თქმულებები და ისტორიული ცნობები

ამ ლეგენდარული კუთხის შესახებ გადმოცემები ფართოდ აისახა ჯერ კიდევ ანტიკურ თქმულებებსა და მითოსში, რაც ტაო-კლარჯეთის მხარეს განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს. მას შემდეგ, რაც კავკასიის მთებზე მიჯაჭვული პრომეთე დატოვა მის სანუგეშოდ მოსულმა ოკეანემ, ოკეანიდებთან საუბარში ტიტანი პრომეთე, იაპეტის ძე, უყვება მათ, თუ როგორ გამოსტაცა მოსხის მთაზე ზევსს ცეცხლი. ასე მოგვითხრობს ესქილეს ტრაგედია "მიჯაჭვული პრომეთე". როგორც ცნობილია, ქართულ მითოლოგიაშიც არსებობს მსგავსი თქმულება ამირანის შესახებ. ჯავახეთის ზეგანზე დღესაც არის ადგილი, რომელსაც მოსახლეობა "ამირანის გორას" უწოდებს (დ. ბერძენიშვილი. "ჯავახეთის გზამკვლევი". თბ. 2002. გვ.6).

როგორც ზევსის მიერ პრომეთეს კავკასიის მთებზე მიჯაჭვის, ასევე იასონის კოლხეთში ლაშქრობისას ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცემების შესახებ ლეგენდებმაც ვერ აუარეს გვერდი ტაო-კლარჯეთის მიწას: მითები ჰერაკლეს, არგონავტების, ჰელიოსის ვაჟიშვილის - აიეტისა და აიეტის ქალიშვილის - მედეას შესახებ ამის ნათელი დადასტურებაა.

პირველი მატერიალური კულტურის ძეგლები და პირველი ტომობრივი გაერთიანებები დიაოხში (ტაოხში, ტაოში) შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში და იარსება ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნემდე. ურარტუს მეფეების - არგიშტისა და სარდურ II-ის წერილობით დოკუმენტებში დიაოხები და კოლხები მოხსენიებულია როგორც მსხვილი ტომობრივი გაერთიანებები (R. Metreveli. Georgia. Tennessee. 1995. 14).

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია – ე.ი. კოლხეთის ტერიტორია, მდინარე ჭოროხის შესართავის დასავლეთით და იბერიის ტერიტორია მდინარე მტკვრის სათავისა და ჩილდირის ტბის სამხრეთით – უძველესი დროიდანვე მთლიანად დასახლებული იყო ქართული ტომებით, რომელნიც შემდგომ ქართველ ერად გაერთიანდნენ. ჩვენამდე შემორჩენილი ისტორიული ცნობებიდან აღსანიშნავია: ჰეროდოტეს (ძვ. წ. 490/480-425 წწ.), ქსენოფონტის (ძვ. წ. V ს.), სოფენტე სტიმამფელის (ძვ. წ. V ს.), სტრაბონის (ძვ. წ. 63-ახ. წ. 24 წწ.), პლინიუს სეკუნდეს (23-79 წწ.), პლუტარქეს (46-126 წწ.), კლავდიუს პტოლემაიოსის (II საუკუნის მე-2 ნახევარი), ფავსტოს ბიზანტიელის (V ს.), მოსე ხორენელის და სხვათა ცნობები.

ს. ჯანაშია და ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავენ, რომ "ძველი წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ II საუკუნის დამდეგს იბერიას ეკუთვნის პარიადრის მთიანი ოლქი (ახლანდელი სივასის ოლქის აღმოსავლეთი სექტორი), ხეთთა ძველი სამეფოს ერთ-ერთი ძირითადი რაიონი. აქ იბერია გადიოდა შავ ზღვაზე, რასაც გვიჩვენებს ტიბარანიის სახელწოდება, რომელსაც ატარებდა ქვეყანა ჰალისის შესართავის აღმოსავლეთით ჯერ კიდევ სტრაბონის დროს" (ს. ჯანაშია. N. ბერძენიშვილი. "თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიისშესახებ". გაზ. "კომუნისტი", 14 დეკემბერი, 1945). ძველი წელთაღრიცხვის 66 წელს მითრიდატე პონტოელს, რომელიც პომპეუსს გამოექცა, ევფრატის ზემო წელში შეტაკება მოუხდა ადგილობრივ იბერებთან, ძველი ქართული პროვინციის მკვიდრ მცხოვრებლებთან.

ტიბარანიის აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა მეორე ქართული სახელმწიფო - კოლხეთი, ერთ-ერთი წინა აზიის VI საუკუნის ოთხ უდიდეს სახელმწიფოთაგან, როგორც ამას მოწმობს "ისტორიის მამა" – ჰეროდოტე. მეცნიერებას მოეპოვება სარწმუნო ცნობები კოლხეთის (ქართულად – ეგრისის) სამეფოს საზღვრების შესახებაც. ქსენოფონტი თავის "ანაბაზისში" (ძვ. წ. აღ-ის V ს.) აღნიშნავს, რომ მან ამ მხარეში 10 000 მხედრით იმოგზაურა, ხოლო ქართველი ტომი ტაოხები მოხსენიებული ჰყავს ჭოროხის ხეობაში, ისტორიულ ტერიტორიაზე. მისი ცნობით, ტრაპეზუნტი და კერასუნტი (ამჟამად გირუსენი) კოლხეთის ქალაქებია, ხოლო ტრაპეზუნტის გარშემო კოლხები ცხოვრობდნენ" (ჯ. სამუშია. "ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან". თბ. 2003, გვ. 24-25).

პლუტარქეს ჩვენებით, მტკვრის ხეობა, ვიდრე სათავეებამდე, იბერიაში შედიოდა: "კვიროსი (მტკვარი) ღებულობს სათავეებს იბერიის მთებში" (პ. ინგოროყვა. "გიორგი მერჩულე". თბ. 1954.გვ. 467). იმასთან დაკავშირებით, რომ ჭოროხის ხეობა უპირველესად ეგრისის სამეფოში, იმავე კოლხეთში შედიოდა, პ. ინგოროყვა სახელწოდებების - "კოლხეთისა" და "კოლას" იდენტიფიკაციისას შენიშნავს (პ. ინგოროყვა. "გიორგი მერჩულე". თბ. 1954.გვ. 437): სატომო სახელებში დაბოლოებით "ხი" (კოლხი, ტაოხი, ჯავახი) ფუძე-სიტყვა აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო ბოლოკიდური იმავე შინაარსისაა, რაც "ელი" (მაგ: ტაოელი, კოლაელი). ე.ი. კოლ-ხი და კოლა-ელი ერთი და იგივეა. ამასთან, ქართულ ბოლოკიდურს "ელი" ენაცვლება "არი". ოდიშელი-ოდიშარი, ოპიზელი-ოპიზარი, ოლთისელი-ოლთისარი. ასეთივე წარმოშობისაა კოლაელი-კოლარი. აღსანიშნავია, რომ დასავლურ (მეგრულ-ჭანურ) დიალექტში ბგერა "რ" გადადის ბგერაში "ჯ" ან არქაულ, თავდაპირველ ბგერებში "რჯ". მაგ.: ხარი-ხოჯი, ხორჯი; ფური-ფუჯი, ფურჯი; კოლარი-კოლარჯი, კლარჯი. ამრიგად, კოლხი-კოლაელი-კოლარი-კოლარჯი-კლარჯი ერთი და იმავე სატომო სახელის დიალექტურ სახესხვაობას წარმოადგენს. საინტერესოა ასევე მტკვრის, იმავე კურას ეტიმოლოგია, რომელიც ისევ და ისევ მომდინარეობს გეოგრაფიული სატომო სახელიდან კოლა ანუ კორა, კორახი. პლინიუს სეკუნდას ცნობით, მტკვრის სათავეს აკრავს კორახის მთები. სტრაბონის ცნობით, მტკვარს ერქვა კორა. პ. ინგოროყვას მოსაზრებით, თავკიდური "დ" ("მდ"), რომელიც არქაული კლას-კატეგორიის ნიშანია, დაერთვის მდინარის სახელწოდებას. დ-კორი, მდ-კორი, იგივეა რაც მტკვარი (პ. ინგოროყვა. "გიორგი მერჩულე". თბ. 1954.გვ. 438).

საგულისხმოა, რომ მდინარეს თურქულადაც კურა ეწოდება და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობაც მას ასევე ეძახის.

აქვე მნიშვნელოვანია საგანგებოდ შევჩერდეთ ლაზეთის (ჭანეთის) სამეფოზეც. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში რომაელებმა მოახერხეს კოლხეთის დაპყრობა. უფრო გვიან, IV საუკუნეში, აღმოსავლეთ კოლხეთისაგან შეიქმნა ლაზთა სამეფო, რომელსაც ქართველები კვლავ უწოდებდნენ ძველ ეროვნულ სახელს – ეგრისს. ლაზიკა რომ კოლხეთის მემკვიდრეა, ამას ბევრი ბიზანტიელი ისტორიკოსი ადასტურებს. კერძოდ, პროკოპი კესარიელი VI საუკუნეში აღნიშნავს: "შეუძლებელია, რომ კოლხები იგივე ლაზები არ იყვნენ... კოლხთა სახელი ლაზებად შეიცვალა, როგორც ეს ბევრ სხვა ხალხშიც მომხდარა". ამის შესახებ უფრო გარკვევით ლაპარაკობს პროკოპის უმცროსი თანამედროვე და თანამემამულე აგათია: "ძველად რომ ლაზებს კოლხები ერქვათ და ისინი რომ ნამდვილად კოლხები არიან, ამაში არავინ დაეჭვდება, ვინც კი გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და გარშემო ქვეყნების მოსახლეობას". "ლაზები, — ამბობს იგივე ბიზანტიელი მწერალი, — ძლიერი და მამაცი ხალხია, რომელიც ბატონობს სხვა ძლიერ ხალხებზე. ისინი ფრიად ამაყობენ კოლხთა ძველი სახელწოდებით და, ალბათ, არც უსაფუძვლოდ" (ჯ. სამუშია. "ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან". თბ. 2003, გვ. 25).

ოსმალეთმა 1578 წელს დაიპყრო სამხრეთ საქართველო, სამცხე და მას გურჯისტანის, ე.ი. საქართველოს ვილაიეთი უწოდა. დაცულია 1595 წლის ოსმალეთის ოფიციალური დოკუმენტი – "საქართველოს ვილაიეთის დიდი დავთარი", რომლის ერთ ნაწილში, სხვა რაიონებს შორის, აღწერილია ჩილდირის, ფოცხოვის, პანიაკის (ბანას), არტაანის რაიონები. მეორე ვილაიეთი – ტრაპეზუნტისა – XIX საუკუნის სამოციან წლებში შეიცავდა მთელ ტერიტორიას მდინარე ყიზილ-ირმაქამდე (ძველი ჰალისი) და გაყოფილი იყო ოთხ სანჯაყად: 1. ლაზისტანი, რუსეთის საზღვრიდან ქ. რიზემდე; 2. ტრაპეზუნტის სანჯაყი, რიზედან ქ. ორდუმდე; 3. ჯანიქი, ორდუდან მდინარე ყიზილ-ირმაქამდე, ცენტრით ქ. სამსუნში და 4. გუმიშხანე. ამრიგად, ჯერ კიდევ XIX საუკუნის დამლევს ოსმალეთის ოფიციალური ნომენკლატურა მოწმობდა, რომ ქალაქ სამსუნის ოლქიც კი, თვით ყიზილ-ირმაქამდე, არის ჯანიქი – ჭანების, ე.ი. იმავე ლაზების ქვეყანა" (ჯ. სამუშია. "ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან". თბ. 2003, გვ. 30).

შესაბამისად, ლაზურმა ენამაც და კულტურამაც განიცადა ჯერ ბერძნების, ხოლო შემდეგ ოსმალების დიდი გავლენა. ამის მიუხედავად, ი. ყიფშიძის, ნ. მარის, არნ. ჩიქობავასა და სხვათა აზრით, მორფოლოგიური სტრუქტურა, ფონეტიკური სისტემა, იდიომატიკა, და როგორც იტყვიან, მთელი ფსიქოლოგია ლაზური მეტყველებისა იგივეა, რაც ქართველურ ენებში. საგულისხმოა ლაზური სახელები (მაგალითად, ტუხა — ქალის სახელი) და გვარები: ხეცია, პატარაია, ნორაკია, ლომიძე და სხვა. ცნობილია ლეგენდა მეფის წყაროზე (ლაზურად: "მაფა წყარი"), რომლებიც თამარ მეფის სახელს უკავშირდება. დიდია ლაზური სამოსის მსგავსება გურულებისა და აჭარლების დამახასიათებელ ტანისამოსთან და ყაბალახთან, ლაზური და გურულ-აჭარული ცეკვების (უპირველეს ყოვლისა, ქართული საბრძოლო ცეკვის "ხორუმის") მსგავსება; მსგავსია დღემდე შემორჩენილი უამრავი ადათ-ჩვევა და ა.შ. ტრაპიზონის იმპერიის დაცემამდე (1461 წელს), კონსტანტინოპოლის დაცემიდან 8 წლის შემდეგ, ბევრი ლაზური რაიონი გაბერძნებული იყო. რელიგიის ერთიანობა, საქართველოსთან პირდაპირი კავშირის უქონლობა, რაც გამოწვეული იყო მონღოლური შემოსევებისაგან დანაწევრებული და დასუსტებული საქართველოს მდგომარეობით, ხელს უწყობდა ლაზების ასიმილაციას ბერძნებთან. XV საუკუნიდან კი დაიწყო ლაზების მასობრივი გათურქების პროცესი.

