; 10. ლერის (ლორის) ველი; 11. კელკიტი; 12. ჭერიანა; 13. ჭანჭრაკი; 14. ბულანჩაკი, ანუ დასავლეთ გირესუნი; 15. საკუთრივ ტრაპიზონი (I. გვ.32).

IG

IG IG

IG IG

IG

 

ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა მაჭუკელი ქრისტიანობისა და გიორგი ამირიძის "ენიგმატური გენიის" დღემდე ამოუცნობი ფენომენი. პონტოს ქალდია, დედაქალაქით ტრაპიზონში, ითვლებოდა ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრად და სამხედრო პროვინციად 820-იან წლებში. აქ მდებარეობს მაჭუკა და ცხოვრობენ მაჭკელები, ცენტრით ვაზელონის მონასტერში. ა. ბრაიერის აზრით, ტრაპიზონის სხვა ბანდონებისგან მისი ძირითადი განმასხვავებელია ის, რომ მაჭკელებმა გაცილებით უფრო ძლიერად შეინარჩუნეს ქრისტიანობა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ბანდონმა ტრაპიზონის დაცემის შემდეგ 1461 წელს, ისინი არ არიან ბერძნული წარმოშობის, არიან მართმადიდებლები და გააჩნიათ თავისი მკვეთრად გამოხატული ენობრივი დიალექტი. მაჭკის გეოგრაფია და 59 მონუმენტი აღწერილი აქვს ა. ბრაიერსა და დ. უინფილდს მეორე ნაშრომში "პონტოს ბიზანტიური მონუმენტები და ტოპოგრაფია" (I. XXI Section).

1857 წლის მონაცემებით მაჭკას მოსახლეობის 89% ქრისტიანი იყო!

1973 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა 41 105 კაცს შეადგენდა. მოსახლეობის სიხშირის მიხედვით 60 კვ.კმ დასახლებულია ზღვის დონიდან 1500მ სიმაღლის (ალპური ზონის) გასწვრივ. 14 კვ.კმ მოიცავს დაუსახლებელ მთიანეთს. დასავლეთ ევროპის მასშტაბებით, ეს ზღვის დონიდან უმაღლესი დასახლებაა. ა. ბრაიერის მოსაზრებით, მაჭკის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე, 1000მ სიმაღლეზე ზემოთ, ბერძნული დასახლებების გამოჩენამდე - XVII საუკუნეში პონტოს სოფლის დასახლებები გავრცელებული იყო კავკასიურ ყაიდაზე (გვაროვნული კლანები, თემური მოწყობა და ხევისბერის ინსტიტუტი), რაც სრულიად უცხოა ბიზანტიური კულტურისათვის. მისი აზრით, ამ ადგილებისა (ტრიკომია, მაჭკა, გემორა თუ სურმაინა) და ადამიანთა სახელები ძალიან ჰგავს სომხურ კანტონებსა თუ ქართული დასახლებების სახელებს. ანალოგიური ფენომენი შეინიშნება დრექსენეში, რომელიც ახლა ტეჩანში მდებარეობს. ამას ჩვენ დავუმატებთ მაჭუკასა (დიკაისიმონ-ჯევეზლიკ) და მისი შემოგარენის ისეთი დასახალებული პუნქტების სახელებს, რომელსაც სხვადასხვა ადგილას თავად ა. ბრაიერიც მოიხსენიებს, თუმცა მის კავკასიურ (ქართულ) წარმომავლობაზე არაფერს ამბობს. კერძოდ: ჭანიჭა-ჭანიჭათი-არგიროპოლის-გიუმიშხანე, ანუ "ვერცხლის ქალაქი"; ჭოითურა, ჭერიანი-ჭერიანა-ულუშირან, ჭითე-ბუიუკჩით - გუმერას მონასტრით; ჭითა-დირლიკ; ე.წ, "პონტოს კარიბჭე" - "პარჭარია"; ჭიმპიკა-ზუმბიკა; იმერა თავისი ცნობილი საძოვრებით "ვაჟას" მთაზე; დორილა-თორული; იდუმალებით მოსილი და თვით ლაზებშიც კი ჯერ თავდადებული მართმადიდებლობით, ხოლო შემდეგ ისლამური ფუნდამენტალიზმისადმი ერთგულებით გამორჩეული ოფლისი-ოფი, ჩაიკარა, თორნიკე, დოუბერა-ლივერა-იაზლიკ და მრავალი სხვა.

