არქიტექტურულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

აბრისი (გერმ.) _ გაბარიტი, კონტური, კონფიგურაცია; საგნის გარე მოხაზულობა.

აბსიდი, აფსიდი (ბერძ.) _ ნახევარწრიული მოხაზულობის სადგომი, რომელიც უმეტესწილად გადახურულია კონქით. ქრისტიანულ ეკლესიებში აფსიდში მოთავსებულია საკურთხეველი. ქართულ ეკლესიებში გვხვდება აფსიდები, რომელთაც გარედან სწორი კედლები ფარავს, და ასევე შვერილი აფსიდები. რომლებიც გარეთ გამოშვერილია ეკლესიის ძირითადი აბრისიდან ნახევარწრის სახით, წახნაგოვნად ან სწორკუთხა მოხაზულობით.

აკლდამა _ ნაგებობა, რომელშიაც მიცვალებული ასვენია.

ამბიონი (ბერძ.) _ ადრინდელი ქრისტიანული ტაძრის გუმბათის ქვემოთ ან პატრონიკეს გასწვრივ მოთავსებული კათედრა; სამქადაგებლო, საფსალმუნე; ქადაგების წარმოსათქმელად მოწყობილი ადგილი საკურთხევლის წინ.

ანტეფიქსი (ლათ.) _ სახურავის კიდულის გასწვრივ მოთავსებული კერამიკული ან მარმარილოს სამკაული, რომელიც დაფარულია ჯვრებით, მცენარეული ორნამენტით ან ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით.

არკადა (ფრანგ.) _ თაღედი, სვეტებზე დაყრდნობილი თაღების რიგი.

არქივოლტი (იტ.) _ თავსართი; თაღის (სარკმლის) მოჩარჩოება. ჩვეულებრივ, რაიმე პროფილი, ზოგჯერ სამკაულიც აქვს.

არქიტექტურული ანსამბლი _ გარკვეულ არქიტექტურულ იდეას დამორჩილებული სხვადასხვა შენობის და ნაგებობის ერთობლიობა, ჩამოყალიბებული თანდათან _ ხანგრძლივი დროის მანძილზე ან ერთდროულად.

არქიტექტურული კომპლექსი _ განსაზღვრული დანიშნულების შენობათა ჯგუფი.

არქიტრავი (ბერძ. ლათ.) _ ანტაბლემენტის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ სვეტებს ეყრდნობა. არშინი _ ძვ. სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც 71 სმ-ს უდრის.

ასტრაგალი (ბერძ.) _ არქიტექტურული პროფილი, რომელიც ლილვისა და ტაროს შეუღლებით მიიღება.

აფრა _ პანდატივი; სფერულ ზედაპირში ამოკვეთილი სამკუთხა მოხაზულობის კონსტრუქცია, რომელიც იძლევა სწორკუთხა ფუძიდან გუმბათოვანი გადახურვისაკენ გადასვლის საშუალებას.

აფრა-ტრომპი _ აფრა, რომლის გულსაც დეკორატიული ფუნქციის მქონე ტრომპი შეადგენს.

ბაზილიკა _ წაგრძელებული, სწორკუთხა, უგუმბათო შენობა, გრძივ ნაწილებად დაყოფილი ბოძების, სვეტების რიგით, რომელთაგან შუა გვერდით ნავებზე მაღალი და განიერია და ნათდება მის ზედა ნაწილში მოქცეული სარკმლებით. ცენტრალური ნავი გადაიხურება ორფერდა სახურავებით, გვერდის ნავები _ ცალფერდა; ქრისტიანული ეკლესიის უძველესი, ფართოდ გავრცელებული სახეობაა.

ბარელიეფი (ფრანგ.) _ სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე, რომლის ყველა ნაწილი სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე ნაკლებად არის გამოყოფილი.