აი, რას წერდა ვახუშტი ბატონიშვილი 1745 წელს: "ბაიბურდისა და ფორჩხის სამხრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არს ესე შავი ზღვის კიდის წადევნებით, გონიიდამ ტრაპიზონის საზღვრამდე. გონიის დასავლით მოერთვის ზღვას მდინარე... ამ მდინარის იქით არს ხოფჯა, ქალაქი მცირე, ზღვის კიდესა ზედა. აქ მოერთვის მდინარე ხოფჯისა... კვალად მოერთვის ზღვას მდინარე ხოფჯას იქით გამომდინარე ჭანეთისავე მთისა... ამ მდინარის დასავლით არს ქალაქი მცირე რიზა, ზღვის კიდეზედ. მოერთვის მუნვე მდინარე მისივე ზღვასა..., ხოლო ამის დასავლით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდამ. და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა. აქა არს რკინის-პალო, აქავ არს სატყეპელა. აქ აღაშენა მეფემან არჩილ მოწამემან ციხე შემდგომად ყრუს შემოსვლისა. ...კაცნი არიან... სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოვებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კვალად ქართული ენა ვიეთამე... არამედ არა არს ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარნი, რომელსა შინა არა იდგეს საყდარი ანუ ეკლესია, თლილის ქვით ნაშენნი, ორი ანუ სამი, დიდნი და მცირედნი, და ეგრეთვე ყოველთა საქართველოსა შინა, რომელნიცა აღვსწერენით" (ვახუშტი. "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, 1941, გვ. 142-143). თურქულ ენციკლოპედიაში "ჰაამუსულ-ალამი" ნათქვამია: "ლაზები ცხოვრობენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ტრაპეზუნტის ვილაიეთში... ითვლებიან კავკასიელ ხალხად და ქართველებთან ნათესაური კავშირი აქვთ... მათი გარეგნობაც კი მოწმობს მათ კავკასიურ წარმოშობასა და რასას" (ჯ. სამუშია. "ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან". თბ. 2003, გვ. 31).

ტაო-კლარჯეთი და ფარნავაზ მეფე

როგორც აღნიშნულია ვებ-გვერდის ნაწილში - “გეოგრაფია” - ლეონტი მროველის ცნობით, ჯერ კიდევ ქართლოსმა თარგამოსისგან მემკვიდრეობით მიიღო ქვეყანა "ხუნანითგან ვიდრე ზღვამდე სპერისა... რომელსა ეწოდა სახელი თავისა თვისისა" - ქართლი. მის ხუთ შვილთაგან გაჩიოსს ერგო "ორბისციხე და სკვირეთის მდინარითგან ვიდრე თავამდე აბოცისა", ხოლო მცხეთოსს, "რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, განმგე და უფალ მათ ოთხთავე ძმათა ზედა", დარჩა "ქვეყანა ვიდრე ზღვამდის სპერისა". მცხეთოსის შვილთაგან უფლოსს ეპყრა ქვეყანა "მცხეთას არაგვითგან და ტფილისითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანავრადმდე... რომელსა აწ ჰქვიან შიდა ქართლი; ოძრხოსს - ტასისკარითგან ვიდრე ზღვამდე სპერისა, ქვეყანა კლდოვანი. ამან ოძრხოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრხე და თუხარისი; ხოლო ჯავახოსს - ფანავრითგან ვიდრე თავამდე მტკვრისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქვა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვიან ჰური".

მოგვიანებით, ძვ. წ. IV-III სს-ში ფარნავაზმა, "პირველმა მეფემ ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანმა", გააერთიანა ქართლოსიანნი, დაყო რა სამეფო რვა საერისთავოდ: ..."მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად, და მისცა სკვირეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი; მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფანავრითგან ვიდრე თავამდის მტკვრისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი; მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტისთავითგან ზღვამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა; მეშვიდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანითგან ზღვამდე; და მერვე, ქუჯი, იყო ერისთავი ეგრისისა".

თავად ფარნავაზმა კი, რომელიც "სამოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ... თვენი გაზაფხულისანი და სთვლისა არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თვენი ზაფხულისანი - წუნდას, და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი... ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული" (ლეონტი მროველი. "ცხოვრება მეფეთა". ქართული მწერლობა. ტ. I. თბილისი. 1987. გვ. 49-58).

“ისტორიული დროიდან” კი, ქართულ მატიანეთა ცნობით, ამ მხარის უძველესი ქართული კერებია: თუხარისი, არტანუჯი, ახიზა, ფორთა, ანჩი, ოპიზა, სადაც დაარსდა კიდეც საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ პირველი ქართული ეკლესია-მონასტრები.

 

ტაო-კლარჯეთი და ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში

პირველი ქართული ეკლესია ერუშეთში

საქართველოში აგებული პირველი ქრისტიანული ეკლესია მდებარეობს არტაანის მხარეში, ერუშეთში, რომელიც პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის, მირიანისა და ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება; ეკლესია, რომელიც კონსტანტინე დიდმა მირიანის თხოვნით ბერძენ ხუროებს ააშენებინა და თან გამოატანა განძი და მაცხოვრის “სამსჭვალნი ხელთანი”: “და ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქვიან ერუშეთი და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა, დაუტევნა განძი და სამსჭვალნი უფლისანი და წარმოვიდა” (ლეონტი მროველი. “ცხოვრება ქართველთა მეფეთა”. ქართლის ცხოვრება. I ტ. თბ. 1955. გვ.117). იმავე ცნობით, ამ ფაქტს დიდი სიხარულით შეხვდა წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელიც.

ტაო-კლარჯეთი და ვახტანგ გორგასალი

370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და “მიერთნეს ბერძენთა”. მისი დაბრუნება მხოლოდ ქართველთა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა შეძლო 456 წლის ბოლოსთვის: “უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი” (“ქართლის ცხოვრება”. I ტ. თბ. 1955. გვ.117; ვ. გოილაძე. “ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი”. თბ. 1991. გვ. 141-145).

ვახტანგის ბრძანებით მისმა ძუძუმტემ, კლარჯეთის ერისთავმა არტავაზმა განაახლა ახიზა და ააშენა კიდევ ერთი ციხე არტანუჯში, დაარსა პირველი ქართული მონასტერი ოპიზაში და ააშენა სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა.

არსებობდა ასევე ტრადიცია, რომელიც ვახტანგ მეფეს უკავშირებდა თუხარისის წმ. გიორგის ეკლესიის აშენებას, თუმცა ისტორიული ცნობებით ის 350 წლის მიჯნაზე ააშენა ვარაზ-ბაქარის მამამ მირდატ მეფემ (დავით ხოშტარია. “კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები”. არტანუჯი. თბ. 2005. გვ. 29, 25).

მოგვიანებით, ვახტანგმა ახიზაში დაარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრაც.

VI-VIII საუკუნეები

523 წელს ქართლში მეფობა გაუქმდა და თითქმის მთელი ქვეყანა სპარსელთა უშუალო მმართველობას დაექვემდებარა. ჯუანშერის ცნობით, სპარსელთაგან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა მხოლოდ ორმა განაპირა მთიანმა მხარემ – კახეთის მთიულეთმა, სადაც თავი შეაფარეს ბაკურ მეფის შვილებმა, და კლარჯეთ-ჯავახეთმა, სადაც “კლდეთა შინა კლარჯეთისათა” მთავრობდა ვახტანგ გორგასალის შთამომავალი გუარამი, ბიზანტიური წყაროებით - გურგენი (დავით ხოშტარია. “კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები”. არტანუჯი. თბ. 2005. გვ. 37). ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინე II-მ მას 571 წლის აჯანყების შემდეგ ქართლის მმართველობა დაუბრუნა და კურაპალატის ტიტული უბოძა. ამ პერიოდში ქართლზე ზეგავლენა პერიოდულად გადადიოდა ხან სპარსეთის, ხან ბიზანტიის ხელში; 627 წელს კი, იმპერატორ ჰერაკლე II-სთან განცდილი მარცხის შემდეგ, სპარსეთმა ქართლი საბოლოოდ დაუთმო ბიზანტიას (დავით ხოშტარია. “კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები”. არტანუჯი. თბ. 2005. გვ. 38).

ცალკეული მეცნიერების მოსაზრებით, VI-VII სს-ს უკავშირდება მხარეში სომხური მიგრაციის ნაკადის მოძალება, რომელსაც ნ. მარი და კ. კეკელიძე მხარის “არმენიზაციადაც” კი მიიჩნევენ. VIIს-ის მე-2 ნახევრიდან კი საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. 654 წელს ქართლის ერისმთავრები, კლარჯეთის ჩათვლით, წინააღმდეგობის გაუწევლად დამორჩილდნენ არაბებს, რომელთა ბატონობა განსაკუთრებით დამძიმდა VIIIს-ის I ნახევარში მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ (730 თუ 731 წელს), რასაც დაერთო ქოლერა ("სლვა სატლობისა"), რომელმაც თითქმის დააცარიელა და გაავერანა ეს მხარე (დავით ხოშტარია. “კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები”. არტანუჯი. თბ. 2005. გვ. 40-43).

ასეთი იყო ვითარება VIII-IX სს მიჯნაზე, როცა აქ დაახლოებით ერთდროულად გამოჩნდა ორი დიდი პიროვნება, სასულიერო და საერო წინამძღოლები: წმ. გრიგოლ ხანცთელი და მეფე აშოტ ბაგრატიონი.

ტაო-კლარჯეთის აღმშენებლობა და მეფე აშოტ I კურაპალატი

არაბების მიერ დევნილი ქართლის ერისთავი აშოტ დიდი თავისი სეფეწულითა და დიდის ამალით კლარჯეთში, არტანუჯში დამკვიდრდა. იგი იყო ქართველთა პირველი ბაგრატიონი მეფე. ამ პერიოდში წმ. გრიგოლ ხანძთელს უკვე დაწყებული ჰქონდა ტაო-კლარჯეთში სამონასტრო კოლონიზაცია, რამაც აშოტის დამკვიდრების შემდეგ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. მაშინ განახლდა არტანუჯი, რომელიც ამის შემდეგ "ქართველთა სამეფოს" დედაქალაქად იქცა.

არტანუჯის მშენებლობა, ჯუანშერის თანახმად, როგორც აღინიშნა, ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება: "და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა და ვითარცა წარმოვიდა თუხარისიდან, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა". ამასვე ადასტურებს როგორც გიორგი მერჩულე, ისე სუმბატ დავითის ძე: "და პოვა (აშოტმან) კლარჯეთს ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ გორგასალს ვახტანგს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი, და აოხრებულ იყო (მურვანისა) მის ყრუობისაგან, იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი... და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად" (პ. ინგოროყვა. "გიორგი მერჩულე". თბ. 1954. გვ. 48). აქვე აშენებს აშოტი პეტრე-პავლეს ეკლესიასაც.

აშოტ კურაპალატმა შექმნა "ქართველთა სამეფო". აშოტ I-ს მიიჩნევენ ქრისტიან ხალხთა გამაერთიანებლად და კავკასიაში ანტიარაბული ფრონტის შემქმნელად. სომეხთა ისტორიკოსის _ ვარდან დიდის ცნობით, აშოტ I ერეოდა სომხეთის საქმეებშიც და როდესაც მუსულმანმა მფლობელმა ჯამასპმა დაიკავა სომხეთის დედაქალაქი დვინი, აშოტმა სომხებისათვის დახმარება სთხოვა ბიზანტიის იმპერატორს ლეონ V-ს. აშოტ I-ის დროს უკვე არსებული სამი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს (დასავლეთ საქართველოს, კახეთისა და ჰერეთის) გვერდით შეიქმნა მეოთხე ქართული სახელმწიფო საქართველოს იმ ნაწილში, სადაც უფრო მეტხანს იყვნენ გამაგრებულები არაბები და სადაც არაბთა მფლობელობამ გასტანა საუკუნე-ნახევარზე მეტი.

აშოტ I-ის დროს განახლებული "ქართველთა სამეფო" მნიშვნელოვან მისიას შეასრულებს ქართველი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ადრეულ შუა საუკუნეებში.

აშოტ I-ის ზეობაში ბრძოლა არაბებთან არ დასრულებულა, იგი არანაკლები სიმწვავით გაგრძელდა შემდეგაც, მაგრამ აშოტ I-ის დროს განახლებული "ქართველთა სამეფო" უძღვებოდა ამ ბრძოლას და ბოლომდე შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ვიდრე იმ დრომდე, როდესაც ქართული ფეოდალური სახელმწიფოები გაერთიანდნენ ერთ მთლიან ფეოდალურ მონარქიად. X-XI სს-ის საზღვარზე შეიქმნა ეს ახალი მთლიანი საქართველოს სახელმწიფო. მთავარი წვლილი გაერთიანების საქმეში "ქართველთა სამეფოს" მოღვაწეებმა შეიტანეს. გაერთიანებულ საქართველოს სათავეში ჩაუდგა იგივე დინასტია, რომელიც მანამდე, აშოტ I-ის დროიდან მოყოლებული, "ქართველთა სამეფოს" მეთაურობდა. "სწორედ სამხრეთ საქართველოს პროვინციის _ სპერის (ისპირი) მფლობელებმა, ბაგრატიონებმა, რომელთა საკუთარი მამული მდინარე ჭოროხის ზემო წელში, ქალაქ ბაიბურთის რაიონში იყო, საფუძველი დაუდვეს საერთო-ეროვნულ დინასტიას, რომლის წარმომადგენლებიც ჯერ მხოლოდ საქართველოს ერთი ნაწილის – ტაო-კლარჯეთის მმართველები იყვნენ, მათ ბრძოლით დაიბრუნეს სამხრეთ საქართველოს მიწა-წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, მეფე დავით III-მ 979 წელს აიძულა ბიზანტიის იმპერატორი ბასილი, დაეთმო საქართველოსათვის წინათ წართმეული მისი ოლქები: კარინი (ქალაქ არზრუმის ოლქი), ჰარქი და აპაჰუნიქი (იმ დროს უკვე სომხებით დასახლებული, ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთით), უმნიშვნელოვანესი ციხე-სიმაგრე ხალდოი არიჭი (რაც ნიშნავს ხალდთა სოფელს) და კლისური (ზეკარი) არზრუმიდან ტრაპეზუნტს მიმავალ მაგისტარლურ გზაზე, ჩორმაირი მდინარე ჭოროხის ზემო წელში და სხვა.