IK

იმერას ეკლესია

აღსანიშნავია, რომ ჭანური ტოპონიმიკა ფართოდაა გავრცელებული დღევანდელ საქართველოშიც: ჭანიეთი, ჭანიეთური - სოფლები გურიაში (ოზურგეთი); ჭანისწყალი - მდინარე სამეგრელოში (წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის რაიონებში) (II. გვ. 382); ჭანიშვილი - გვარი გურიაში და ა.შ. თურქმენი მომთაბარეების შემოსევამდე მაჭკელები დაკავებულნი იყვნენ როგორც მესაქონლეობით, ასევე სოფლის მეურნეობით. ქვემო მაჭკის ძირითადი საქმიანობა იყო მევენახეობა-მეღვინეობა და ნაკლებად, ზეთის ხილის წარმოება. ღვინო განთქმული იყო, როგორც მინიმუმ, მთელი შავი ზღვის სანაპიროზე XIII-XVII საუკუნეებში.

მაჭკელთა გამორჩეული რაინდობის შესახებ ლაზაროპულოსი აღნიშნავდა: "მიუხედავად იმისა, რომ მაჭკელები მცირერიცხოვანნი და ცუდად შეიარაღებულნი არიან, ისინი მაინც გმირები არიან, მსგავსად ლომებისა, რომლებც არასოდეს აძლევენ თავიანთ მსხვერპლს თავის დაღწევის საშუალებას" (I. გვ.67).

მაჭუკელთა მმართველი ჭანიჭითას (Tzanichites) საგვარეულო სასახლეა ჭანიჭა (კანჭა), რომელიც შეიცავს XIV საუკუნის დროინდელ მოხატულ სამლოცველოს. 1461 წლამდე არსებული მაჭკის 4 სასახლიდან ორმა შეინარჩუნა XIV საუკუნის სამლოცველოს მოხატულობა - დოუბერამ და ვაზელონმა, რომლის ეკლესიაც ბოლო დრომდე კარგ მდგომარეობაში იყო შემორჩენილი (I. გვ72). აღსანიშნავია, რომ საქართველოს მომხრე ე.წ. "ტრაპიზონის პოლიტიკური დასის" კველვისას (XIV საუკუნის 30-40-იანი წლები) ივანე ჯავახიშვილი ამ გვარის იდენტიფიცირებას "ჭანჭიძეებთან" აკეთებს: "ჩაიგდეს თუ არა ვასილმა და ბიზანტიის მომხრეთაგან შემდგარმა პოლიტიკურმა დასმა ხელისუფლება ტრაპიზონში, მაშინვე მოწინააღმდეგე დასის ხოცვა-ჟლეტას შეუდგნენ. უპირველესად სიკვდილით დასჯილი იყო საკეისროს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელთაგან ერთი დიდი დუკა ლეკი ჭანჭიძე (ხაზგ. ივ. ჯავახიშვილისა) იყო, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო უფლებებით აღჭურვილი საქვეყნოდ გამრიგედ ითვლებოდა" (III. გვ. 147). ამ "ადგილობრივი წარმომავლობის გვარის" პროქართულ ორიენტაციაზე აშკარად მიუთითებს თურქი მეცნიერი მ. გოლოღლუც (IV. 186-187). ჭანიჭითის ქართულ (ჭანურ) წარმომავლობაზე მეტყველებს აგრეთვე ამ გვარის როგორც ფუძე (ჭანიჭი), ასევე სუფიქსი (თი), რომელიც, როგორც პავლე ინგოროყვა ადასტურებს "გიორგი მერჩულეში", როცა ის იკვლევს "მიჭიხიანის ხევის სულთა მატიანეს" (იგივე "ტბეთის სულთა მატიანე") - "ძე"-ს მნიშვნელობით იხმარებოდა განსაკუთრებით ლაზეთში, მესხეთსა და გურიაში (V. გვ. 96). აღსანიშნავია, რომ ე.წ. "ტბეთის სულთა მატიანის" ქართულ გვარებში (XI-XVსს) დაბოლოებით "ეთი" დაფიქსირებულია 73 გვარი, ხოლო ფუძით "ჭანი" გვხვდება გვარი "ჭანისზე" (VI. გვ. 162-63; 157).

