შესწავლის ისტორია

ტაო-კლარჯეთის სიძველეთა მეცნიერულ კვლევას XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. XIX ს-ის ევროპელ მოგზაურთა წიგნებში ჩნდება ფრაგმენტული ინფორმაცია ტაო-კლარჯეთის მატერიალური ძეგლების შესახებ: რამდენიმე ნიმუში აღწერა გერმანელმა ბოტანიკოსმა კ. კოხმა (K. Koch. "Reise im pontischen Gebirge und turkishen Armenien". Weimar, 1846), გერმანელმა გეოლოგმა ჰ. აბიხმა გადმოიღო დოლისყანის წარწერის ასლები, ხოლო 1843-1853 წლებში ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარჰისიანმა იმოგზაურა ისტორიულ მცირე აზიაში, ძველ სომხეთსა და შავიზღვისპირეთში სომხური ისტორიული მემკვიდრეობის შესაგროვებლად და სომხურ ეპიგრაფიკულ ძეგლებთან ერთად გულმოდგინედ გადმოიღო ოშკის, იშხანისა და სხვა ქართული ძეგლების წარწერების ასლებიც. მოგვიანებით, მან ეს ასლები პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის აკადემიკოსს, იმხანად ქართულ სიძველეთა საუკეთესო მცოდნეს, მარი ბროსეს გადასცა, რომელმაც სათანადო კომენტარებითურთ გამოაქვეყნა კიდეც მოპოვებული მასალა. "ამდენად, ნ. სარგისიანის წყალობით, პირველად სამეცნიერო ლიტერატურაში შემოდის ქართული ისტორიული წარწერები X-XI საუკუნეებისა, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ", წერს ვ. ბერიძე.

1874 წელს აჭარაში (რომელიც ჯერ ისევ თურქეთის შემადგენლობაში შედიოდა), შავშეთში, კლარჯეთსა და ლაზეთში მოგზაურობს გ. ყაზბეგი (G.H. Kazbek. "Tri Mesiaca v Tureckoi Gruzii". 1876).

1873 წელს ეთნოგრაფიულ ექსპედიციას დიმიტრი ბაქრაძე აწყობს (დ. ბაქრაძე. "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში", ბათუმი, 1987). მან მოინახულა ბათუმი, ჩურუქ-სუ (ქობულეთიდან ციხისძირამდე), ტბეთი, ოპიზა, ანჩა, დოლისყანა, არტაანისა და ოლთისის მხარეები.

1888 წელს მამაწმინდა, სვეტი, ფორთა, ოპიზა, დოლისყანა, ენი-რაბათი მოინახულა რუსმა არქიტექტორმა აკად. პავლინოვმა, რომელმაც თავისი მოგზაურობის ანაგარიში, ფოტო-მასალა და ანაზომები მოგვიანებით გამოაქვეყნა MAK-ის III ტომში. მისი სქემატური ანაზომები დიდი ხნის მანძილზე მეცნიერთათვის ერთადერთ ხელმისაწვდომ მასალად რჩებოდა (Pavlinov, "Putevie zametki", Materiali po arxeologii Kavkaza. Vipusk III. Mockva, 1893).

ყველა დროის მკვლევართა შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურება და ღვაწლი ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესწავლის საქმეში. მან სამი უმნიშვნელოვანესი და დიდად ნაყოფიერი ექსპედიცია მოაწყო: 1902 წ. - სამცხე, ჯავახეთი, ჩილდირი, არდაჰანი, ოლთისი. ამ ექსპედიციის (E. Takaishvili. Materiali po arxeologii Kavkaza. T.XII. Mockva, 1909) ფარგლებში მასთან ერთად მუშაობდნენ ხუროთმოძღვარი ს. კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ა. მამუჩაშვილი; 1907 წ. - კოლა, ოლთისი და ჩანგლი (ექ. თაყაიშვილი. "არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისსა და სოფელ ჩანგლში 1907 წელს", პარიზი. 1938; "კატალოგი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენისა". ტფილისი. 1920); ექსპედიციის წევრები იყვნენ ხუროთმოძღვარი ა. კალგინი და მოხალისე ფოტოგრაფი ე. ლიოზენი; 1917 წ. - ტაო, თორთუმი, ისპირი: ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, პარხალი; ეს ექსპედიცია (ექ. თაყაიშვილი. "სამუსულმანო საქართველო". "დაბრუნება". თბ. 1991) ყველაზე ხალხმრავალი იყო; იგი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: ხუროთმოძღვარი ა. კალგინი, ხუროთმოძღვარი და ფოტოგრაფი, ალპინისტი ი. ზდანევიჩი, მხატვრები დ. შევარდნაძე და ლ. გუდიაშვილი, მოქანდაკე მ. ჭიაურელი და ვარძიის მღვდელ-მონაზონი იპოლიტე.

ექ. თაყაიშვილის ექსპედიციები ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად რჩება ტაო-კლარჯეთის მატერიალური კულტურის შესწავლის ისტორიაში. ამ ექსპედიციების დროს მიკვლეულ და აღმოჩენილ იქნა მრავალი უცნობი ძეგლი, შესრულდა მათი ანაზომები, აღიწერა როგორც რიგითი ნაგებობები, მცირე ზომის ეკლესიები, ასევე სერიოზულად იქნა შესწავლილი ისტორიულად და მხატვრული დონით მნიშვნელოვანი ძეგლები, გადმოიწერა და გაიშიფრა მრავალი წარწერა. ექ. თაყაიშვილის ექსპედიციების შედეგად მოპოვებული მასალები, ანაზომები, ფოტოები თუ აღწერილობანი არასოდეს დაკარგავს თავის ღირებულებას, თუნდაც იმიტომ, რომ ძეგლთა მდგომარეობა მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა, ბევრი მათგანი კი სრულიად განადგურდა.