ოთხმოციან წლებში დავითმა საზღვრები გააფართოვა უფრო შორს სამხრეთ-დასავლეთით, დაიბრუნა ოლქები: დერჯანი (ამჟამად ტერჯანი) და ტარონი, ხოლო 997 წელს მან აიღო ქალაქი მანასკერტი (მელიაზგერდი). ამრიგად, საქართველოს სამხრეთი საზღვრის ხაზი გადაჭიმულ იქნა ვანის ტბიდან ერზინჯანამდე" (ჯ. სამუშია. "ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან". თბ. 2003, გვ. 26-27). არტანუჯს მას შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, რაც აშოტის სახლი ორად - კლარჯეთისა და ტაოს სამეფოებად გაიყო. IX საუკუნეში ის რჩება "ქართველთა სამეფოს" დედაქალაქად. აქ არის რეზიდენცია როგორც აშოტ I-ისა, ისე მის მემკვიდრეთა. ბიზანტიის იმპერატორი პორფიროგენეტი არტანუჯის შესახებ წერს: "არტანუჯის ციხე დიდად გამაგრებულია და აქვს დიდი "რაბათი", როგორც მხარის მთავარ ქალაქს შეშვენის. აქ თავს იყრის საქონელი ტრაპეზუნდიდან, იბერიიდან, აბაზგიიდან (დასავლეთ საქართველოდან), სომხეთიდან და სირიის ყველა ქვეყნიდან და ქალაქს დიდი ვაჭრობა აქვს. არტანუჯის მხარე, ესე იგი არზენი, დიდია და მდიდარი, - იგი არის გასაღები იბერიისა, აბაზგიისა და მესხეთისა". ქალაქის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი გუმბათიანი ეკლესიის ნაშთები, რომელსაც ვახუშტიც მოიხსენიებს. ეკლესია შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, როდესაც ის ნ. მარმა დააფიქსირა. გეგმით "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ვარიაციაა; ნაგებია დიდი ზომის ქვის ბლოკებით. ტაძარი IX ს-ის I ნახევრით თარიღდება.

IX საუკუნის II ნახევარში იმავე ჭოროხის ხეობაში, ამიერ ტაოს პროვინციაში დაარსდა მეორე სახელმწიფოებრივი ცენტრი "ქართველთა სამეფოსი" - ბანა. უფრო გვიან, ბაგრატ III-ის დროიდან, გაერთიანებული საქართველოს ცენტრი ხდება ქუთაისი, ხოლო დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოს სახელმწიფოს მეტროპოლია ისევ თბილისში იქნა გადმოტანილი. აშოტ I-მა დიდი მშენებლობა ჩაატარა ოპიზაში, კლარჯეთის მხარის ამ უძველესსა და უმნიშვნელოვანეს სავანეში - მან მეორედ ააშენა მთავარი ტაძარი და მთელი წყება სამონასტრო ნაგებობათა. აშოტ I-ს 809-813 წლებში მიუღია მეფის ტიტული, ხოლო მოგვიანებით, არა უადრეს 818 წლისა - კურაპალატისა.

როგორც ექ. თაყაიშვილი აღნიშნავს: "აშოტ დიდის და მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლების დროს ტაო-კლარჯეთი აღივსო ეკლესია-მონასტრებით, რომელნიც იმავე დროს შეადგენდნენ კერას ქართული განათლებისა. უძველესი ქართული მწერლობის ძეგლები ტაო-კლარჯეთმა შემოგვინახა. ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, ბიბლიოთეკა, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატიურისტები და ოქრომჭედელნი" (ექ. თაყაიშვილი. "სამუსულმანო საქართველო". "დაბრუნება". ტ.I. თბ. 1991. გვ. 207). უძველესი ხელნაწერები, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევიათ და გადაწერილია საქართველოს ყოფილ საზღვრებში და არა უცხოეთის ქართულ კერებში (სინას მთაზე, პალესტინაში, ათონზე და სხვა), ყველა ეკუთვნის ტაო-კლარჯეთის მონასტრებს.

იბერიის განთავისუფლებისათვის დაუღალავი მებრძოლი, ქართველთა სამეფოს აღდგენის დიდი მოამაგე მეფე აშოტ I კურაპალატი დაიღუპა არაბებთან ბრძოლაში (არაბთა მხედართმთავრის - ხალილ იეზდის ძე არაბიელის კავკასიაში ლაშქრობის დროს) 826 წელს, 26 იანვარს. იგი მოკლულ იქნა ღალატით არაბთაგან მოსყიდული ნიგალის-ხეველთა ერთი ჯგუფის მიერ. ამას ადასტურებენ როგორც სუმბატ დავითის-ძის მატიანე, ასევე გიორგი მერჩულე. აშოტ I დასაფლავებულია არტანუჯის ციხის ტერიტორიაზე, მის მიერვე აგებული პეტრე-პავლეს ეკლესიის გვერდით. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნანგრევები.

გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინა",

ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე

VIII-X საუკუნეები პოლიტიკურთან ერთად საგანმანათლებლო და სამშენებლო საქმიანობითაც ხასიათდებოდა. როგორც კ. კეკელიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტაო-კლარჯეთის კურაპალატების თაოსნობით საქართველოს ეკლესიური და კულტურული დამოუკიდებლობის მოპოვება, რამაც დაუდო კიდეც საფუძველი ერთიანი სახელმწიფოებრიობის იდეას და ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას: "საქართველოში უკვე ფეხი მოუდგამს კულტურულ-ეროვნული ერთობის იდეას, უმთავრესად ეროვნული ეკლესიის წიაღში" (კ. კეკლიძე. "ქართული ლიტერატურის ისტორია". ტ.I. თბ. 1960. გვ.153). VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე, კლარჯეთში დაარსდა და განახლდა მთელი რიგი სავანეები, რომლებიც იქცნენ ქართული განათლების კერებად, კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრებად შუა საუკუნეებში.

გიორგი მერჩულის თხზულების - "ცხორება გრიგოლ ხანძთელის" მიხედვით, ეს სავანეები რიცხვით თორმეტი ყოფილა. ამიტომ არის, რომ ძველ-ქართულ წყაროებში ისინი კლარჯეთის "ათორმეტ" სავანედ, და თავიანთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს სინად არის ცნობილი. თუ რამდენად დიდი იყო კლარჯეთის სავანეთა მნიშვნელობა ქართული განათლებისათვის VIII-X საუკუნეთა მანძილზე, ეს შეიძლება დავასკვნათ იმ მოღვაწეთა ჩამოთვლით, რომლებიც ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ: წმ. გრიგოლ ხანძთელი - მეთაური საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობისა IX-X საუკუნეებში, "კეთილად განმგებელი მოღუაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი"; საბა იშხნელი, გრიგოლის დეიდაშვილი, მეორედ აღმშენებელი და ეპისკოპოსი იშხნისა; თევდორე და ქრისტეფორე, რომლებიც გრიგოლისაგან ფარულად ტაოდან დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში გაემგზავრნენ და იქაც გასწიეს სამონაზვნო საქმიანობა; სწორედ ეს ოთხნი გაეშურნენ პირველად ოპიზას და დაიწყეს სამონასტრო მშენებლობა, "ვითარცა სულმა ერთმა ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებულმა"; თევდორემ და ქრისტეფორემ აფხაზეთის გზაზე სამცხეში დაიმოწაფეს ექვსი წლის არსენი, რომელიც შემდგომად გახდა "ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდარისა გვირგვინი დაუჭნობელი"; გაპარული მოწაფეების მოსაბრუნებლად აფხაზეთში წასულმა გრიგოლმა ქართლში დაიმოწაფა ჭაბუკი ეფრემი, რომელიც შემდეგ აწყურის ეპისკოპოსი გახდა; სოფრონ შატბერდელი, იოანე ზოსიმე შატბერდელი-სინელი, ილარიონ პარეხელი, ქართველ ჰინმოგრაფთა პლეადა და სხვანი. ამ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნის, კერძოდ, გიორგი მერჩულე, რომელიც კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელია X საუკუნეში და რომლის ნაწარმოები "ცხორება გრიგოლ ხანძთელისა" აქ, კლარჯეთში, ხანძთაში არის დაწერილი.

ქართლის დიდებულების შთამომავალი, ნერსე ერისთავის ოჯახში აღზრდილი გრიგოლი ახალგაზრდობაშივე ეკურთხა მღვდლად. მან ფარულად დატოვა ქართლი და 780 წლის ახლო ხანებში კლარჯეთში გაემგზავრა, დაარსა იქ "ათორმეტ სავანედ" ცნობილი სასულიერო კერები და 830-იანი წლებიდან მათ არქიმანდრიტად მოიხსენიება. მთელი ქართლის მასშტაბით მას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის არა მარტო სამონასტრო საქმეებში, არამედ საერო ხელისუფალთა და მეფეთა წინაშეც, რისი დასტურიც იყო არსენ ქართლის კათალიკოზთან დაკავშირებული ცნობილი ინცინდენტი.

დღესაც, ჩვენი ცნობიერის ყველაზე დაბინდულ-დახავსებულ კუნჭულში სუსტად, მაგრამ მაინც გაისმის 102 წლის წმიდა მამის, “უდაბნოთა ქალაქთმყოფელის”, გრიგოლ ხანცთელის მიერ გარდაცვალების წინ (861 წელი) წარმოთქმული სიტყვები: “შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილითა სძლეთ და ნუ შეძრწუნდებიან გონება თქუენი, რამეთუ მე ესრეთ აღგითქუამ: არა დაგაკლოს თქუენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას... ...და ეგრეთვე ვამცნებ შემდგომითი შემდგომად შვილთა ჩემთა, რათა დაიმარხონ წმიდა ესე მოძღვრებაი. და უკუეთი ჟამმან ჭირისაგან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობა იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შუებისა მრავლისა მიდევნებითა”. სრულიად საქართველოს სატკივარიც საუკუნეებით ადრე წარმოთქვა ხანცთასა და შატბერდთან, “გარემო მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზა და ფრთენი მისნი, ბერთა და მახლობელნი მისნი, მიძნაძორო და წყაროსთავი თანამკვიდრით მათითურთ” გამომშვიდობებისას “ზეცისა კაცმა და ქუეყნისა ანგელოზმა” – გრიგოლ ხანძთელმა: “აწ დაღაცათუ ხორცითა განგეშორები, ხოლო სულითა შენთანა ვარ შეწევნად შენდა”...

...გიორგი მერჩულეს აღწერილი აქვს, თუ როგორ იმოგზაურეს კლარჯეთის "ათორმეტ" სავანეთა მხარეში IX საუკუნის 30-იან წლებში აშოტის მემკვიდრეებმა - მეფე-კურაპალატმა ბაგრატ I-მა და მისმა ძმებმა (ადარნესემ და გვარამ მამფალმა) წმ. გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების თანხლებით. ამ მოგზაურობიდან 11 საუკუნის შემდეგ ჩვენ საშუალება მოგვეცა მივყოლოდით "ჩუენთა დიდთა წინაპართა" ნაკვალევს და არტანუჯიდან იმავე მარშრუტით მოგვენახულებინა: 1. შატბერდი; 2-6. "ბერთა და მახლობელნი მისნი" (დოლისყანა-ჯმერკი-დაბა-ბერთა, აგრეთვე პარეხი); 7. ოპიზა; 8. ხანძთა; 9. მერე; 10. მიძნაძორო; 11. წყაროსთავი; 12. ბარეთელთა (თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობის დროს ნახსენები არ არის პარეხი და მერე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განეკუთვნება "სინათა" რიცხვს).

ტაო-კლარჯეთის რენესანსი და ტრაგედია

(ექვთიმე თაყაიშვილის "სამუსულმანო საქართველოსა" და ვიქტორ ნოზაძის "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო"-ს მიხედვით)

აღიარებული ფაქტია, რომ ტაო-კლარჯეთი იყო მემკვიდრე და გამგრძელებელი მცხეთა-თბილისის კულტურისა. ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო და შემდგომ გაერთიანდა მთელი საქართველო ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურობით. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი. ამ პროცესში იყო დრო, როდესაც ძალით სჭარბობდა კახეთის ქორიკოზი; შემდეგ დიდი ძალაუფლება მოიპოვეს აფხაზთა მეფეებმა (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი და ქართლის ნაწილი); მაგრამ ვერც კახეთის მფლობელებმა და ვერც აფხაზეთის მეფეებმა ვერ შეძლეს საქართველოს გაერთიანება. ეს წილად ხვდათ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს ("ქართველთა ბაგრატიონებს", "კლარჯეთის სახლის" მემკვიდრეთ). ამის მიზეზი იყო, ერთი მხრივ, მათი უნარი, ენერგია და შორსმჭვრეტელობა; მეორე მხრივ, და ეს თავი და თავია, უაღრესად მაღალი კულტურა, რომელსაც მიაღწია ტაო-კლარჯეთმა მეცხრე და მეათე საუკუნეებში.

აშოტ I-ის გარდაცვალების შემდეგ (826 წელი) ხელისუფლება მის მემკვიდრეებს შორის ნაწილდება და იქმნება ორი მმართველი სახლი: ტაოსი და კლარჯეთის. უფროსობა ფორმალურად ტაოს შტოს ეკუთვნოდა. შემდეგ, თავის მხრივ, ტაოს შტოც გაიყო. ჩრდილო-აღმოსავლეთი, ამიერტაო, ეკუთვნოდა ქართველთა მეფე ბაგრატ II-ს (958-994), ხოლო სამხრეთ-დასავლეთი, იმიერტაო, აგრეთვე ბასიანი და თორთომი - დავით III-ს (გარდ. 1001წ.) (მ. ლორთქიფანიძე. "მეფე ბაგრატ III". ქუთაისი. 2002. გვ.20).