IK

ჭანიხას ციხე

მაჭკას ისტორიაში ჭანიჭითების (ქალდიის ჭოითურის მონასტრისა და ვაზელონის მთავრების - დიდი გრანდ კონსტაბლისა და მაჭუკის კეფალის, კონსტანტინე ჭანიჭითეს, ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, "ჭანჭიძე") გვართან და ბესარიონთან (ტრაპიზონის ეგკომიონთან) ერთად, სრულიად განსაკუთრებული ფიგურაა წარმოშობით დოუბერელი (Doubera) გიორგი ამირიძის (Amouritzes, "ენიგმატური გენია", "ტრაპიზონის ფილოსოფოსი", "ტრაპიზონელი ტალეირანი", რომლის გვარის ქართულ წარმოშობაშიც ეჭვის შეტანა კიდევ უფრო ძნელი ხდება მას შემდეგ, რაც ივ. ჯავახიშვილს ქართულ "ჭანჭიძედ" აქვს იდენტიფიცირებული ბერძნულ წყაროებში Tzanichites-ად მოხსენებული გვარი. ტრაპიზონის იმპერიის სხვა გამოჩენილ პირთაგან - იოანე ბესარიონი, გიორგი ტრაპიზონელი, მიქაელ პანარეტოსი, გრიგოლ ქონიადესი და იოანე ქსიფილინუსი - გიორგი ამირიძის (დაიბადა ტრაპიზონში 1400 წელს, გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში 1469 წლის შემდეგ) ფიგურა ზედმიწევნით ზუსტად ასახავს საკუთრივ ტრაპიზონის უკიდურესი ტრანსფორმციებით დამახასიათებელ უნიკალურ ხვედრს:

ტრაპიზონის დაცემისას 1461 წლის 15 აგვისტოს (ადგილობრივი გადმოცემის შესაბამისად, ხოლო - სექტემბრის დასაწყისში - სხვა ისტორიული წყაროების მიხედვით) ის იყო "ტრაპიზონის უკანასკნელი პროტოვესტიარიოსი", "პროტოსტატორი", "ამირძანტარიოსი", ანუ დღევანდელი გაგებით, პრემიერ-მინისტრი (კაბაზიტების საგვარეულოდან უკანასკნელად ეს პოსტი ეჭირა იოანე კაბაზიტს 1344-45 წლებში). ამირიძის გვარი მანამადე არსად არ მოიხსენიებოდა. ის პირველად გამოჩნდა ფერარა-ფლორენციის საბჭოზე 1438-39 წლებში, მის თანამემამულე ბესარიონ ნიკეაელთან (ტრაპიზონელთან) ერთად, რომელიც მისი ვაჟიშვილის, ბასილის ნათლიმამა უნდა ყოფილიყო. 1449 წელს ამირიძე კვლავ ჩნდება ტრაპიზონის არშემდგარ საელჩოში - გენუაში. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო არა მარტო მის იმპერატორთან, გრანდ კომნენოს იოანე IV-სთან (1429-58/60), არამედ სერბიის იაგარ პალაიოლოგოსთან და დემეტრიოს პალაიოლოგოს კანტაკუზენოსთან. გიორგი ამირიძე და კაბაზიტი მათ შორის იყვნენ, ვინც მოახერხა უკანასკნელ გრანდ კომნენოს დავითთან ერთად ადრიანოპოლში დეპორტირება. დავითთან, რომელსაც, როგორც აღინიშნა, ქართველებთან სისხლისხმიერი ნათესაობა ჰქონდა და მამია გურიელის მოკავშირე იყო.

მოგვიანებით, ამირიძემ შეიცვალა პოლიტიკური შეხედულებები - გადასახლებაში მყოფი დავითის სასამართლო პროცესისადმი პოზიციით დაწყებული და რწმენით დამთავრებული. 1462-63 წლებში, როცა დავითი ჯერ აწამეს ადრიანოპოლში, ხოლო შემდეგ მოკლეს კონსტანტინოპლში, ამირიძის პოზიციები საკმაოდ მომძლავრებული იყო ტრაპიზონში. იგი ერთნაირი წარმატებით უხამებდა ერთმანეთს მართმადიდებლობის დაცვასაც, რომთან და შესაძლოა, ისლამთან კავშირსაც, და იყო თავისი დროის უდიდესი პოლიტიკოსი როგორც გრანდ კომნენოსთან, ასევე სულთანთან ურთიერთობისას. ეს იყო მიზეზი პონტოელების შედარებით ნაკლები კონვერციისა ისლამში.