იმავდროულად, 1904 წ. ფოტოგრაფ დ. ერმაკოვთან ერთად წმ. გრიგოლ ხანძთელის კვალდაკვალ შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობს ნიკო მარი47. მოგზაურობის დღიურები და ფოტომასალა მან გიორგი მერჩულის მის მიერვე აღმოჩენილი თხზულების პირველ პუბლიკაციას დაურთო და გამოქვეყნა 1911 წელს.

ექ. თაყაიშვილისა და ნ. მარის ექსპედიციების შემდეგ ტაო-კლარჯეთის ადგილზე შესწავლის საქმეში ერთგვარი პაუზაა. საბჭოთა კავშირის ფარგლებში მოღვაწე ქართველი მკვლევრებისათვის შეუძლებელი იყო თურქეთის ტერიტორიაზე ექსპედიციების მოწყობა, თუმცა ინტერესი მათდამი არასოდეს განელებულა და ძეგლთა ადგილზე მოუნახულებლად იქმნება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მონოგრაფია, რომელთა შორის აღსანიშნავია პ. ინგოროყვას "გიორგი მერჩულე", ვ. ბერიძის "ტაო-კლარჯეთის არქიტექტურა", პ. ზაქარაიას "ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრება", რ. მეფისაშვილისა და დ. თუმანიშვილის "ბანა". ხელოვნების ისტორიკოსებისაგან განსხვავებით, "რკინის კედლის" გარღვევა ქართველმა კინემატოგრაფისტებმა შეძლეს და ჯერ XXს-ის 60-იან წლებში გ. ასათიანმა, ხოლო 1980 წელს _ გ. პატარაიამ და ი. ონოფრიშვილმა მაყურებელს დოკუმენტური ფილმები შესთავაზეს.

1917 წლის შემდეგ შეწყვეტილ კვლევით საველე სამუშაოებს 1959 წლიდან დასავლელი მკვლევრები ნ. და ჟ.-მ. ტიერები, დ. უინფილდი, რ. ედვარდსი და სხვანი აგრძელებენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ში მოღვაწე ქართველი ხელოვნებათმცოდნის, ვ. ჯობაძის ღვაწლი, რომელმაც, 1965 წლიდან მოყოლებული, 8 სეზონი იმუშავა ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში და სადღეისოდ ამ რეგიონში არსებულ ქართულ მონასტრებზე ყველაზე სრულყოფილი მონოგრაფია გამოსცა (W. Djobadze. "Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klarjeti and Shavsheti. Stuttgart, 1992.). აქვე გვინდა ვახსენოთ გერმანელი მხატვარი ვერნერ რუდიგერი (ვერნერ რუდიგერი. "გამოფენის კატალოგი და დღიურები". 1991). მის მიერ შესრულებული თურქეთში შემორჩენილი ქართული ძეგლების ამსახველი ფერწერული ტილოები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

უკანასკნელ ხანს ამ რეგიონით დაინტერესდნენ თურქი ხელოვნების ისტორიკოსები: პროფ. მინე ქადიროღლუ, ზაფერ ყარაჯა, თურგაი იაზარი, ფაჰრიე ბაირამი, პროფ. ჰამზა გუნდოღლუ, ალი მურად აქთემური, ოსმან აითექინი, ჰ. ქართალი და სხვანი. ამავდროულად მოზრდილ წიგნებად ისტამბება სხვადასხვა რაიონის თურქულენოვანი გზამკვლევები, სადაც ადგილი ეთმობა შუა საუკუნეების ქართულ ძეგლებსაც. ამგვარ გზამკვლევებში მითითებულია ძეგლის ადგილმდებარეობა, მოკლე აღწერილობა, სამშენებლო პერიოდი. მათ თან ერთვის გეგმები (ხშირად დილეტანტური ანაზომებით) და დიდი რაოდენობით ფოტომასალა (O. Aytekin. Artvin'deki Mimari Eserler. Ankara. 1999). 2005 წელს გამოქვეყნდა ფაჰრიე ბაირამის წიგნი: Fahriye Bayram. "Artvin'deki Gurcu Manastirlarinin Mimarisi".

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის ადგილზე შესწავლის საშუალება მიეცათ ქართველ მკვლევარებსაც. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მიერ 1994-95 წწ-ში მოწყობილი რამდენიმე ექსპედიცია დავით ხოშტარიას ხელმძღვანელობით, რომლის განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს ნინო და გიორგი ბაგრატიონების მიერ შესრულებული ათობით ძეგლის ახალი ანაზომი (დ. ხოშტარია, მ. დიდებულიძე, ნ. ვაჩეიშვილი. "ტაო-კლარჯეთის არქიტექტურა და კედლის მხატვრობა". გამოფენის კატალოგი. თბ. 1996).

1996 წლის სახელოვნებათმცოდნეო ექსპედიცია საფუძვლად დაედო ჩვენი წიგნის "ტაო-კლარჯეთი" გამოცემას. ექსპედიციები ჩატარდა 2004, 2005 და 2006 წლებშიც.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი მორიგი ექსპედიცია მოეწყო 2007 წელს.