სწორედ ამ დროს გამოდის ასპარეზზე ბაგრატ ბაგრატიონი, მომავალი მეფე ბაგრატ III (975–1014), რომელიც იმდროინდელ საქართველოში არსებული სამი სამეფო სახლის მემკვიდრე იყო. მამის ხაზით მას "ქართველთა მეფობა" ეკუთვნოდა (ქართველთა მეფის, ბაგრატ II-ის შვილიშვილი და გურგენის შვილი), დედის ხაზით - "აფხაზთა მეფობა" (აფხაზთა უსინათლო მეფის, თეოდოსის დის - გურანდუხტის ვაჟი), ხოლო როგორც ტაოს უშვილო მეფის, დავით III კურაპალატის შვილობილს - "ტაოს მეფობა"; ის თავის პიროვნებაში განასახიერებდა საქართველოს ერთიანობას (მ. ლორთქიფანიძე. "მეფე ბაგრატ III". ქუთაისი. 2002. გვ. 19). მიუხედავად ამისა, ბაგრატ III-ის 36-წლიანი მეფობა არ იყო ია-ვარდებით მოფენილი და რეალურად ასახავს საქართველოსა და, კონკრეტულად, ტაო-კლარჯეთის ისტორიის დრამატიზმსა და ტრაგიზმს: 975 წელს ქართლში ბაგრატის მეფედ კურთხევისთვის მოსული დავით III ტაოელი ქვახვრელს დადგა, სადაც მას ეახლა იოანე მარუშის-ძე და დავითმა "აღიღო მისგან უფლისციხე", რადგან ბაგრატი ჯერ სრულასაკოვანი არ იყო, თანაგამგებლად დაუტოვა მამა მისი გურგენი და თვით ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით შეკრებილ საზოგადოებას მოახსენა: "ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე; ამას დაემორჩილეთ ყოველნი" (მ. ლორთქიფანიძე. "მეფე ბაგრატ III". ქუთაისი. 2002. გვ. 26). ამის შემდგომ ბაგრატ III-ს მოუწია არა მარტო ქართლის ფეოდალთა აჯანყების ჩახშობა, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა 980-იან წლებში და 989 წელს კლდეკარის ერისთავთ-ერისთავის რატი ბაღვაშისძის დამარცხება, არამედ მკვეთრი დაპირისპირება თავად მამობილთან, დავით III ტაოელ კურაპალატთან და კლარჯეთის ბაგრატიონების, ანუ უახლოესი ნათესავების დაპატიმრება და ამოჟლეტაც კი. დავით III-ის სიკვდილის შემდეგ (1001წ.) ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ ტაო დაიკავა და ეს ტერიტორია ბაგრატსა და ბიზანტიას შორის ცილობის ობიექტი გახდა. 1008 წელს ბაგრატ III-მ შემოიერთა ამიერტაო, შავშეთი და კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამ დროიდან იგი "აფხაზთა და ქართველთა მეფის" ტიტულს ატარებდა. 1010 წელს ბაგრატმა დაიკავა კახეთ-ჰერეთიც. მის სახელს უკავშირდება ქუთაისის ბაგრატის ტაძრის, ნიკორწმინდისა და აფხაზეთში ბედიის მონასტრის მშენებლობებიც.

მემატიანეთა გადმოცემით, ეს "დიდი მეფე" გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში, ხოლო დასაფლავებულია ბედიის მონასტერში, აფხაზეთში. ამგვარად, ტაო-კლარჯეთის, ანუ ქართველ ბაგრატიონთა მეუფების ქვეშ გაერთიანდა ჯერ აფხაზეთი, ქართლი და ტაო-კლარჯეთი ბაგრატ III-ის დროს და ამ გაერთიანებული სახელმწიფოს სატახტო ქალაქი გახდა ქუთაისი; შემდეგ ამ დინასტიამ შემოიერთა კახეთი და ჰერეთი, და ბოლოს, დავით აღმაშენებლის დროს, 1122 წელს - თბილისიც. მოისპო თბილისის არაბთა საამირო და თბილისი კვლავ გახდა საქართველოს სატახტო ქალაქი. აქედან იწყება ოქროს ხანა გაერთიანებული საქართველოსი. ამ დროს საქართველომ გამოჰგლიჯა მაჰმადიანებს სომხეთის სამთავროები სამხრეთით, გააფართოვა თავისი მფლობელობა აღმოსავლეთით; შირვანის სამეფო გახდა ვასალი საქართველოსი; ძალაუფლება საქართველოსი გავრცელდა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. მან სახელი გაითქვა ბიზანტიასა და დასავლეთ ევროპაშიც.

უმაღლეს დონეს თავისი პოლიტიკური და კულტურული სიძლიერისა ქვეყანამ მიაღწია თამარ მეფის დროს (1184-1212 წწ.), მაგრამ ეს ოქროს ხანა მხოლოდ XIII ს-ის ნახევრამდე, მონღოლთა შემოსევამდე გაგრძელდა. მონღოლებმა დაიპყრეს საქართველო და ქვეყანა ორ სამეფოდ გაყვეს, აღმოსავლეთისად და დასავლეთისად. შემდეგ ამასაც არ დასჯერდნენ და ხელი შეუწყვეს მესამე დამოუკიდებელი სამთავროს, სამცხე-საათაბაგოს შექმნას, რომლის მფლობელები გახდნენ სამცხის ათაბაგები ჯაყელთა სახლიდან. პირველი დამოუკიდებელი ათაბაგი იყო სარგის I. მისმა შვილმა ბექა I-მა (1285-1306 წწ) კიდევ გააფართოვა თავისი სამფლობელო და მას ლაზისტანი შეუერთა. ლაზისტანი მაშინ პირველად შემოდის საქართველოს საზღვრებში და ის რჩება ამ საზღვრებში ოსმალთა მიერ ამ ქვეყნის დაპყრობამდე. პირველ ხანებში დამოუკიდებლობა სამცხე-საათაბაგოსი გაგრძელდა 50 წელს. ამ დროს შესუსტდა მონღოლთა გამანადგურებელი ძლიერება.

საბედნიეროდ, საქართველოს ტახტზე ავიდა გიორგი V, ბრწყინვალედ წოდებული, რომელიც დავით აღმაშენებლის შემდეგ უნდა ჩაითვალოს საქართველოს მეორედ აღმშენებლად (1318-1346 წწ). სულ სხვა მდგომარეობაში იყო ქართლის სამეფო. გაუთავებელმა ომებმა მონღოლებთან, ხარკმა, ცხოვრების პირობებმა ქვეყანა აუტანელ მდგომარეობაში ჩააგდო. ხალხი ამოწყდა. ათაბაგ ბექას ქვეყანა კი ამ დროს სამოთხედ ჩანდა და იქ მიაწყდა შიდა ქართლის მოსახლეობა. ამ დროს სამცხე- საათაბაგომ დიდი სამსახური გაუწია ქართველ ერს. დიდძალი ხალხი გადაარჩინა გადაშენებას.

1470 წლის ახლო ხანებში საქართველო გაიყო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ; ათაბაგებიც გამოვიდნენ ქართლის მეფის წინანდელ, ასე ვთქვათ, ნახევარმორჩილებისგან და გახდნენ სრულნი უფალნი სამცხე-საათაბაგოსი. ათაბაგები, პოლიტიკურ ჩამოშორებასთან ერთად, ცდილობდნენ ეკლესიურადაც ჩამოშორებოდნენ საქართველოს სანამ ოსმალებმა არ დაიწყეს მხედრობა სამცხე-საათაბაგოში. ამის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: “განდგა თავადად ათაბაგი. განდგა იმერთაგან თავადად დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სვანნი. ვიდრე აწამდი არღარა იქმნა შეკრება მისი, არამედ უფროსად დაკნინებანი”.

ზაქარია ჭიჭინაძე 1901 წელს წერდა: "თუმცა ჩვენი ისტორია ასე მოკლედ და ადვილად გადმოგვცემს ქართველთ გამაჰმადიანების ისტორიის ცნობებს, მაგრამ როგორც სჩანს ეს ისე ადვილად არ მომხდარა, ამ სარწმუნოებრივ ცვლილებას თავის დიდი, ვრცელი ისტორია ჰქონია, ამ ისტორიის მასალებს ჩვენ დღესაც ვჰპოვებთ ხალხში ზეპირად დაშთენილს..." (ზაქარია ჭიჭინაძე. "ქართველთა გამუსლიმება". არტანუჯი. 2004. გვ.118). ისლამის გავრცელება ყარსის თემის ქართველებში, ლაზისტან-ჭანეთში, თორთუმში, ოლთისსა და არტაანში მოხდა XVI-XVII სს-ში, შავშეთში - XVIII ს-ში; ლივანის ხევში _ XVIII ს-ში; აჭარასა და მაჭახელში მოსახლეობის გამაჰმადიანება დაიწყო - 1670 წელს, ასი წლის ბრძოლის შემდეგ იგი გავრცელებულა მხოლოდ 1770 წელს; ქობულეთში _ დაიწყო 1680 წელს, რომელმაც გასტანა - 1780 წლამდე; დანარჩნი კუთხეებში - XVII ს-ის ბოლომდე; გურიის "გათათრება" 1800 წელს გადაწყვეტილა, მაგრამ ოსმალებმა ვეღარ მოახერხეს ეს. ამ საქმის მეთაური, გიორგი გურიელი გურულებმა დახვრიტეს. ერთ-ერთი პირველი მახვილი ოსმალებმა სტრატეგიულად ახალციხესა და ახალქალაქში მოიქნიეს, რადგანაც ამის შემდეგ გაადვილდებოდა დანარჩენი საქართველოს გათათრება. ქართველებმა ძირითადად სწორედ აქ, სხვა კუთხეებისაგან განსხვავებით, მიიღეს ჯერ კათოლიკობა, ხოლო შემდეგ ქართველ კათოლიკებში სომხური ენაც გავრცელებულა. ეს არის მიზეზი იმისა, ქართული ენა ამ მხარეში იმთავითვე დაცემული იყო (ზაქარია ჭიჭინაძე. "ქართველთა გამუსლიმება". არტანუჯი. 2004. გვ. 120). ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "სამცხეში ქართულ ენას გარდა ქართველების ყველაფერი მოისპო, მცირედ აქა იქ გლეხნი-ღა არიან ქრისტიანეთ, თორემ სხვა ყველა გამაჰმადიანდა". "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "ოსმალთ სამცხე აიღეს, ხალხი გაამაჰმადიანეს, ეკლესიები დააქციეს, ჯამები ააგეს, წირვა-ლოცვა მოსპეს, მაჰმადიანურად დაიწყეს ლოცვა... განწესდა მაჰმადიანობა. ქართველნი მოიძულებდნენ ქართველთა და სრულიად მაჰმადიანურ წესსა და ჩვეულებაზე მიექცეოდნენ".

ამგვარად, საქართველოს დაშლა სწორედ იმ კუთხიდან დაიწყო, სადაც საუკუნეების წინ ქართველი ხალხის დიდი გამაერთიანებელი მოძრაობა იყო გაჩაღებული ("ტაშისკარიდან ვიდრე ერზერუმამდე").

ჯაყელების აღზევება XI-XVIII სს-ში

როგორც ცნობილია, XI საუკუნიდან სამცხე-საათაბაგოს განაგებდნენ ათაბაგნი, გვარად ჯაყელნი. მათი საგვარეულო სამარხი იყო საფარის ტაძარში (ზ. ჭიჭინაძე. “მუსულმან ქართველთ საქართველო”. ტფ. 1909. გვ.5). სამხრეთ საქართველოს ქართველთა სამეფოდან გამოყოფას საფუძველი ჯერ კიდევ მონღოლთა პერიოდში ჩაეყარა. დამპყრობლების მხარის დაჭერით, სარგის ჯაყელის მეთაურობით გამოყოფილი სამცხე 1266-1334 წწ. “ულუსიანი” იყო.

1415 წელი

პირველი აშკარა ურჩობა საქართველოს მეფეს სამცხის მმართველმა ივანე ათაბაგმა 1415 წელს გაუწია. ალექსანდრე მეფემ სასტიკად დაამრცხა იგი და კოხტის თავს ტყვედ წიყვანა, თუმცა შეინდო და ათაბაგობა შეუნარჩუნა.

1465 წელი

1465 წელს მორიგი საბედისწერო შეტაკება მოხდა მეფის ხელისუფლებასა და საქართველოს მეფეს გიორგი VIII-სა და ყვარყვარე II-ს შორის. ამ შინაურ ბრძოლაში ჯაყელ-ციხისჯვარელებს იმერეთ-გურიის მთავართა შეწევნით გაუმარჯვნიათ. ამ სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, რომლის დროსაც "მოსრეს და დაიმორჩილეს" ერისთავნი (ვახუშტი), ხოლო სხვები გაიხიზნენ ზაზა ფანასკერტელის მსგავსად ქართლში გიორგი მეფესთან, ყვარყვარე II "მეფის ყმობისაგან განთავისუფლდა" და თვითონ ლამობდა თავისი გავლენის საქართველოს დანარჩენ ნაწილებზე გავრცელებას. ყვარყვარე II-ის პოლიტიკის გამგრძელებლის, მზეჭაბუკის მონარქისტული მისწრაფებების კრახმა, მისი ხელისუფლების დაცემამ, მცხეთის საკათალიკოსო საყდრისა და ქართლის მეფის მიმართ დათმობამ საკმაოდ შეარყია საათაბაგოს ძლიერება.

1480 წელი

ტრაპიზონის დაცემის შემდეგ, 1461წ, სამთავროებად და საათაბაგოებად დაქუცმაცებულ საქართველოზე გალაშქრება მხოლოდ დროის საქმე იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ოსმალ-ქართველთა საუკუნოვანი ბრძოლა (ზ. ჭიჭინაძე. "მუსულმან ქართველთ საქართველო". ტფ. 1909. გვ. 10).