ბემა (ბერძ.) _ აფსიდის წინა სივრცე, ჩვეულებრივ, გამოყოფილი ნახევარსვეტებით, რომელიც გვირგვინდება თაღით. საკურთეხეველთან ერთად ამაღლებულია საფეხურით (1-3) და მოსაზღვრულია კანკელით. ექსტერიერში მას საკუთარი ორქანობა სახურავი შეესაბამება. ბერძნულად ნიშნავს მოსაუბრისათვის განკუთვნილ ტრიბუნას ან პლათფორმას.

ბოძი _ სვეტად აღმართული ცალკე მდგომი ძელი.

ბუდე კოჭისა _ კედლის წყობაში საგანგებოდ დატოვებული ადგილი კოჭის თავის დასაყრდნობად.

ბურჯი _ მასიური ბოძი, საბჯენი, საყრდენი კონსტრუქცია, რომელიც დატვირთვებს საძირკველს გადასცემს.

გაბარიტი (ფრანგ.) _ შენობის, რაიმე საგნის ზღვრული, გარე მოხაზულობა.

გალავანი _ ქალაქის, ციხის, არქიტექტურული კომპლექსის (მონასტერი, სასახლე) გარშემო შემოვლებული ქვის კედელი, ზღუდე.

გალერეა (ფრანგ.) _ შენობის სხვადასხვა ნაწილის დამაკავშირებელი გრძელი სათავსი გახსნილი სვეტებიანი თაღნარით.

განმბჯენი თაღი _ თაღი, რომელიც კედლის წყობაშია დაყოლებული და შენობის ზედა ნაწილების დატვირთვას ცალკე მდგომ საყრდენებს გადასცემს.

გარშემოსავლელი _ შენობის ნაწილი ღია ტერასის ან გალერეის სახით, რომელიც გარს ერტყმის ნაგებობას (ეკლესიას).

გრაფიკა (ბერძ.) _ ხატვის ხელოვნება, სადაც ჭარბობს ფორმის ხაზოვანი ასახვა.

გუმბათი _ კამარის ერთ-ერთი სახეობა, ჩვეულებრივ, ნახევარსფეროს ფორმისა. საქართველოში გუმბათს უწოდებენ ეკლესიის დამაგვირგვინებელ კოშკისებრ ნაწილს, რომელიც შედგება თავად გუმბათის სფეროსა და გუმბათის ყელისაგან. ეს უკანასკნელი არის გუმბათის მზიდი ნაწილი, რომელიც სარკმლების ხვრეტებით გაჭრილ ცილინდრულ ან მრავალწახნაგა მოცულობას წარმოადგენს.

დეკორი (ფრან.) _ დეკორაციულ კაზმულობათა ერთობლიობა, სისტემა.

დომინანტა (ლათ.) _ ქალაქის, მოედნის, ქუჩის და ა. შ. განაშენიანებაში გაბატონებული ნაგებობა ან მისი ნაწილი (კოშკი, გუმბათი).

ეგვტერი, ეკვდერი (ბერძ.) _ საჟამნო, სამლოცველო; აგებული ეკლესიის სიახლოვეს ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა, `მცირე სამწირვალო~ (საბა); ეკლესიას მიდგმული საგვარეულო აკლდამა.

ენკაუსტიკა (ბერძ.) _ ცვილის საღებავით ფერწერის ტექნიკა.

ექსედრა (ბერძ.) _ ანტიკურ არქიტექტურაში ღრმა ნახევარწრიული ნიშა ან ღრმა ნახევარწრიული სადგომი, რომელიც ნახევრად გახსნი-ლია. ექსედრას უწოდებდნენ საცხოვრებელი სახლის პარადულ ნაწილსაც.

ვარდული _ როზეტი; დეკორატიული მოტივი სტილიზებული ყვავილის, ვარდის სახით.

ზოომორფული ორნამენტი _ ორნამენტი, რომლის ძირითადი შემადგენელი ელემენტია ცხოველთა სამყაროს სტილიზებული გამოსახულება.