გიორგი ამირიძის 1461 წლის 11 დეკემბრის ცნობილი წერილი ბესარიონისადმი, რომელიც უკიდურესი დრამატიზმით აღწერს ტრაპიზონის დაცემას და გიორგი ამირიძის ვაჟისა და ბესარიონის ნათლულის, ბასილის მუსლიმებიდან გამოსყიდვის ისტორიას, ასახავს ტრაპიზონისეული სამი თვისების წინააღმდეგობრივ გაგებას: ენა ("ქრისტიანულად ლაპარაკობენ"), მამული (დინასტიურობა და "ხეობის პატრიოტიზმი") და სარწმუნოება (რწმენის და არა რელიგიის ერთიანობა, VII. XXIX). ამასთან, ტრაპიზონის სარწმუნოებრივი ერთიანობის, მაგრამ რელიგიური აღრევის უჩვეულო ნიმუშს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჭანიჭათის დოუბერას ერთი და იმავე ამირიძეების გვარისა და წარმოშობის გამორჩეული პირებიდან ბესარიონი - კონსტანტინოპოლის ლათინი (კათოლიკე) პატრიარქი გახდა 1463-72 წლებში; სიმონი - კონსტანტინოპოლის მართმადიდებელი პატრიარქი 2 წლის შემდეგ, 1465-86 წლებში, რომელმაც ეს ტიტული გიორგი ამირიძის ხელშეწყობით "ფეშქეშად" მიიღო; გიორგი ამირიძის ბიძაშვილი, ყოფილი ქრისტიანი მაჰმუდ ფაშა, მეჰმედ II-ის ვეზირი, რომელმაც აიღო ტრაპიზონი 1463 წელს -ტრაპიზონის ფაშა; მისი ძმა იყო სერბიის მიქაელ ანგელოვიჩი, ხოლო თავად თვითონ - ქართული გვარის მატარებელი ბერძნულენოვანი "ჰელინი" თეოლოგი გიორგი ამირიძე - ტრაპიზონის უცვლელი პრემიერ-მინისტრი როგორც ტრაპიზონის უკანასკნელი მართმადიდებელი იმპერატორის - დავით კომნენოსის, ასევე ოტომანთა პირველი მუსლიმი მმართველის - მისი ბიძაშვილის - მაჰმუდ ფაშას დროს.

ამასთან, როგორც აღინიშნა, მისი ერთი შვილი, ბასილი, რომელიც იყო კათოლიკე ბესარიონის ნათლული, მართმადიდებლობისთვის ებრძოდა ოტომანებს; მეორე, უკვე გამუსლიმებული მეჰმედ ამირიძე, იყო მნიშვნელოვანი შუამავალი ოტომანთა სულთანსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის; ხოლო მესამე შვილი, ასევე გამუსლიმებული ისკანდერი - სულთანის ხაზინადარი. ისკენდერისა და მეჰმედის შთამომავალთ აღარ შემოუნახვათ და გაუგრძელებიათ ეს "ენიგმური" გვარი. 1512-20 წლების დავთარის მიხედვით, სუმელას სოფ. დოუბერას ორ ქრისტიანულ ოჯახს ვხვდებით: "პასკალს" და "კოსტი ამიროდის".

ამასთან, არავინ იცის, თავად გიორგი ამირიძემ შეიცვალა თუ არა რელიგია (VII. XXX ). სავარაუდოა, რომ ის ჯერ გახდა თურქი, ვიდრე მუსლიმი გახდებოდა განსხვავებით დამკვიდრებული პრაქტიკისაგან. ამასთან მისი ხელშეწყობით დამკვიდრდა ე.წ. "ოტომანური მართმადიდებლობის" ცნება, რაც ოტომანთა ტერიტორიაზე მართმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარანტად გამოდიოდა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თავისი შესაძლო გამუსლიმებით გიორგი ამირიძემ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრაპიზონის შემდგომ ეკონომიკურ აყვავებასა და მართმადიდებლური ეკლესია-მონასტრების შენარჩუნებას. ა. ბრაიერის ცნობით, გიორგი ამირიძის ზრუნვის შედეგად, მაჭკის მონასტრები ყველაზე მძლავრ ეკონომიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ ათონის ქართველთა მონასტრის შემდეგ (VII. XXX ).

გიორგი ამირიძის დღემდე შემორჩენილ ფილოსოფიურ-რელიგიურ თხზულებათაგან აღსანიშნავია "დიალოგი მეჰმედთან ქრისტიანობის შესახებ", ლექსები და წერილები ბესარიონისა და თეოდორე აგალიანოსისადმი (VIII.77-78).