1512 წელი

ვახუშტის მიხედვით, მზეჭაბუკი თითქოს ჯერ კიდევ 1512 წ. "მიეგება სულთან სელიმის" ლაშქარს და ფერსათის მთით იმერეთს მიაყენა იგი, რასაც ქუთაისისა და გელათის დაწვა მოჰყვა (ქრ. შარაშიძე. “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები". XV-XVIსს. თბ. 1961. გვ. 149).

1526 წელი

ქაიხოსრო I-ის ძის ყვარყვარე III-ის მფლობელობის (1516-1535) ორი ათეული წლის განმავლობაში, იმერეთის სამეფოს გაძლიერების შედგეგად, ბაგრატ III (1510-1548), ალექსანდრე იმერთა მეფის ძე, სულ უფრო და უფრო უახლოვდება სამცხის ჩრდილოეთ საზღვარს და 1526 წელს იგი გადმოდის არადეთის წყალზე.

1535 წლის აგვისტო 13 (ძვ. სტ.)

1535 წლის აგვისტოს 13 (ძვ. სტ.) სამცხის ტერიტორიაზე, ჯავახეთის ახალქალაქის მახლობლად დატრიალდა მურჯახეთის ცნობილი ტრაგედია. ბაგრატ მეფე თავს დაესხა ყვარყვარე III-სა და სამცხის ლაშქარს, სისხლისმღვრელი შეტაკების შედეგად სძლია მას და ტყვედ წაიყვანა. ბრძოლის ადგილი ნანგრევებითა და მრავალი მოკლულის გვამით დაიფარა (ივ. ჯავახიშვილი, IV, II, გვ. 245; ს. ჯიქია, “გურჯისტანის ვილაიეთის დავთარი", III, თბ. 1958, გვ. 334-35; ქრ. შარაშიძე. “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები". XV-XVIსს. თბ. 1961. გვ. 149). ამ დიდი მსხვერპლის წყალობით საათაბაგოს დამოუკიდებელ არსებობას ათეული წლით მოეღო ბოლო (1535-1545). მურჯახეთის ომმა - ძმათა შორის სისხლისმღვრელმა შეტაკებამ, რომელიც გაერთიანების პოლიტიკური მოსაზრებით იყო გამოწვეული, მოწინააღმდეგეთა შორის უფსკრული გააღრმავა და შერიგების გზა დაახშო. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ომს "ქრისტიანეთა წარხდენის მიზეზი". ბაგრატის გამარჯვებამ ათაბაგობას მაძიებელი ქაიხოსრო, ყვარყვარე III-ის ვაჟი, ხონთქარის კარზე მიაყენა მისი ნათესავის, ოთარ შალიკაშვილის, გაპირებით 1535 წელს.

1541 წელი

ბაგრატ III-მ (იმერთა) და გურიელმა მოიგერიეს თურქების პირველი ლაშქრობა 1541 წელს, რომელშიაც ქაიხოსრო და ოთარ შალიკაშვილიც მონაწილეობდნენ. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გაძლიერებული ლაშქარი კვლავ მოადგა სამცხის საზღვრებს. ქრონიკების ცნობით, ბასიანთან "არზრუმისა და დიაბექირის ფაშებს" ქართლ-იმერეთისა და მესხების შეერთებული ძალები დახვდნენ; ქართველთა მხედრობაში თავი იჩინა კუთხურობამ, რის შედეგადაც ბაგრატმა ეს ბრძოლა წააგო, ხოლო ქაიხოსრო ჯაყელმა ათაბაგობა მიიღო.

1550 წელი

ხუთიოდე წელში ჭაბუკმა ათაბაგმა "შეიგნო" თურქების დახმარების დამღუპველი მნიშვნელობა, მაგრამ ძალიან გვიან იყო: "ტაოს ქუეყანა დაიჭირეს ურუმთა" - გოდებს უცნობი ქრონიკიორი 1550 წელს.

1552 წელი

სამიოდე წლის შემდეგ მესხი მემატიანე გვაუწყებს: "არტანუჯი წაგვართვეს ურუმთა და არსიანამდის დაიჭირეს; ფარნაკები და სრულ არტანი დაიჭირეს და ფარნაკანი ააშენეს". მალე თურქებზე გულაცრუებულმა ქაიხოსრო ათაბაგმა ხონთქარს ზურგი შეაქცია და ირანის შაჰისაკენ გადავიდა. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, ამ დროს ქართლის მეფე ლუარსაბი გააფთრებული იბრძოდა ყიზილბაშების წინააღმდეგ, რომელმაც ქაიხოსრო ათაბაგის შაჰ-თამაზთან დაკავშირება ბუნებრივ ღალატურ თავდასხმად მიიღო და სანაცვლოდ საათაბაგოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი დაიპყრო. ეს ამბავი და თურქების მიერ ტაოს დაჭერა ქაიხოსრომ შაჰ-თამაზს აცნობა. 1552 წელს შაჰთამაზამა მესამეჯერ გაილაშქრა ქართლზე და დიდი ჯარით სამცხეს მიადგა. ივ. ჯავახიშვილის ცნობით, თვით მესხეთის მოწინავე წრეებში ლუარსაბს უამრავი მომხრე აღმოაჩნდა, რომლებმაც ერთიანად თავი ვარძიას შეაფარეს. უმეტესობამ თავი შეაკლა ამ ბრძოლას, რომელსაც ვარძიაც შეეწირა მიუხედავად იმისა, რომ ირანის ისტორიკოსის ცნობით, თავად ირანელი მეომრები ყოფილან გაოცებულნი ვარძიის მშვენებით, რომელიც სულ ერთიანად გაუძარცვიათ კიდეც. ჩვენი ისტორიული ბედ-უკუღმართობით, "ვარძიიდან... ამ სულიერი ქალაქიდან,... როგორც იქაური მცხოვრებნი ყვებიან, უკანასკნელი მოძღვარი 1928 წელს გადმოუგდიათ კლდიდან" (ილია II. IIტ. გვ.265).

1570-74 წელი

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჯაყელ-ციხისჯვარელთა ნაშიერებმა ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ქრისტიანულ კულტზე აღმართეს ხელი. 1570 წლიდან სიკვდილამდე (1573წ) ქაიხოსრო II, სამცხის ათაბაგი ყაზვინს, ირანის შაჰის "წინაშე" იმყოფებოდა; მისი სიკვდილის შემდეგ მის კანონიერ მემკვიდრედ ითვლებოდა უფროსი ვაჟი ყვარყვარე IV (1574-1581).

1576-78 წლები

1576-78 წლებში საათაბაგო შინაურმა ომებმა მოიცვა. შეთქმულებს შალიკაშვილების, დიასამიძეების და ამატკისშვილების ხელმძღვანელობით მიზნად ჰქონდათ ჯაყელ-ციხისჯვარელთა მთელი სახლის ამოჟლეტა, დიდით-პატარამდე. სწორედ იმ დროს, როდესაც საათაბაგო და, მასთან ერთად, მთელი საქართველო თურქეთის აგრესიის სასიკვდილო საფრთხის წინ იდგა, ფეოდალურმა შუღლმა მთელი ჯავახეთი და, ნაწილობრივ საკუთრივ სამცხეც, "გადასერა სისხლის ჯვარედინი ხაზებით~ (ქრ. შარაშიძე. “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები". XV-XVIსს. თბ. 1961. გვ. 161).

1578 წელი

1578-79 წწ. ათაბაგის სახლი აქტიურ მონაწილეობას იღებს თურქებთან ბრძოლაში. ყვარყვარე IV და დედამისი დედის იმედი შეუპოვრად ებრძოდნენ ოსმალებს, თუმცა მისი ძმა მანუჩარი ათასი ჯურის ვაჭრობაზე და გარიგეგებზე მიდიოდა ოსმალებთან ძმის სანაცვლოდ ფაშობის მისაღებად. სანამ ჩრდილის ტბასა და ქაჯის ციხესთან გადამწყვეტი ბრძოლა მოხდებოდა 1578 წლის 27 ივლისს, მუსტაფა-ფაშამ წერილი გაუგზავნა მანუჩარს, სადაც მას მისკენ მომხრობას ურჩევდა. 1578 წლის 17 აგვისტოს მანუჩარმა თმოგუის ციხე მისცა ლალა-ფაშას, ხოლო "ახალქალაქი უწინ წაართუეს". ამასთან დაკავშირებით, ივ. ჯავახიშვილი წერს: "რაკი თმოგვის ციხე და ახალქალაქი ოსმალთა ხელში გადავიდა, მათს სარდალს უკვე უშიშრად შეეძლო წინსვლა... ქართლისაკენ მიმავალი გზა უკვე თავისუფალი იყო და მნიშვნელოვანი ციხეები მათ ხელში ეჭირათ" (ქრ. შარაშიძე. “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები". XV-XVIსს. თბ. 1961. გვ. 167). თურქებისაგან მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოს დაპყრობის შემდეგ, როცა ლალა-ფაშა თავის ლაშქრითურთ დაპყრობილ საათაბაგოში მობრუნდა და მით ბრძოლის რკალი შეკრა, მას ყვარყვარეც მიეგება 1578 წლის 5 ოქტომბერს, სამშაბათს. დედისიმედი კიდევ უფრო გვიან, ხუთშაბათს მისულა საქართველოს დამპყრობთან. მიუხედავად ყვარყვარეს მიგებებისა, ლალა-ფაშა, ეტყობა ეჭვის თვალით უცქეროდა მას და მოტყუებით წაიყვანა თან კონსტანტინოპოლომადის "დედისა და ცოლშვილის გამოუსალმებელი".

1579 წელი

იმ დროს, როცა 1579 წ 28 მარტს თავისი ნებით კონსანტინოპლს წასული მანუჩარი ამავე წლის ნოემბერში ფაშობით დაბრუნდა, 1579 წლის მარტში დაბრუნდა ყვარყვარეც - "ღვთის წინაც შეურცხვენელი და კაცთანაცა - ფალავანი დაეცა ხუანთქართანა და ქართველობით გამოეშურა, მისი საბატონოს წყალობა ექნა და მარტში მობრძანდა", გვამცნობს "მატიანე". თავის პატივმოყვარე ძმასთან ქიშპობაში დამთმობს ხვანთქარის კარზე საკმაო სიმტკიცე გამოუჩენია; მას შეუნარჩუნებია ქართველობა და ქრისტიანობა და თავისუფლება მხოლოდ იმით მოუპოვებია, რომ ფალავანთან ჭიდაობაში გამარჯვებული გამოსულა (ქრ. შარაშიძე. “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები". XV-XVIსს. თბ. 1961. გვ. 168).

ათაბაგებისგან განსხვავებით, თავგანწირულის შემართებით იბრძოდნენ სამშობლოს თავდადებული და დღემდე ჩვენთვის უცნობი გმირები - მგელციხის, ქაჯისციხის, თეთრციხისა და სხვათა მცველები: 7 აგვისტოს, ხუთშაბათს ხვანთქრის ლაშქარი და ლალაფაშა მგელციხეს მოადგა. "სამშაბათამდის ყოველთ დღეთ ომში იყუნეს ციხოანნი. გოგორიშვილი როინ და მისი ძმა - ბერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყუნეს, მათის ყმითა" (ქრ. შარაშიძე. “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები". XV-XVIსს. თბ. 1961. გვ. 169). ამ უკანასკნელთა რაოდენობა და სახელები მატიანეში შეტანილლი არ არის. გმირულ თავდაცვას მტერი იმჯერად უკუუგდია, თუმცა, მცირე ხნით. მგელციხესთან ერთად მტერს იერიში მიუტანია ქაჯისციხეზე, ველზე, თეთრციხეზე, რომლებიც თურქებს ხელთ უგდიათ "პარასკევ დღესა, რვა მარიამობისთვესა". არც ეს ციხეები დანებებია თურქებს უომრად, კერძოდ: "ქაჯისციხისა მეციხოვნენი სრულად შემოეხოცნეს". ე.ი. ქაჯის ციხე თურქებს მხოლოდ მაშინ დანებებია, როცა მისი დამცველები მთლად გაჟლეტილი იყვნენ. არც ამ დამცველების სახელებს იხსენებს მემატიანე.

მუსტაფა ლალა-ფაშა დაპყრობილი სამცხიდან ქართლისკენ დაიძრა და "ტფილის-ქალაქზე წავიდა", "მატიანის" ცნობით დაუთ-ხანმა დაწვა თბილისი და მტერს "გაეცალა, ლორეს ჩავიდა". უპატრონოდ დარჩენილი ქართლის ორ უმნიშვნელოვანეს სიმაგრეში - თბილისსა და გორში მუსტაფა ფაშამ თურქების გარნიზონი შეიყვანა, თბილისში ფაშა დასვა და გორს - სანჯახი. მოსალოდნელი ამოწყვეტისა და დარბევის თავიდან ასაცილებლად ქართლის დიდებულებმა მორჩილება განუცხადეს ლალა-ფაშას და "თემი აღარ ამოსწყდა", ლალა-ფაშა შაქისა და შირვანის უომრად დაჭერასაც ახერხებს. ასეთ პირობებში შეშფოთებულმა ირანის შაჰმა ტყვეობიდან გაათავისუფლა და დიდის პატივით საქართველოში გამოისტუმრა ქართლის მეფე სიმონ I. მასთან ერთად ირანის ტყვეობიან სქართველოში ქართველ პატრიოტთა დიდი ჯგუფი დაბრუნდა. ქართლი ისევ იქცა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბურჯად. ნ. ბერძენიშვილი წერდა: "ქვეყნის სწრაფი გაოსმალების განზრახვაზე დამპყრობელს ხელი ააღებინეს. უფრო მძიმე იყო სამცხე-საათაბაგოს მდგომარეობა" (ქრ. შარაშიძე. “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები". XV-XVIსს. თბ. 1961. გვ. 171).