თავსართი _ არქივოლტი, სათაური; თაღის ან თაღოვანი სარკმლის მოჩარჩოება.

თაღედი _ არკადა; სვეტებზე ან ბოძებზე დაყრდნობილი თაღების რიგი.

თაღი _ მრუდხაზოვანი გადახურვა კედელში გაკეთებული მალისა (სარკმლის, შესასვლელის) ან საყრდენებსშორისი მანძილისა. შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში გვხვდება ნალისებრი, ნახევარწრიული (უმეტესად) და ისრული თაღები.

იმპოსტი (ლათ.) _ ბრტყელი ან პროფილირებული თარო, რომელსაც ეყრდნობა თაღის ქუსლი.

ინტერიერი (ფრანგ.) _ სადგომის არქიტექტურულად გაფორმებული შიგა სივრცე.

ისრული თაღი _ მრუდხაზოვანი მოხაზულობის თაღი, რომლის ცენტრალური ნაწილი შეკრულია კუთხით.

კათედრალი _ საეპისკოპოსო ტაძარი.

კამარა _ მრუდხაზოვანი, შეზნექილზედაპირიანი გადახურვა რაიმე სადგომისა; ხუროთმოძღვრების განვითარების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში მრავალგვარი კამარა მეიქმნა. საქართველოში უფრო გავრცელებული იყო ნახევარცილინდრული (ანუ ცილინდრული, ნახევარწრიული კამარა), რომელიც ორ პარალელურ საყრდენს (კედელს) ეყრდნობა. გვხვდება შეისრული კამარებიც, ჯვაროვანი კამარა, რომელსაც კვადრატული სივრცეების გადასახურავად იყენებენ.

კანკელი _ იკონოსტასი; ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოყოფს ეკლესიის დანარჩენი ნაწილისაგან. მასზე მაგრდება ხატები და ირთვება სხვადასხვა დეკორატიული მოტივით.

კაპიტელი _ (ლათ.) სვეტისთავი, სვეტის დამაგვირგვინებელი ნაწილი. მაგ.: კორინთული, იონიური და სხვ.

კარნიზი _ (ბერძ.) ლავგარდანი; ანტამბლემენტის, კედლის ან მისი ნაწილის დამაგვირგვინებელი პროფილირებული ელემენტი.

კოლონა _ (ლათ.) სვეტი; ჩვეულებრივ, მრგვალი კვეთის საყრდენი, რომელზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი ან თაღის ქუსლი.

კოლონადა _ (ლათ.) სვეტნარი, საერთო არქიტრავის ქვეშ განლაგებული კოლონების რიგი.

კონსოლი (ფრან.) _ იხ. კრონშტეინი.

კონსტრუქცია (ლათ.) _ ნაგებობის სტრუქტურა, მისი ცალკეული ნაწილების ურთიერთგანლაგება.

კონქი (ბერძ.) _ აფსიდის გადამხურავი კონსტრუქცია მეოთხედი სფეროს ფორმისა.

კრიპტა (ლათ.) _ ტაძრის ქვეშ განლაგებული მიწისქვეშა გალერეა, რომელშიაც მოთავსებულია სამარხი.

კრონშტეინი (გერმ.) _ ბრჯენი; კედელში ერთი ბოლოთი ჩაჭედილი კოჭი, ფილა ან კედლის წყობიდან გამოშვერილი კოჭის ნაწილი, რომელზედაც დაყრდნობილია კარნიზი, თაღი, პილასტრი და სხვ.

ლილვი _ მრუდხაზოვანი არქიტექტურული პროფილი, რომელიც განივკვეთში ნახევარწრეს წარმოადგენს. გვხვდება გრეხილი, წახნაგოვანი ლილვი, ზოგჯერ დაფარული სხვადასხვა დეკორატიული მოტივით. მაგ.: წნული, ცრემლები.

ლორფინი _ ქვის ფილა.Q`ქვის ფიცარი~ (საბა).