აღსანიშნავია, რომ სწორედ მაჭუკაში არიან დაფიქსირებულნი ქართულ-ლაზური წარმოშობის მუსლიმი თიმარიოტები (IX. 96-97). ა. ბრაიერის აღწერით, 1461 წლის შემდეგ ქრისტიანული თიმარიოტები მომძლავრდნენ ტრაპიზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებისაკენ: "XVI ს-ში, ახალი ქართველი და სომეხი მესაზღვრეები კვლავ მეკავშირეობდნენ ქრისტიანული სასახლის მფლობელებთან. ათინას აღმოსავლეთით სოტერიოპოლისში (ბორჩხა) არსებობს ეკლესიის (ალბათ კათედრალისაც კი) ნანგრევები ოტომანთა ციხეებს შიგნით. მიროღლუს (მურღულის???) სამხრეთით და ჩრდილოეთით შემორჩენილია ქრისტიანული თიმარიოტები XVI ს-ის დასაწყისის ბაიბურთისა და ისპირისა". აქედან გამომდინარე, ა. ბრაიერი გამოთქვამს მაჭკელების კავკასიელი ხალხის შთამომავლობის შესახებ ვარაუდს - მსგავსად არჰაკელის არჰაკელისა ან გურიის გურიელისა თუ საათაბაგოსი (I. გვ.74,78).

დოუბერას ფენომენთან დაკავშირებით საინტერესოა კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი: 1479 წელს სულთანმა ბაიეზიდ II-მ (1481-1512) აიღო ქალდია და იქორწინა დოუბერელ ქრისტიანზე მარიამ დიდებულზე, რომელიც ისტორიაში ცნობილია, როგორც მარიამ-გულბაჰარი 1505 წელს აგებული ელეგანტური საფლავითა და აკლდამით ტრაპიზონში. ბაიზედის შვილმა სელიმმა სუმელას მონასტერი დოუბერაში მემკვიდრეობით გადასცა მარიამს, მას შემდეგ რაც დატოვა ტრაპიზონი და გახდა სულთანი 1512 წელს. თავის მხრივ, სელიმის შვილი, ძლევამოსილი სულთან სულეიმანი (1520-1566) იზრდებოდა ტრაპიზონში 1494 წლიდან 1505 წლამდე, ანუ გულბაჰარის გარდაცვალებმადე, რაც განაპირობებდა სტამბულის სპეციალური ფირმანით სოფლისადმი განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას. დღეს ძეგლის ძველი დიდების ნაშთებზე მიუთითებს მხოლოდ ციხე-სიმაგრისა და წმიდა გიორგი დიდ-მოწამის სახელობის ეკლესიის ნანგრევები სოფლის ზემოთ.

დოუბერას მჭიდრო კავშირზე და უშუალო დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიუთითებს ერთი ფაქტიც: ზემო ქალდიაში, დოუბერას ზემოთ, მდებარეობს პიტიანას ხუთთა ეკლესია (ბეშქილისე), სადაც 1900 წელს 32 ქრისტიანი ოჯახი ცხოვრობდა. სოფელი დაარსეს "პონტოელმა ოტომანმა მართმადიდებელმა" მიგრანტებმა. ეკლესიაში არის 1872 წელს გადახატული ფრესკები, სადაც წარმოდგენილია პიტიანოს კლანის, ანუ დღევანდელი გაგებით, გვარის წარმომადგენლები: ანტიოქიის პატრიარქთან, ქალდიის შემდგომ 5 არქიეპისკოპოსთან, ამასეისა და ნიკოპოლის არქიეპოსკოპოსებთან, სუმელას 5 მღვდელმთავართან და სხვა დიდაქტებთან ერთად ეკლესიაში ერთ-ერთი პირველთაგანი გამოსახულია ახტალის ქართველი არქიეპისკოპოსიც (X. XXXI).