1580 წელი

სამცხე-საათაბაგო ოსმალთ ქვეშევრდომი და მეხარკე ხდება, თუმცა ის ინარჩუნებს ავტონომიას, ქართული ენის სტატუსს, სადაც სჯული და სამართალი უნდა ყოფილიყო ქართული (ზ. ჭიჭინაძე. "მუსულმან ქართველთ საქართველო". ტფ. 1909. გვ.10).

1581 წელი

1578-81 წწ. მანუჩარმა სავსებით "იგემა" "ფაშაობისა" და თურქების სამსახურის მთელი "სიტკბოება". 1581 წლის თებერვალში მან "გუირგუინი იკურთხა "სიმონ მეფის ასულთან ელენესთან". ეს დამოყვრება მანუჩარის პოლიტიკური გეზის ცვლილების შედეგი იყო.

1582-88 წწ

1582 წლიდან მანუჩარი თურქების მოწინააღმდეგე ხდება, მაგრამ სამხრეთ საქართველოს ბედის წაღმა დატრიალება აღარც სიმონ მეფის დახმარებით, არც მესხეთ-ჯავახეთის განაწამები, მძიმედ დაბეგრილი ხალხის 1588 წ. აჯანყებებით აღარ ხერხდება (ქრ. შარაშიძე. “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები". XV-XVIსს. თბ. 1961. გვ. 171).

XVI ს

სეიდ ფაშა გოგიტიძე - ყარსის მეციხოვნე, მოსახლეობის განსაცდელისაგან თავის დასაცავად თვითონ იღებს მაჰმადიანობას და ამით უხანგრძლივებს ხეობას ქრისტიანობას. როდესაც ამითაც ვერ დაიცვა ქრისტიანობის რწმენა, ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ იძულებული გახდა აჭარაში, სოფ. ვაიოში გადასახლებულიყო და აქედან ებრძოლა ოსმალთ წინააღმდეგ სჯულის დასაცავად. ზ. ჭიჭინაძის ცნობით, "მისი და მისი ძმის შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ვაიოში და დღემდე ინახავაენ დიდი წინაპრის გმირობის ამბებს".

1600-20 წწ.

დუდიკვათსა და პაპათში მოწყვეტილნი წმინდა ლაზი მოწამენი - ზ. მაჩიტაძის "ქართველ წმინდანთა ცხოვრებაში" ვკითხულობთ, რომ თურქეთში მცხოვრებმა ლაზების ერთმა ნაწილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-სა და წმინდა სინოდს წარუდგინეს მასალები XVII-XVIII საუკუნეებში სარწმუნოებისა და საქართველოსათვის ასობით ლაზისა და 1600-1620 წლებში ერთ მთაზე სარწმუნოებისათვის 300 ლაზი მეომრისათვის თავის მოკვეთისა და ერთ-ერთ მონასტერში სასულიერო პირების მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, რის შედეგადაც ეს ადგილები "დუდიკვათის" (თავისკვეთის) და "პაპათას" (სამღვდელოთა) გორად იწოდება. 2003 წლის 18 სექტემბერს წმ. სინოდის სხდომამ, აღნიშნული მასალების საფუძველზე განაჩინა: XVII-XVIII საუკუნეებში, "პაპათისა" და "დუდიკვათას" გორაზე მოწყვეტილი მართმადიდებელნი სასულიერო და საერო პირნი, ასევე ქრისტიანობისათვის წამებული ყოველი ლაზი, შერაცხილ იქნან წმინდანად (“ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი”. დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე. თბ-ათენი. 2003. გვ. 92-93). წმინდა ლაზი მოწამენის ხსენების დღეა 29 აპრილი (12.05).

1626-1744 წლები. ჯაყელთა გვარის გარდაცვალება

1626 წელს გარდაიცვალა ათაბაგი მანუჩარ მეორე. სულთანმა ათაბაგად მისი ძმისწული, მანუჩარ მესამე დაამტკიცა, რადგანაც მანუჩარ მეორე უძეო იყო (ზ. ჭიჭინაძე. "მუსულმან ქართველთ საქართველო". ტფ. 1909. გვ. 10-11). მანუჩარ მესამე გაათაბაგების სურვილით მისმა ბიძაშვილმა, ბექა ათაბაგმა მოწამლა. 1629 წლისთვის მან შეიცვალა რჯული, გამუსლიმდა, სახელად საფარ-ბეგი დაირქვა და ჯაყელთაგან პირველმა ახალციხის ფაშობაც მიიღო: "პირველ მუსულმან ეს ფაშა იყო და მერე მის მიმდევარნი... საფარ ფაშა ჯაყელის ცდით და შრომით დაიწყო სამცხე-საათაბაგოს ქართველებში ისლამის გავრცელება" (ზ. ჭიჭინაძე. "მუსულმან ქართველთ საქართველო". ტფ. 1909. გვ. 12), რასაც 1630-იან წლებში მოჰყვა ოსმალების მიერ საქართველოს დაპყრობა ახლაციხედან ჩოლოქამდე. საფარ ფაშა ჯაყელი გარდაიცვალა 1637 წელს, რომლის შემდგომაც გაფაშებულმა მისმა მემკვიდრეებმა ჯაყელთა საბოლოო დეკადენსი მოიტანეს: უსუფ ფაშა ჯაყელი, ძე საფარ ფაშისა (გარდაიცვალა 1657 წელს); როსტომ ფაშა ჯაყელი, ძე საფარ ფაშისა, რომელმაც მოსპო სამღვდელო პირნი, დააქცია ბევრი ეკლესია და ქართველთ დიდკაცის ცოლებში ძალით შეიტანა მუსულმანობა; თავისი მეუღლე მარიამი სასტიკად აწამა და ჰგვემა ქრისტიანობისათვის და ძალით გაამაჰმადიანა (გარდაიცვალა 1659 წელს); ასლან ფაშა ჯაყელი, ძე როსტომ ფაშისა. მის დროს მთელ დასავლეთ საქართველოში მოისპო თავადობა და განწესდა ბეგობა, მოისპო აზნაურობა და განწესდა აღიობა. ეს ფაშა არ იყო ოსმალთ მორჩილებაში, ამიტომ მას არზრუმის ფაშამ უმტრო და ხონთქართან დააბეზღა, ხონთქრის ბრძანებით მას თავი მოჭრეს 1676 წელს, თავი სტამბოლს წარგზავნეს; უსუფ II ფაშა ჯაყელი გაფაშდა 1680 წელს (გარდაიცვალა 1686 წელს). მის პერიოდში მნიშვნელოვნად მომძლავრდა მაჰმადიანობა ქართველებში; სელიმ ფაშა ჯაყელი (გარდაიცვალა 1701 წელს). ასლან II ფაშა (გარადიცვალა 1716 წელს); ისაყ ფაშა ჯაყელი, ძე უსუფ ფაშისა, სამჯერ გაფაშდა (გარდაიცვალა 1737წ); სიცოცხლეშივე გააფაშა თავისი შვილი უსუფ ფაშა; უსუფ ფაშა ჯაყელი, ძე ისაყ ფაშისა. მის დროს დაანგრიეს ეკლესია-მონასტრები, ადგილი ჰქონდა ქართველთა ზნე-ხასიათის ამოვარდნას. გარდაიცვალა 1744(7) წელს. ის იყო ჯაყელთა საგვარეულოდან უკანასკნელი ფაშა (ზ. ჭიჭინაძე. "მუსულმან ქართველთ საქართველო". ტფ. 1909. გვ. 12-15, "ქართველთა გამუსლიმება". თბ. არტანუჯი. 2004. გვ. 120-121).

სამცხელ თავადაზნურთა სხვა გვართაგან გამოირჩეოდნენ: ავალიშვილები, შალიკაშვილები, ფალავანდიშვილები, ციციშვილები, შარვაშიძეები, თავდგირიძენი, ხიმშიაშვილები, აბაშიძეები, ბეჟანიძეები, დიასამიძენი... (ზ. ჭიჭინაძე. "მუსულმან ქართველთ საქართველო". ტფ. 1909. გვ. 5)

ამგვარად, ანატოლიისა და კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა სულეიმან დიდი სულთანის დროს (1552-1566 წწ.) დაიკავეს არზრუმი, ვანი და ყარსი. შემდეგ, ათაბეგ ქაიხოსრო მეორის დროს (1545-1573 წწ.) დაიპყრეს მთელი ჭოროხის აუზი, სახელდობრ, 1550 წელს - ტაო, 1552 წელს - კლარჯეთის მხარის ცენტრი ქალაქი არტანუჯი და არდაჰანი. ამ დროსვე დაპყრობილ იქნა მთელი კლარჯეთი, მათ შორის თორმეტ სავანეთა მხარე (იგი გათავისუფლდა 1878 წელს და მას შემდეგ შევიდა ართვინის ოლქის შემადგენლობაში, თუმცა, 1921 წელს იგი კვლავ თურქეთის იურისდიქციაში გადავიდა). ამასთანავე, ბაიბურთი, ხახული, ოლთისი და ბანა (პენიაკი) ადმინისტრაციულად სანჯაყებად გამოაცხადეს. 1578 წელს დაპყრობილ იქნა ჩილდირი, ხერთვისი, ახალქალაქი, ახალციხე და აწყური, და ამრიგად, მთელი სამცხე-ჯავახეთი მოექცა ოსმალთა მფლობელობაში. დაიწყო მოსახლეობის მასობრივი გამაჰმადიანება. ეკლესია-მონასტრების განძეულობის ნაწილი გადმოტანილ იქნა საქართველოს სხვადასახვა ნაწილში, უფრო გურიასა და სვანეთში. ეკლესია-მონასტრების საბოლოო ლიკვიდაცია მოხდა მეჩვიდმეტე საუკუნის დამლევს, როცა სამცხე-საათაბაგოს მოსახლეობა სრულიად გამუსლიმდა, თუმცა ქობულეთში, აჭარასა და იმერხევში მაჰმადიანობამ ფეხი მეცხრამეტე საუკუნემდე ვერ მოიკიდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუსის ჯარმა დაიკავა ჭოროხის აუზი, რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ (პარხალი, ხევეკი, არმენხევი) აშკარად აღიარა თავისი ქრისტიანული რწმენა.

1783 წლის ტრაქტატში, რომელიც დადებული იყო მეფე ერეკლე მეორესა და ეკატერინე მეორეს შორის, ნათქვამი იყო სეპარატული კონვენციის სახით, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში რუსეთი დაეხმარებოდა საქართველოს დაკარგული ტერიტორიის აღდგენაში. ამასვე აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილი თავის ნაშრომებში "საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული" და "დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVIII-ე საუკუნეში": "ამიტომ იყო, რომ საქართველოს მეფეები თავიანთ თავს სამეფო სახელწოდებაში ასე ხაზგასმით ამ ქვეყნის მემკვიდრეობით მფლობელად აცხადებდენ. ამავე მიზნის მისაღწევად, სრულიად საქართველოს გაერთიანების განხორციელების ხელშემწყობ პირობების შესაქმნელად, განსაკუთრებით კი სწორედ ამ ძველ ქვემო ქართლის, ახალციხის საფაშოს, საქართველოსთან შემოსაერთებლად იყო სხვათა შორის 1783 წ. ხელშეკრულება ერეკლე მეფისა და ეკატერინე II შორის დადებული. ერეკლე მეფის წარმომადგენლებმა ამ ხელშეკრულებაში მეორე მუხლად შეატანინეს, რომ რუსეთის ხელმწიფე არამცთუ ერეკლე მეფის მაშინდელ სამეფოს სამფლობელოს ხელშეუხებლობის თავდებობას კისრულობდა, არამედ ისეთისაც, რომელიც შემდეგში შეძენილი იქნებოდა. და რომ ეს მუხლი სწორედ იმ აზრით იყო ჩართული ხელშეკრულებაში, ამას იმდროინდელი რუსეთის ერთ-ერთი წარმომადგენელის ნ. ბუტკოვის სიტყვებიც ცხადყოფენ. მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ამ "მეორე მუხლის შინაარსი სწორედ საქართველოს მეფეთა ძველ სამფლობელოს, ახალციხის საფაშოს, ანუ სამცხე-საათაბაგოს ეხებოდა"-ო. სწორედ ასე გაიგო ამ ხელშეკრულების შინაარსი იმდროინდელმა ახალციხის ფაშამ და რაკი დარწმუნდა, რომ საქართველოს მეფისაგან მის ფაშობას განსაცდელი მოელის, ამიტომ რუსეთთან ხელშეკრულების დადების შემდგომ მეფე ერეკლეს გადაეკიდა და მტრობა დაუწყო" (ა. ბაქრაძე. "ისტორიული რარიტეტები". თბ. 1989. გვ. 47).

შემდეგ, როცა რუსეთმა დაარღვია პირობა და საქართველოს ანექსია მოახდინა, თავისი იმპერიალისტური მიზნებიდან გამომდინარე, შეუდგა ამ საქმის განხორციელებას: 1828-29 წლების ომის შემდეგ ოსმალებთან რუსეთმა მიიღო (ადრიანოპოლის ზავის პირობებით, 1829 წლის 2 სექტემბერს) ახალციხის და ახალქალაქის მაზრები; ხოლო 1877-78 წლების ომის შემდეგ (ბერლინის ტრაქტატის ძალით) რუსეთს დარჩა ყარსის და ბათუმის ოლქები. ამით სამცხე-საათაბაგოს სამი მეოთხედი კვლავ შემოუერთდა საქართველოს ტერიტორიას. ვიქტორ ნოზაძე წერს: "პირველად 1828 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიის ფარგლებში შევიდა და "საქართველოს "შეუერთდა" ძველი მესხეთის ნაწილები: ქობლიანი, ოძრხე (აბასთუმანი), ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჯარაქი, ფოცხოვი და აბოცი (ჩილდირი); ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო (აბოცი) და ერუშეთი. შემდეგ, 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, პარიზის ზავით (მუხ. 58), შემოერთებულ იქმნა მესხეთის მეორე ნაწილიც: აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილო ნაწილი _ ოლთისი" (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.5).