მარაოსებრი კამარა _ ნერვიურიანი კამარის სახეობა, სადაც ერთი კუთხიდან მარაოსებრ განშტოებული, ერთნაირი სიმრუდის ნერვიურები ძაბრისებრ ზედაპირს ქმნის.

მარტირიუმი _ არქიტექტურული სტრუქტურა, წრიული ან გრძივი, აგებული ქრისტიანი მოწამის საფლავზე. მრავალ ქრისტიანულ ტაძარს საფუძვლად რომაული დასაკრძალავი ტაძრის ტიპი უდევს, როგორებიცაა ექსედრა, როტონდა და ა. შ.; ადგილი ეკლესიაში, სადაც ინახება რელიკვიები.

მასშტაბი (გერ.) _ სიდიდის (სიგრძის) პირობითი გამოსახულება, სიგრძის უფრო მცირე ერთეული. გეგმაზე, რუკაზე _ ხაზის სიგრძის ფარდობა მისივე სიგრძესთან ნატურაში, ე. ი. მის ნამდვილ სიგრძესთან.

მედალიონი (ფრან.) _ წრიულ ან ოვალურ ჩარჩოში მოთავსებული რელიეფური გამოსახულება ან ორნამენტი.

მეჩეთი (არაბ.) _ მიზგითი; მუსლიმთა სამლოცველო, ტაძარი.

მზიდი კონსტრუქცია _ ნაგებობის ან მისი ნაწილის მუშა ელემენტების სისტემა, რომელსაც გადაეცემა კონსტრუქციული დატვირთვები და რომელიც თავის მხრივ საძირკვლებს გადასცემს.

მინარეთი _ მინარა, საყივარი; მეჩეთთან აშენებული კოშკურა ნაგებობა, რომლის ზედა ბაქნიდან მუეძინი მუსლიმებს უხმობს სალოცავად.

მინიატიურა (იტ.) _ ფერებით მოხატული სურათი ან მთავრული ასო ძველ ხელნაწერებში; რისამე გამოსახულება მეტად შემცირებულ ზომებში.

მოზაიკა _ მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი სახეობა. გამოსახულება იქმნება კედლის, იატაკის, ჭერის ან სხვ. ზედაპირზე სხვადასხვა მასალის (მარმარილოს, მინის, კენჭებისა და მისთ.) ნაჭრების მჭიდროდ შეერთებით.

მონასტერი _ ლავრა; ხშირად გალავნით შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელზედაც განლაგებულია ბერ-მონაზონთა თემის ძირითადი ნაგებობანი.

მონოლითი (ბერძ.) _ ქვის მთლიანი ზოდი. მონუმენტური ფერწერა _ ფერწერა, რომელიც არქიტექტურასთან არის დაკავშირებული. უმთავრესად ესაა ფერწერა კედელზე.

მონუმენტურობა (ლათ.) _ სახვითი ხელოვნების ნაწარმოების თვისება _ სიდიადე, მნიშვნელობა, შთამბეჭდავი პროპორციები.

ნავი _ ნაოსი, ნეფი; ბაზილიკის ერთ-ერთი გრძივ ნაწილთაგანი, რომელიც სხვა ნაწილებისაგან სვეტების რიგებით გამოიყოფა. ნალისებრი თაღი _ თაღი, რომელიც ფორმით ნალს წააგავს.

ნაქალაქარი _ ნაქალაქევი; ძველი ქალაქის ნაშთები.

ნახევარსვეტი _ პილასტრი, აყრდნობილი სვეტი, კედლის სვეტი, რომელიც კედლის სიბრტყიდან თავის საგულისხმო სისქის ნახევარზეა გამოწეული. იმეორებს რომელიმე ორდერის სვეტის მწყობრს და წარმოადგენს დეკორაციულ ელემენტს ან კედლის კონსტრუქვიულ შესქელებას.