მაჭუკელების წარმომავლობასთან დაკავშირებით საინტერესო ანალიზს აკეთებს ა. ბრაიერი: "ისმის კითხვა: მაჭკელები მართალც განეკუთვნებიან თუ არა ისეთ ხალხთა ჯგუფს, როგორიცაა გურულები, ოფელები და არჰაკელი ჰემშინლები, რომელთა საზოგადოებები უკვე იშლებოდა XIV ს-ში? ამ შემთხვევაში რა გარე ფაქტორებმა ითამაშა როლი მათი საზოგადოების შეცვლაში?... მაჭკების საგვარეულო კლანური მოდელი უთუოდ ახლოს არის კავკასიურ გვაროვნულ მოდელებთან. აქ აშკარა გარე ფაქტორია ლაზები და სხვა კავკასიური ოჯახების მოდელები. აღსანიშნავია, რომ იმ დროის ყველა მოგზაური ადასტურებს ლაზური ენის ქართულ წარმოშობას (განსაკუთრებულ მსგავსებას მეგრულთან და ნაკლებად - სვანურთან). თუმცა, ასევე ფაქტია ტრაპიზონის უპირატესი სწრაფვა კონსტანტინოპოლისაკენ, ვიდრე თბილისისაკენ, რაც აიხსნება ტრაპიზონის მსგავსად, საქართველოს მკვეთრი ფეოდალიზირებული პოლიტიკური სტრუქტურით. კავკასიური ისტორია ანიმატური გენეალოგიაა. ხელისუფლების კავკასიური წყაროები ბიზანტიურის ანტითეზაა. მათი მმართველი კლანები ვრცელდებოდა დასავლეთით ისპირამდე და ტრაპიზონის ლაზიამდე. ტრაპეზუნდელებმა იცოდნენ როგორ მუშაობდა ეს პრაქტიკაში, რამდენადაც 1372 წლის 6 აგვისტოს, გრანდ კომნენოსი ალექსიოს III თავად ესწრებოდა ადგილობრივი ბატონის (archonis) - გურიის გურიელის პროსკინესისს (ერთგულების ფიცის დადებას) მისი ბატონის (მონარქის) - საქართველოს ბაგრატის წინაშე. პროსკინესისს - პანარეტოსი ეძახის ცერემონიას, თუმცა, ის უეჭველად აღწერს მისი პატრონის აღიარების ფაქტს ერთგულებისა და მორჩილების აქტით (ანუ ფეოდალური მორჩილების სახით, რასაც "პატრონყმობა" ჰქვია (XI. I.78.XII; VII.78). 1341 წლის 30 ივლისს ტრაპიზონში შედგა ცერემონია, რომელიც იყო "პატრონყმობის" ადგილობრივი ვერსია, როცა ლაზებმა აიძულეს ადგილობრივი ბატონები, რომ მიეცათ ერთგულების ფიცი მათი კანდიდატისადმი, გრანდ კომნენოს მიქაელისადმი. ჰქონდა თუ არა ამგვარ ტრადიციასა და პრაქტიკას გამოძახილი სოციალურ სისტემებში სოფლად? ბელდიკენუ აღნიშნავს, რომ სოფელი თორნიკე, რომელიც მდებარეობდა რიზეს მახლობლად, 1516 წელს შედგებოდა 38 ოჯახისაგან, 6 ბასტინა-დასახლების ჩათვლით, რომელთაგან ყველას ჰქონდა ერთიდაიგივე გვარი - "თავიანთი სოფლისა და თორნიკეს ცნობილი ოჯახისა" (George Tornikes) (I. გვ.79).

მაჭკელების სახელების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მამაკაცთა სახელებიდან 1245-1461 წლებში 73 სახელიდან 10 ყველაზე პოპულარული სახელი იყო - იოანე და მისი ვარიანტები (106, განსაკუთრებულად პოპულარული იყო XIII საუკუნეში); გიორგი (78, განსაკუთრებით, XIV ს-ში); კონსტანტინე და მისი ვარიანტები (70), თეოდოროსი (თევდორე) (67), ბასილეოსი (ბასილი) (28), მიქაელი და ვარიანტები (34), ტერიანოსი (უჩვეულო მაკედონიური სტანდარტებით, 32), ლეონი (32), ანდრონიკოსი (16), და რომანოზი (12). ყველაზე ნაკლებად გავრცელებული იყო ეუგენოსი (4) და ალექსიოსი (4) - პონტოს გრანდ კომნენოსების ყველაზე გავრცელებული სახელი. ქალების სახელთაგან კი ყველაზე გავრცელებული იყო 2 - ანა (13) და მარია (11), რომელსაც მოყვებოდა ირინე (11), კალანა (8) და თეოდორა (5) (I. გვ.79).

სახელთა ტოპონიმიკიდან და წმინდანთა წარმომავლობიდან გამომდინარე მაჭკელთა მიგრაციიდან 50 წლის შემდეგ 1461 წლამდე აგებული 12 მონასტრისა და 28 ეკლესიის, ძირითადად მოხატულის, შესწავლის საფუძველზე, ა. ბრაიერი, დ. უინფილდთან ერთად, აკეთებს მის მიერვე გამოთქმული წინა მოსაზრებების საწინააღმდეგო და მოულოდნელ დასკვნას, რომ მაჭკელები არიან არა კავკასიელი ხალხის (გურულების, ლაზების თუ სომხების), არამედ ალბანელების შთამომავლები. აღნიშნული საკითხი, ცხადია, დამატებით და დეტალურ შესწავლას მოითხოვს ქართველების მხრიდან. ქართველების გავლენისა და განსახლების სფერო რეგიონში ხომ ჯერ კიდევ აბსოლუტურად შეუსწავლელია.