აი, როგორ აღწერს დიდი ქართველი მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძე ნაშრომში "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში" მაშინდელ ბათუმს, სადაც მან ჯერ კიდევ თურქების ბატონობის დროს იმოგზაურა 1873 წელს (ნაშრომი გამოქვეყნდა 1878 წელს): "ამჟამად ბათუმი ლაზისტანის საფაშოს დედაქალაქია, მას მართავს მუთასარიფი ანუ გუბერნატორი, რომელიც უშუალოდ ემორჩილება პორტას და არაპირდაპირ ტრაპიზონის გენერალ-გუბერნატორს. ამ საფაშოში შედის 11 კაზა, ანუ ოლქი: ბათუმი, ჩურუქ-სუ, ზემო აჭარა, ქვემო აჭარა, მაჭახელი, ლივანი, გონია, ხოფა, არხოვე, ემშინა და ათინა ... არის ორი სკოლა - თურქული და ბერძნული, სამი მეჩეთი და წმინდა ნიკოლოზის მართმადიდებლური ეკლესია ... ქალაქის საუკეთესო ნაწილია ნავმისადგომი, სადაც განლაგებულია ბერძნებისა და სომხების მაღაზიები და რამდენიმე საკმაოდ რიგიანი კერძო შენობა ... ყველანი შეიარაღებლი არიან ადგილობრივ ნაკეთები თოფებით; სარტყელში გაჩრილი აქვთ ორლესული ხანჯლები და ინგლისური წარმოების პისტოლეტები, ანუ, როგორც აქ ეძახიან, ფიშტოები. ბათუმში გაიგონებთ ბერძნულ, თურქულ და ქართულ ენებს. აქ ყველაზე უფრო გავრცელებულია ქართული ენა, რომელზეც თავისუფლად ლაპარაკობს ბევრი ლაზიც კი..." (დ. ბაქრაძე. "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში". "საბჭოთა აჭარა". 1987. გვ. 24-25).

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წელს "ის ადგილები, რომელნიც შეადგენდნენ სამცხე-საათაბაგოს ნაწილებს, ითვლებოდა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში. ეს საზღვრები დაადასტურა თვით ბოლშევიკურმა რუსეთმა, როდესაც საგანგებო ხელშეკრულებით 7 მაისს 1920 წელს აღიარა საქართველოს რესპუბლიკის სუვერენობა მის საზღვრებში. ხოლო მეორე წელს ბოლშევიკური რუსეთი მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს რესპუბლიკას და როდესაც საქართველო ამ უთანასწორო ომში სისხლს ღვრიდა, ოსმალეთმა განაახლა აგრესიული მოძრაობა საქართველოს მიმართ, დაწყებული ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შემდეგ და შეჩერებული ანტანტის სახელმწიფოების გამარჯვების გამო. მან... დაიჭირა არტაან-ოლთისის მხარე, ბათუმის ოლქი და უპირებდა ანექსიას ბათუმსაც, მაგრამ 17 მარტს 1921 წელს ქართველ ჯართა უკანასკნელის გმირული მოქმედებით გაძევებულ იქმნა ბათუმიდან. შემდეგ, 13 ოქტომბერს 1921 წელს ყარსში დადებული ხელშეკრულებით ოსმალეთმა მიიღო ბოლშევიკებისაგან, რაც დაკარგა ბერლინის ტრაქტატის ძალით, ესე იგი ყარსის და ბათუმის ოლქები და მათ შორის სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია. სახელდობრ, არდაჰანის ოკრუგი მისი "უჩასტკებით": ფოცხოვისა, ჩილდირისა, არტანისა და გელისა, და ოლთისის "ოკრუგი", რომელიც შეიცავდა "უჩასტკებს": ოლთისისა და ტაოსკარისა; ხოლო ბათუმის ოლქიდან მიიღო "უჩასტკები": ართვინისა, არტანუჯისა, შავშეთ-იმერხევისა და გონიისა. საქართველოს საზღვრებში დარჩა ბათუმის ოლქიდან მხოლოდ კინტრიშის, ზემო და ქვემო აჭარის "უჩასტკები" ბათუმითურთ. ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ ეხლა ეს გაყოფილია: ხულოს, ქედის, ჭოროხის და ქობულეთის მაზრებად" - აი, ასე ასრულებს ექვთიმე თაყაიშვილი რუსეთისა და თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული გადანაწილების ისტორიას...

განუმეორებელი ისტორიული დრამატიზმით აღწერენ ვიქტორ ნოზაძე და ზურაბ ავალიშვილი საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობის ბრძოლას ტაო-კლარჯეთის გამო 1918-21 წლებში: ოსმალეთის მხრიდან აგრესია და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის უთანხმოება საზღვრებთან დაკავშირებით გახდა სწორედ მიზეზი ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის დაშლისა. ანტანტის წინააღმდეგ მსოფლიო ომში ჩარევის შემდეგ ოსმალეთმა გაუქმებულად გამოაცხადა 1916 წლის პირველ ნოემბერს პარიზის 1856 წლის და ბერლინის 1878 წლის ხელშეკრულებები და მათი გაუქმებით კვლავ დაისვა კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს საზღვრების გადასინჯვის საკითხიც. რევოლუციით რუსეთს მოწყვეტილმა ამიერკავკასიამ შექმნა ამიერკავკასიის კომისარიატი 1917 წლის 28 ნოემბერს ევგენი გეგეჭკორის თავმჯდომარეობით. რამდენადაც ამ პირობებში კომისარიატს ოსმალეთთან ომის გაგრძელება არ შეეძლო, 1917 წლის 4 დეკემბერს მან გამოიტანა დადგენილება ოსმალეთთან დროებითი ზავის ჩამოგდების შესახებ, რაც გაფორმდა კიდეც 18 დეკემბრის საზავო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვით, არც ოსმალეთს და არც ამიერკავკასიას უფლება არ ჰქონდათ სტრატეგიული გადასვლა თუ გადაჯგუფება მოეხდინათ.

ამასთან, ოსმალეთის მთავრობამ ამიერკავკასიის კომისარიატი მიიწვია ბრესტ-ლიტოვსკში საზავო მოლაპარაკებაზე 1918 წლის 16 იანვარს და მასზე ზეგავლენის მიზნით, 22 იანვარს, დაარღვია რა ზავის პირობები, კავკასიის საზღვრებისაკენ დაიძრა და თებერვლის ბოლოსათვის დაიპყრო მთელი რიგი ტერიტორიები ერზრუმის ჩათვლით. 1918 წლის 1 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ნოე რამიშვილის ინიციატივით ერთხმად დაადგინა, რომ ოსმალეთთან ხელშეკრულებას საფუძვლად დაედებოდა ის სახელმწიფო საზღვრები, რომლებიც არსებობდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომის გამოცხადების დროს, 1914 წელს. ამ დავალებით არჩეულ იქნა საზავო დელეგაცია აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით. 10 მარტს ევგენი გეგეჭკორი ტრაპიზონში აცნობებს აკაკი ჩხენკელს, რომ ამიერკავკასიამ არ უნდა ცნოს ბოლშევიკების მიერ დადებული ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება. 13 მარტს გაიხსნა ტრაპიზონის საზავო კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო როგორც ოსმალეთი, ასევე ამიერკავკასია. მოლაპარაკებების პარალელურად კი ოსმალეთმა კვლავ გააგრძელა აგრესია და 16 მარტს დაიკავა არდაჰანი, აპრილში კი დიპლომატიური ზეწოლისა და სამხედრო აგრესიის შედეგად - ოლთისის მხარე, არდაჰანის ოლქის სამხრეთი ნაწილი, ყარსის ოლქის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და ღიზმანის დასავლეთი ნაწილი. 12 აპრილს კი ოსმალეთის მთავარსარდალი ულტიმატუმს უყენებს ბათუმის კომენდანტს და მოითხოვს ბათუმის დაუყოვნებლივ დაცლას. ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში, 1918 წლის 13 აპრილს თბილისში მოხდა ამიერკავკასიის მთავრობის, სეიმის პრეზიდიუმისა და სეიმის ფრაქციათა წარმომადგენლების გაერთიანებული კრება, რომელზეც ერთხმად იქნა მიღებული ირაკლი წერეთლის რეზოლუცია - ტრაპიზონიდან გამოწვეულ იქნეს საზავო დელეგაცია. არაოფიციალურად 9 აპრილიდან დაწყებული ომი 13 აპრილს უკვე ოფიციალური ხდება და სამხედრო მოქმედება ოსმალურ ჯარსა და ქართულ-სომხურ ნაწილებს შორის 22 აპრილამდე გრძელდება. 7 აპრილს ოსმალებმა დაიკავეს ოზურგეთი, 15 აპრილს -ბათუმი და ბოლოს გაიმართა ბრძოლა ჩოლოქზე, სადაც ოსმალები დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, ქართველ-სომეხი მოხალისეების იმედზე ომის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და ამიერკავკასიის მთავრობამ, გამოაცხადა რა 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, იმავე დღეს დაადგინა ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების დაწყება. ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ, ერთი მხრივ, აზერბაიჯანის პოზიცია სეიმში აშკარად პასიური იყო ოსმალეთთან მიმართებაში, ხოლო, მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა გერმანიის მთავრობასთან პროტესტი განაცხადა ამიერკავკასიის მთავრობის წინააღმდეგ და მოითხოვა ბათუმის საზავო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. საბჭოთა რუსეთის ჩარევა ამიერკავკასიის საქმეებში, რასაკვირველია, მიუღებელი იყო და 19 მაისს აკაკი ჩხენკელი მიმართავს გერმანიის იმპერიის დელეგაციის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფონ-ლოსოვს და ამ მიმართვით ჩიჩერინის ნოტას უკუაგდებს. ამ დროს გერმანია უკვე აქტიუ რად ერევა ამიერკავკასიასა და ოსმალეთს შორის დავაში და 19 მაისს ფონ-ლოსოვი დახმარებას აღუთქვამს ამიერკავკასიას. თუმცა, ამ მოლაპარაკებების მიუხედავად, ოსმალებს ჯარების მსვლელობა, ცხადია, არ შეუჩერებიათ. 24 მაისს ოსმალეთის დელეგაციის თავმჯდომარემ უარყო ფონ-ლოსოვის შუამდგომლობა საზავო მოლაპარაკებაში და 25 მაისისთვის ოსმალები უკვე ლორესკენ და თბილისის დასაკავებლად მიიწევენ. კვლავ ხდება შეტაკებები. 26 მაისს ოსმალეთის დელეგაცია ამიერკავკასიის დელეგაციას ულტიმატუმს უყენებს და პასუხს მოითხოვს 72 საათის განმავლობაში შემდეგ საკითხებზე - ახალი საზღვრების დადგენა, ჯარების თავისუფალი გადაყვანა და სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთისათვის წინააღმდეგობის გაუწევლობა (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.16-29).

ამ ვითარებაში, 1918 წლის 26 მაისს სამ საათზე შედგა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, რომელმაც, ყველა ხმით ორის წინააღმდეგ, მიიღო შემდეგი რეზოლუცია: "ვინაიდან ომისა და ზავის საკითხებში აღმოჩნდნენ ძირითადი განსხვავებები იმ ხალხებს შორის, რომელთაც შეჰქმნეს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, და ამიტომ შეუძლებელი გახდა გამოსვლა ერთი ავტორიტეტული ხელისუფლებისა, რომელიც ამიერკავკასიის სახელით ილაპარაკებდა, სეიმი ადასტურებს ამიერკავკასიის დაშლის ფაქტს და თავის რწმუნებულებაზე უარს ამბობს". "ამგვარად დაირღვა ამიერკავკასიის რესპუბლიკა, დაიშალა იგი ორიენტაციის სხვადასხვაობის ნიადაგზე და კავკასიური პოლიტიკის უქონლობის გამო. დაიღუპა მესხეთის და ყარსის დაცვის ნიადაგზე და გამოცხადდნენ დამოუკიდებელი რესპუბლიკები - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი" (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.32).

1918 წლის 4 საათსა და 50 წუთზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, მთავრობის თავმჯდომარედ — ნოე რამიშვილი. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის "ზავისა და მეგობრობის შესახებ" 4 ივნისს ბათუმში დადებული ხელშეკრულების მიუხედავად ოსმალეთის ჯარი კიდევ მიიწევდა საქართველოს საზღვრებში და შეტაკებები კვლავ ხდებოდა, გერმანიის შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, ოსმალთა ეს წინსვლა შეეჩერებინა. ქართველ ერს საქართველოს მთავრობამ გერმანული ჯარების შემოსვლის შესახებ ოფიციალურად აცნობა 13 ივნისს. ამ ცნობაში ნათქვამი იყო, რომ ჯარები მოწვეულია მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს მთავრობასთან შეთანხმებით, მისი მითითებით საქართველოს რესპუბლიკის საზღვრების დაცვას. მართლაც, გერმანიის ჯარის ნაწილებმა მონაწილეობა მიიღეს ოსმალების წინააღმდეგ მოქმედებაში და 13 ივნისს ბორჩალოს მაზრაში ბრძოლამ ოსმალების წინააღმდეგ რამდენიმე გერმანელიც კი იმსხვერპლა (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ. 33).