ნახევარწრიული კამარა _ ცილინდრული კამარა რომლის წარმმართველი ნახევარი წრის მოხაზულობისაა.

ნერვიურა (ლათ.) _ კამარის შიდა ზედაპირის დამანაწევრებელი პროფილირებული ზოლი, წიბო.

პალმეტა (ფრან.) _ სკულპტურული ან ფერწერული ორნამენტი, რომელსაც საფუძვლად უდევს პალმის ფოთლის სტილიზებული გამოსახულება.

პატრონიკე (ბერძ.) _ საპატრონიკე, პატრონიკონი; ტაძარში, მეორე იარუსზე, ანტრესოლის მსგავსად მოწყობილი ბაქანი.

პილასტრა (იტ.) _ იგივეა, რაც ნახევარსვეტი.

პილონი (ბერძ.) _ მასიური ბოძი, რომელიც წარმოადგენს კამარის, გუმბათის ან სხვა კონსტრუქციის ერთ-ერთ საყრდენს.

პორტალი (ლათ.) _ კარიბჭე; არქიტექტურულად დამუშავებული შესასვლელი.

პორტიკი (ლათ.) _ ფრონტონით ან ატიკით დაგვირგვინებული სვეტნარი, რომელიც ხშირად შენობის მთავარ შესასვლელს წარმოადგენს.

რაბათი (თურქ.) _ ვაჭარ-ხელოსანთა დასახლება შუა საუკუნეების ქალაქის ან მონასტრის კედლებთან.

რელიეფი (იტ.) _ 1. მიწის ზედაპირის ხასიათი; 2. ამობურცული სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე.

რესტავრაცია (ლათ.) _ არქიტექტურული, ფერწერული, სკულპტურული და სხვა ძეგლების პირვანდელი სახის აღდგენა, რეკონსტრუქცია.

როტონდა (იტ.) _ წრიული გეგმის მქონე, ცენტრული ნაგებობა, უმეტესწილად დაგვირგვინებული გუმბათით. გვხვდება ხისგადახურვიანი როტონდებიც.

საბჯენი, საბრჯენი _ ბურჯი, საყრდენი; მზიდი კონსტრუქცია.

სადიაკვნე _ საკურთხევლის სამხრეთ მხარეს განლაგებული სათავსი.

საკურთხეველი _ კანკელით გამოყოფილი ნაწილი ქრისტიანული ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს, აფსიდში.

სამკვეთლო _ საკურთხევლის ჩრდილოეთ მხარეს მოქცეული სადგომი, სადაც ღვთისმსახურების ერთ-ერთი წესის აღსრულება _ `კვეთა~ წარმოებს.

სამრეკლო _ ცალკე მდგომი ნაგებობა ან ტაძრის ნაწილი, სადაც ზარებია ჩამოკიდებული.

სანათლავი _ ცალკე შენობა ან ტაძრის ნაწილი, სადაც წარმოებს ნათლისღების წესის შესრულება.

საოსტიგნე, საოსტიგნო (სულხან-საბა) _ საერთო სასადილო ან მისაღები ოთახი მონასტერში; სატრაპეზო; საკუჭნაო.

საპირე _ პირი; ფანჯრის, კარის ღიობის გლუვი ან პროფილირებული მოჩარჩოება. საქართველოში განვითარებულ შუა საუკუნეებში მეტწილად იმკობა წნული ან მცენარეული ორნამენტით.

საჟენი _ ძველი რუსული საზომი ერთეული. შეესაბამება 3 არშინს და ტოლია 213, 36 მ-ის. საძვალე _ სამარხი, მიცვალებულთა დასამარხი ადგილი.

სვეტი _ კოლონა, ბოძი, რომელზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი ან თაღის ქუსლი; შედგება ღეროს, კაპიტელისა და ბაზისისაგან.