1920 წლისათვის ტრაპიზონის ქრისტიანობა შეადგენდა მოსახლეობის უმცირესობას თითქმის 4 საუკუნის განმავლობაში, მაშინ როდესაც მხოლოდ ზემომაჭკის ძველ ბანდონში მოსახლეობის 76% მართმადიდებელი ქრისტიანი იყო, რომელიც ლოცულობდა 98(!) ეკლესიაში. თურქები საერთოდ არ ადიოდნენ იქ, არ ეხებოდნენ და ვერ აწუხებდნენ მათ. მაჭკელები იყვნენ მართმადიდებლები. დღეს თურქები იძახიან, რომ მაჭკაში იყო 365 ეკლესია, ერთი - წელიწადის თითოეულ დღეზე (შეად. ქართველებში გავრცელებული ლეგენდა საქართველოში 365 წმ. გიორგის ეკლესიის არსებობის შესახებ).

ამ კუთხით, მეტად საინტერესოა მაჭკელთა ცხოვრების წესისა და ისტორიული ბედისწერის მსგავსება მაჭახელელებთან (რომლის ერთი ნაწილი დღევანდელ თურქეთში, ხოლო მეორე - საქართველოში, აჭარაში ცხოვრობს). ამ ფუძის უამრავი ტოპონიმიკა არსებობს დღევანდელ საქართველოშიც: მაჭარა - მდინარე და სოფელი აფხაზეთში (წებელდა, გულრიფში); მაჭარწყალი - მდინარე და სოფელი სამცხეში, ბორჯომი (გვერდისუბანი); მაჭატია - სოფელი ჯავახეთში (ახალქალაქი); მაჭახელისწყალი - მდინარე ხელვაჩაურის რაიონში სათავით შავშეთის ქედის სამხრეთ კალთაზე (თურქეთში); მაჭახლისპირი - სოფელი ხელვაჩაურში, მაჭახლისპირისა და ჭოროხის შესართავებთან; მაჭი (თოღა) - IX ს-ის ციხესიმაგრე და საერისთავო ცენტრი მაჭისწყლის (ახლანდელი მაწისწყალი) საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე; იყო კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია (II. ტ. 6. გვ. 514-515). აღსანიშნავია უმაღლესი ღვინის კულტურა, რომელიც ამ რეგიონებში არსებობდა (საგულისხმოა სიტყვა "მაჭარის" ეტიმოლოგიაც, მისი მსგავსება "აჭარასა" და "მაჭახელასთან"), თუმცა, ცნობილია, რომ "მაჭუკა" ლაზურიდან გაშიფრულია როგორც "ღარი".

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მაჭკა სრულიად დასაბუთებულად შეიძლება მიჩნეულ იქნას ჭანების ერთ-ერთ ტომობრივ წარმონაქმნად: ვაზელონის (მაჭაკას ეპარქია) აქტი აღწერს 30 ჭანურ გვარს, ან უკიდურეს შემთხვევაში 30 გვარს, რომელიც "ჭა"-თი იწყება. როგორც აღინიშნა, ა. ბრაიერი ჰემშინებსაც კი თვლის VII-XI სს-ში გასომხებულ ჭანებად (შეად. წათე ბაწაში, რომელიც ასევე ასაბუთებს ჰემშინების ჭანურ წარმომავლობას), თუმცა, მაჭკელებს ალბანელების მემკვიდრეებად მიიჩნევს.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა წმინდა ბასილი დიდის წარმომავლობაც. როგორც ცნობილია, ბასილი დიდი დაიბადა 330 წლის მახლობელ ხანებში პონტოს დედაქალაქ ნეოკესარიაში. ჯერ კიდევ გვიანანტიკურ წყაროებში დადასტურებულია, რომ კაპადოკიელი ეთნიკური ტერმინი იყო და იგი მესხს ნიშნავდა. ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი (35-95) წერს: "მოსოხენები დაფუძნებული არიან მოსოხის მიერ, ახლახან მათ კაპადოკიელები ეწოდათ~ და აგრძელებს, რომ ამ ხალხის უძველესი სახელწოდება მოსოხენ-მესხი შემორჩა დედაქალაქის სახელს, რომელსაც მაწაკა (მაჭაკა) ეწოდებოდა (XII. გვ.7). ევსტათი ანტიოქიელი (280-360) გვამცნობს, რომ ნოეს შთამომავალი "ოსოხისაგან მესხები, დღევანდელი კაპადოკიელები წარმოიშვნენ" (XII. გვ.7). თეოდორიტე კვირელი (393-457) განმარტავს, რომ იმ ტომებში, რომელთაც ესაია წინასწარმეტყველი ასახელებს, მოსოხი - კაპადოკიელებს ნიშნავს და თობელი - იბერებს. ბიზანტიის კეისარი, კონსტანტინე პორფიროგენეტოსი (913-959) ტრაქტატში "თემების შესახებ" აღწერს რა კაპადოკიას, მის დედაქალაქ კესარიაზე წერს: "ეს სახელი დაერქვა დიდი იულიუს კეისარისაგან... წინათ ერქვა მაწაკა, კაპადოკიელთა პირველი წინაპრის - მოსოხისაგან" (XII. გვ.8). ლეონ გრამატიკოსი თავის "ქრონოგრაფიაში" იაფეტის მოდგმაზე საუბრისას წერს: "თობელებისაგან - თობელები, რომელთაც ახლა იბერნი ეწოდებათ; მესხოსაგან - მესხები, რომელთაც ახლა კაპადოკიელები ეწოდებათ, საიდანაც არის მაწაკა მათი დედაქალაქი" (XII. გვ.9).