11 ივნისს, უკვე ნოე ჟორდანიას წინადადებით, დაარსებულ იქნა საზღვრების გამომრკვევი კომისია, რომელსაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების საკითხი უნდა გადაესინჯა და დაედგინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრები. კომისიაში შედიოდნენ ირაკლი (კაკი) წერეთელი, დავით ონიაშვილი, პავლე ინგორყვა და გენერალი ოდიშელიძე (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.14). ამასობაში მსოფლიო ომში დამარცხებული ოსმალეთის პოზიციები მნიშვნელოვნად სუსტდება. საბოლოოდ დამარცხების წინ, 18 ოქტომბერს ოსმალებმა გაათავისუფლეს ბათუმის ზავით საქართველოსათვის დატოვებული აწყური და აბასთუმანი, ხოლო სტამბოლში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელს ზურაბ ავალიშვილს ოსმალები უცხადებენ, რომ ოსმალეთი დატოვებს არა მარტო ყველა იმ ადგილს, რაც ბრესტ-ლიტოვსკის ზავში არ იყო აღნიშნული, არამედ თუ იძულებული იქნება დატოვოს სამი სანჯაყი (ბათუმი, არდაჰანი, ყარსი), მაშინ იგი მზადაა ამ ტერიტორიის ქართული ნაწილი დაუთმოს საქართველოს. ოსმალეთმა ანტანტის სახელმწიფოთა წარმომადგენელთან 30 ოქტომბერს დადო მუდროსის დროებითი საზავო ხელშეკრულება, რომლის მე-11 მუხლის ძალით ოსმალეთს უნდა გაეყვანა თავისი ჯარები ამიერკავკასიის იმ ადგილებიდანაც, რომლებიც ოსმალების მიერ ჯერ კიდევ არ იყო გათავისუფლებული. "ამნაირად: გაუქმეული იქმნა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, რომელიც მოისპო საბოლოოდ ვერსალის საზავო ხელშეკრულებით (მუხლი 116) 1919 წლის 19 ივნისს" (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.38).

საქართველოს მთავრობა შეუდგა დაცლილი ადგილების დაკავებას, მაგრამ 18 ოქტომბრიდან დაიწყო დიპლომატიური დავა საზღვრების შესახებ საქართველოსა და სომხეთს შორის, რომელიც მოგვიანებით ომში გადაიზარდა. სომხები მოითხოვდნენ არა მარტო ბორჩალოს მაზრისა და ახალქალაქის მაზრის ქართველებისაგან დაცლას, არამედ სომხეთის საზღვრებში მთლიანად მესხეთის, ბათუმ-გორისა და თბილისის მოქცევასაც კი. ინგლისის მთავრობის ჩარევის შედეგად 31 დეკემბერს საქართველო-სომხეთის ომი შეწყდა, მაგრამ "სწორედ ჯავახეთისათვის დავაში იჩინა თავი იმ პოლიტიკამ, რომელიც გაატარა პასკევიჩმა იქ სომხების დასახლებით და რუსის მთავრობის ამ ვერაგულმა პოლიტიკამ შესაფერი ნაყოფიც დასტოვა ერთა ურთიერთ გადაკიდებისათვის" (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.46-47).

ამასობაში, საქართველოს მთავრობა გაუსწორდა სერვერ-ათაბაგს, სამცხე-საათაბაგოს უკანასკნელ შთამომავალს, ქობლიანის პრინცს, რომელსაც ანტიქართული და პროისლამისტური პოლიტიკა ჰქონდა და მისი ინიციატივით შექმნილ ე.წ. "სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობას". ამ მხრივ მნიშვნელოვანია ახალციხის გლეხთა ყრილობის 1919 წლის 1 იანვრის მისალმება საქართველოს მთავრობისადმი და მოწოდება სამუსულმანო საქართველოსადმი: "ახლა, როდესაც საქართველოს გაუერთიანდა მუსულმანური საქართველოს ერთი ნაწილი ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების სახით, სდგება საკითხი დანარჩენის მუსულმანური საქართველოს: აჭარის, ქობულეთის, არდაჰანის და შავშეთის განთავისუფლების შესახებ... მხოლოდ ერთი მუშაობით, მუსულმანური და ქრისტიანული საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ოჯახში გაერთიანებული ძალებით მთელი საქართველოს მცხოვრებნი მოიპოვებენ ბედნიერებას"... ამასთან ერთად, გენერალ გ. კვინიტაძის ხელმძღვანელობით დაიწყო კონტრშეტევა და ქართული ჯარების მიერ აღებულ იქნა ახალციხე და ახალქალაქიც, ხოლო 20 აპრილს - არდაჰანიც. ინგლისის ფრთის ქვეშ მოკალათებული რუსული ძალებიც, ცხადია, ჩაერივნენ ამ გაცხარებულ ბრძოლაში მესხეთის გამო, რაც იმ ეტაპზე გამოიხატებოდა მხოლოდ აგენტურის მიერ ანტიქართული პროპაგანდის გაჩაღებაში, რომელსაც სილა გააწნა 1919 წლის 31 აგვისტოს, ბათუმში, ინგლისელების ოკუპაციის დროს ბათუმის ოლქის მაჰმადიანთა ყრილობამ: "ბათუმის ოლქის მუსლიმთა წარმომადგენელნი, რიცხვით ასი კაცი, ვაცხადებთ ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რომ ბათუმის ოლქის მკვიდრნი, სარწმუნოებით მუსულმანები, ისტორიით, სისხლით და ხორცით, ენით, კულტურით და ადათებით ვართ მუსლიმი ქართველები და ტერიტორიულად და ეკონომიურად ყოველთვის ჩვენი მხარე დედა-სამშობლოს საქართველოს განუყრელ ნაწილს შეადგენდა. გამოვსთქვამთ შეურყეველ ნებისყოფას და მტკიცე გადაწყვეტილებას: ამიერიდან და სამარადისოდ ბათუმი და მისი ოლქი შეუერთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს, საქართველოს რესპუბლიკას,... დადგენილება ესე ეცნობოს პარიზის საზავო კონფერენციას და ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას მიიღოს ყოველივე ზომა ჩვენი დადგენილების განსახორციელებლად". "ყრილობის მიერ არჩეული ოცი კაცისაგან შემდგარი დელეგაცია მაჰმედ-ბეგ აბაშიძის ხელმძღვანელობით ეწვია თბილისს და გადასცა საქართველოს დამფუძნებელ კრებას ყრილობის დადგენილება. ეს იყო პასუხი როგორც ოსმალების აგენტებისათვის, ისე ინგლისელებისა და რუსებისადმი" (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.54-55).

1920 წლის ივლისში ინგლისმა ბათუმი სავსებით გაათავისუფლა და საქართველოს ჩააბარა, ხოლო ნოემბერში კი მთელი არდაჰანის მხარეც და ოლთისიც საქართველოს ხელში მოექცა: "1920 წლის დასასრულისათვის ქართული ტერიტორია გაერთიანდა და გამრთელდა: შეიქმნა დიდი საქართველო, თავის ძველ საზღვრებში, თავისი ქართული მიწა-წყლით, რომელიც ჟამთა სიავის სრბოლაში და ისტორიული უკუღმართობით მოწყდა მას. აღსდგა საქართველო! მაგრამ ახალი საფრთხე უკვე კარებზე იყო მომდგარი: საბჭოთა რუსეთი და ქემალისტური ოსმალეთი! საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ხმამაღლად განაცხადა: ჩვენ გვირჩევნია დასავლეთის იმპერიალიზმი აღმოსავლეთის ბარბაროსობასო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნოე ჟორდანია საბჭოთა რუსეთის ორიენტაციას უარყოფდა, მაგრამ რუსეთ-ოსმალეთის დამეგობრებამ დასავლეთის წინააღმდეგ კავკასიის რესპუბლიკებს, და კერძოდ, საქართველოს ბოლო მოუღო" (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.66,73).

მეგობრული ნეიტრალიტეტის დასამყარებლად 1921 წლის თებერვლის დამდეგს მოსკოვში დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის მოლაპარაკება. როგორც კი ეს ამბავი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გაიგო, იგი მაშინვე შეეცადა იმ მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ მისი თხოვნა ამის შესახებ უპასუხოდ დარჩა (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.94). საქართველოს მთავრობის მიერ ანგორაში დანიშნული ელჩი, სვიმონ მდივანი ანგორაში ჩავიდა 31 იანვარს და თავისი რწმუნების ქაღალდი ანგორის მთავრობას გადასცა 8 თებერვალს. სამი დღის შემდეგ კი, 11 თებერვალს, დაიწყო რუსეთის თავდასხმა საქართველოზე. ცხრა დღის შემდეგ, 17 თებერვალს, ანგორის მთავრობამ გადაწყვიტა არდაჰანისა და ართვინის მხარეში თავისი ჯარების შეყვანა და საქართველოს ელჩს აცნობა, რომ 18 თებერვალს დილით ოსმალური ჯარი შევა ართვინშიო. არდაჰან-ართვინის ოკუპაცია დიდხანს არ გაგრძელებულა — 1921 წლის 17-23 თებერვალი (ვ. ნოზაძე. "საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო". თბ. 1989. გვ.94-96).

ორი დღის შემდეგ კი, 1921 წლის 25 თებერვლიდან ამისათვის საქართველოში აღარავის აღარ ეცალა — საბჭოთა რუსეთმა მოახდინა დანარჩენი საქართველოს ანექსია და თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა.

1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთს შორის მოსკოვისა და 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებებმა განსაზღვრა თურქეთ-საქართველოსა და თურქეთ-სომხეთის საზღვრის დემარკაციის საკითხი, რომლის ძალითაც საქართველოს უარი ათქმევინეს თავის ისტორიულ ტერიტორიებზე – კოლაზე, არტაანზე, შავშეთზე, კლარჯეთზე, ტაოზე, ჯავახეთისა და აჭარის ნაწილზე, სომხეთს კი – ყარსის ოლქსა და ვანის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდგომ. კერძოდ, 1945 წლის დეკემბრიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო ფართომასშტაბიანი იდეოლოგიური კამპანია თურქეთის მიერ 1921 წელს დაკავებული ქართული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით. 1945 წლის 19 მარტს საბჭოთა კავშირმა მოახდინა 1925 წლის 17 დეკემბერს თურქეთთან დადებული ნეიტრალიტეტის შესახებ ხელშეკრულების დენონსაცია. 1945 წლის ივნისის მოლაპარაკებებზე კი საბჭოთა მთავრობამ თურქეთს სხვა საკითხებთან ერთად წაუყენა ტერიტორიული პრეტენზიები და მოსთხოვა ბოსფორის სრუტეზე ახალი რეჟიმის დაწესება. ეს საკითხები საგანგებოდ განიხილეს "დიდი სამეულის" (საბჭოთა კავშირი, აშშ, ინგლისი) პოტსდამის კონფერენციაზე. 1945 წლის 22 ივლისის სხდომაზე ინგლისის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი შეშფოთებას არ მალავდა აღნიშნულთან დაკავშირებით: "მე მესმის, რომ ეს არის საბჭოთა მთავრობის პრეტენზიები თურქეთისადმი, მაგრამ ვინაიდან თურქეთმა დასვა სსრკ-სთან კავშირის საკითხი, ამ უკანასკნელმა წამოაყენა ამგვარი სახელშეკრულებო პირობები. ჩემთვის სრულებით ნათელია, რომ ვინაიდან თურქეთი ითხოვს ამ კავშირს, საბჭოთა მთავრობას ეძლევა საშუალება, განაცხადოს ორ ქვეყანას შორის ურთიეთობების გაუმჯობესების პირობების შესახებ. თუმცა თურქეთი შეაშფოთა წამოყენებულმა პირობებმა. მე არ ვიცი, რა მოხდა მოლაპარაკებების შემდეგ და მსურს გავიგოთ ამ საკითხზე მთავრობის პოზოცია". ამ განცხადების შემდეგ იოსებ სტალინმა საგარეო საქმეთა კომისარს, ვიაჩესლავ მოლოტოვს სთხოვა მოეხსენებინა საქმის ვითარება. ამ უკანასკნელმა კი აღნიშნა: "...ზოგიერთ უბანზე სსრკ-თურქეთის საზღვარს მივიჩნევთ უსამართლოდ. მართლაც, 1921 წელს თურქეთმა საბჭოთა საქართველოს და საბჭოთა სომხეთს ჩამოაჭრა ყარსის, ართვინისა და არდაჰანის ოლქები (წარმოადგენს რუკას). ამიტომ განვაცხადე, რომ ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია საკითხის მოგვარება, დაუბრუნდეთ მათ ეს ტერიტორიები" (ჯ. სამუშია. "ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან". თბ. 2003. გვ. 6-9).

საბჭოთა კავშირ-თურქეთის აღმოსავლეთ საზღვრის თაობაზე კამათი პოტსდამის კონფერენციის მომდევნო სხდომაზეც გაგრძელდა. ამჯერად მოკავშირეებს განმარტებები მისცა თავად იოსებ სტალინმა: "...აქ საუბარი იყო პირველ მსოფლიო ომამდე არსებული საზღვრის აღდგენაზე. მხედველობაში მაქვს ყარსის რაიონი, რომელიც ომამდე იყო სომხეთის შემადგენლობაში და არდაჰანის რაიონი, რომელიც ომამდე საქართველოს ეკუთვნოდა... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყარსის და არდაჰანის რაიონში საზღვრები უმართებულოა და თურქებს განვუცხადეთ, რომ ჩვენთან კავშირის შემთხვევაში საზღვარი უნდა გასწორდეს. თუ თურქეთს არ სუსრს საზღვრის შესწორება, კავშირის საკითხი იხსნება" (ჯ. სამუშია. "ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან". თბ. 2003. გვ. 6-9).

მსოფლიო დიპლომატიის ზეწოლით, საბოლოოდ იოსებ სტალინმა უარი თქვა თურქეთისადმი ტერიტორიულ პრეტენზიებზე, ხოლო 1953 წლის 30 მაისს საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურ დონეზე და საბოლოოდ უარი თქვა ქართულ-სომხური მიწების დაბრუნებაზე. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით საბჭოთა საქართველო და სომხეთი უარს ამბობენ თურქეთისადმი თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებზე (ჯ. სამუშია. "ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან". თბ. 2003. გვ. 14).

დღესდღეობით ეთნიკური ქართველების შთამომავლები მთელი თურქეთის ტერიტორიაზე არიან განსახლებულნი და აქტიურ როლს თამაშობენ როგორც თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის მშენებლობის, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საქმეში.