სვეტისთავი _ კაპიტელი; სვეტის დამაგვირგვინებელი ნაწილი (კორინთული, იონიური და სხვ.). სიმბოლო (ბერძ.) _ პირობითი ნიშანი, რომელიც გარკვეულ ცნებას აღნიშნავს.

სკულპტურა _ ქანდაკება; სახვითი ხელოვნების ნაწარმოები, რომელსაც მოცულობითი ფორმა აქვს და სრულდება მკვრივი (ქვა) ან პლასტიკური (თიხა) მასალისაგან.

სტელა (ბერძ.) _ მემორიალური ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად დაყენებულ ქვის ფილას წარწერით ან რელიეფური გამოსახულებით.

სტოია (ბერძ.) _ კარიბჭე, ნართექსი; სვეტებიანი, გვერდღია კამაროსანი ნაგებობა _ ტაძრის მთავარი შესასვლელი ან გარშემოსავლელი.

სუბსტრუქცია (ლათ.) _ ნაგებობის მოსათავსებლად გაკეთებული ხელოვნური კონსტრუქცია, მოშანდაკებული ბაქანი, საყრდენი კედელი და სხვ.

სფერული კამარა _ გუმბათის ფორმა უახლოვდება ნახევარსფეროს.

ტაძარი _ საკულტო ნაგებობა, სადაც წარმოებს ღვთისმსახურება.

ტიმპანი (ბერძ.) _პილასტრს, თაღსა და არქიტრავს შორის მოქცეული მრუდხაზოვანი ან სამკუთხა არე.

ტრომპი _ ხუროთმოძღვრული კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც გუმბათის წრიული საფუძველი გადასახურავი სადგომის კვადრატს უკავშირდება. აქვს ნახევარი კონუსის ან მეოთხედი სფეროს სახე. მისი დანიშნულება იგივეა, რაც აფრისა. ტრომპების გამოყენებისას კვადრატიდან წრეზე გადასვლა ხდება არა უშუალოდ, არამედ საფეხურებად (კვადრატი _ რვაწახნაგა _ თექვსმეტწახნაგა _ წრეხაზი).

ფასადი (ფრან.) _ შენობის გარე მხარე; არქიტექტურულად მნიშვნელოვანი წინა მხარე.

ფასცია _ კლასიკური არქიტრავის შემადგენელი ნაწილი, ვერტიკალური სარტყელი, ფრიზსა და კაპიტელს შორის, ზოგჯერ დაფარულია დეკორით.

ფრესკა (იტ.) _ კედლის ნოტიო შელესვაზე წყლის საღებავით შესრულებული მხატვრობა.

ფრიზი (ფრან.) _ ანტაბლემენტის ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც მოქცეულია არქიტრავსა და კარნიზს შორის. ხშირად დაფარულია სკულპტურული გამოსახულებებითა და ორნამენტული მოტივებით.

ქოლგისებრი გუმბათი _ ზონტისებური გადახურვა. შეაფრებული ნაწილებისაგან შემდგარი გუმბათი, რომელიც წააგავს ნახევრად გახსნილ ქოლგას.

ცენტრალურ-გუმბათოვანი შენობა _ შენობის კომპოზიციის არსს შეადგენს ჯვრული გეგმის მქონე ცენტრალური მოცულობა, გადახურული ოთხი ცილინდრული კამარით, რომელთა გადაკვეთაზე აღმართულია ყელიანი გუმბათი.

წირთხლი _ კარის ან ფანჯრის ღიობის შიდა გვერდითი სიბრტყეები; კარის ღიობის შემკვრელი ზედა ძელი.

ჭრილი _ პროექტის ნაწილი, რომელიც პირობითად ასახავს შენობის ვერტიკალურ კვეთს.

ჯამე _ მეჩეთი, მიზგითი, მუსლიმთა საკულტო ნაგებობა.

ჯვრული კამარა _ ერთი და იმავე ისრის მქონე ცილინდრული კამარების გადაკვეთით წარმოქმნილი კამარა.