დღესდღეობით საქართველოში არსებობს ამირიძეებისა და ემირიძეების გვარი, თურქეთში კი - ემიროღლუებისა. მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი, პროფ. ქ. ემიროღლუ დღეს ტრაპიზონის ერთ-ერთ აღიარებულ ისტორიკოსად ითვლება (XIII).

გიორგი ამირიძის მიერ XV საუკუნეში ნასროლი ბუმერანგი XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე უკან დაუბრუნდა ტრაპიზონს ალი-ფაშა თავდგირიძის, მისი ანტიპოდის სახით, რომელმაც, თანამედროვეთა ცნობით: "აიკლო ტრაპიზონი, უნიე, ფაცა და ორდუ" (XIV) და მხარის შემდგომ და საბოლოო ისლამიზაციას შეუწყო ხელი.

2006 წელს თურქეთში რომის პაპის, ბენედიქტე XIV-ს ვიზიტის წინ, როცა პაპი მართმადიდებლურ და კათოლიკურ სამყაროს - ერთიანონისაკენ, ხოლო ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროს - დიალოგისკენ მოუწოდებდა, ბევრი აღნიშნავდა, რომ დოუბერელი გიორგი ამირიძე იყო პირველი, რომელმაც სცადა ერთმანეთთან დაპირისპირებული რელიგიებისთვის საერთო თეოლოგიური საფუძვლების გამოძებნა და მათი თანაცხოვრების პრაქტიკული განხორციელებისადმი ხელშეწყობა ტრაპიზონში ისლამის ზეობისა და გავრცელების პირველსავე წლებში (XV. პ.297-324).

 

ბიბლიოგრაფია

I. A. Bryer. A. The Crypto-Christians of the Pontos and.... London. 1988.

II. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბ. 1987 ტ. 11.

III. ივ. ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". ტ. III. თსუ. 1982.

IV. Gologlu M., “Anadolu’nun Devleti Pontos”, Ankara, 1973.

V. პავლე ინგოროყვა. "გიორგი მერჩულე". თბ., 1954

VI. "ტბეთის სულთა მატიანე". თ. ენუქიძე. თბ. 1977.

VII. A. Bryer. The Pontic Greek before the Diaspora.

VIII. Oxford Dictionary of Byzantium. A. Kazdan, vol, 1,2,3. 1991. New-York

IX. Karagöz İ., “Tarihsel Süreçte Trabzon Halkı”, Trabzon, 1998.

X. Anthony Bryer with David Winfield. "The Post-Byzantine Monuments of the Pontos". Ashgate. 2002.

XI. W.E.D. Allen, A history of Georgian People, Georgetown, 1963.

XII. გვანცა კოპლატაძე. "ბასილი დიდი". თხზულებანი. თბ. 2002.

XIII. Emiroğlu K., “Dünyadan Bakınca Trabzon”, “Bir Tutkudur Trabzon”, İstanbul, 1997.

XIV. ზ. ჭიჭინაძე. "ალი-ფაშა თავდგირიძე...". ი. კოპლატაძის რედაქტორობით. თბ. 2007.

XV. "George Amiroutzes and his poetical oeuvre", in: B. Roosen – B. Janssens – P. Van Deun (ed.), Philomathestatos. Studies in Greek Patristic and Byzantine Texts Presented to Jacquet Noret for his Sixty-Fifth Birthday (Orientalia Lovaniensia Analecta, 137), Leuven, 2004.