გეოგრაფიული არეალი

"გეოგრაფიულმა მეცნიერებამ უნდა აღიაროს, რომ თურქეთის საქართველოს ზოგიერთი ნაწილის შესახებ უფრო ცოტა იცის, ვიდრე შიდა აფრიკაზე" – წერდა XIXს-ში დიდი ქართველი გენერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ყაზბეგი (IX. გვ. 92).

ისტორიული საქართველოს ის ნაწილი, რომელიც დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიას ეკუთვნის, უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან შემოსაზღვრულია "საქართველოს ყელით" (გურჯი ბოღაზი), კოპის მთებით (კოპდაღით) - ევფრატისა და ჭოროხის წყალგამყოფით, სპერის (ისპირის) ხეობით (ჭოროხის ხეობა), "ზღვისპირა კლარჯეთით", ანუ რიზეს მხარითა და ე.წ. "სატრაპელათი":

1. "გურჯი-ბოღაზის ხეობა ანუ საქართველოს ყელისა... სიგრძით არს დევაბოინის მთიდამ სპერის მდინარემდე... ბაიბურთის მთამდე... და ხეობა ესე არს ფრიად ვიწრო, კლდიანი და ტყიანი... და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა" (II გვ. 141-142).

2. "...კოპის ქედის გადაკვეთით მდ. ჭოროხის შუა და ქვემო დინებების გაყოლებით შავ ზღვამდე გამავალი" (V. N5-6, 2005. გვ. 92).

3. "საზღვარი ქართლისა სპერი და ბოლო კლარჯეთისა ზღვის პირი" (II. გვ. 141-142).

 

NB
"საზღვარი ქართლისა სპერი"

 

NB

"ხეობა ესე არს ფრიად ვიწრო, კლდიანი და ტყიანი... და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა"

 

IG

კოპის ციხე

 

IG

"ბოლო კლარჯეთისა ზღვის პირი"

ვახუშტი ბატონიშვილი 1745 წელს წერდა: “ბაიბურდისა და ფორჩხის სამხრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არს ესე შავი ზღვის კიდის წადევნებით გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე. ...არს ქალაქი მცირე რიზა ზღვის კიდეზედ... ხოლო ამის დასავლეთით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდამ. და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა-ტრაპიზონისა... აქა არს რკინის პალო, აქავ არს სატყეპელა. აქ აღაშენა მეფემან არჩილ მოწამემან ციხე შემდგომად ყრუს შემოსვლისა. ...კაცნი არიან... სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოვებიან ქრისტიანენი, არამედ იციან კვალად ქართული ენა ვიეთამე... არამედ არა არს ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარნი, რომელსა შინა არა იდგეს საყდარი ანუ ეკლესია, თლილის ქვით ნაშენნი, ორი, ანუ სამი, დიდნი და მცირედნი, და ეგრეთვე ყოველთა საქართველოსა შინა, რომელნიცა აღვსწერეთ” (II. გვ. 142-143).

აღნიშნული წყარო უმნიშვნელოვანესია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ზედმიწევნითი სიზუსტითაა გადმოცემული ისტორიული საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი, სადაც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში უკვე გამუსლიმებული, მაგრამ ქართულად მოსაუბრე ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ;

2. ისე როგორც ვახუშტის აღწერილ დანარჩენ საქართველოში (“ყოველთა საქართველოსა შინა, რომელნიცა აღვსწერეთ”) ეს სასაზღვრო ზოლიც (“ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარნი”) სულ ერთიანად მოფენილია ქართული ეკლესია-საყდრებით (“თლილის ქვით ნაშენნი”), რომელსაც არჩილ მეფის “სატყეპელას” ციხე შემოსაზღვრავს;

3. დეტალურად გადმოგვცემს საქართველოს დასახლებულ პუნქტებს დასავლეთის მიმართულებით “გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე” (“გონიის დასავლეთით მოერთვის ზღვას მდინარე... ამ მდინარის იქით არს ხოფჯა, ქალაქი მცირე, ზღვის კიდესა ზედა. აქ მოერთვის მდინარე ხოფჯისა... ამ მდინარის დასავლით არს ქალაქი მცირე რიზა. ზღვის კიდეზედ. მოერთვის მუნვე მდინარე მისივე ზღვასა... ხოლო ამის დასავლით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდამ. და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა. აქა არს რკინის-პალო, აქავ არს სატყეპელა” (II. იქვე).

4. შესაძლებელი ხდება “სატყეპელას” იდენტიფიცირება. პ. ინგოროყვა მიიჩნევს, რომ “სატყეპელა” არის იგივე “სატრაპელა, სოტიროპილი” (V. გვ. 35), ანუ დღევანდელი ოფი. დასავლურ წყაროებში სოტიროპოლად (მაცხოვრის ქალაქად, “მაცხოვრისი”) ჯერ მიჩნეული იყო აფხაზეთი, კერძოდ, ცხუმი (ვ. ბოლოტოვი, ვ. ლატიშევი) და ბიჭვინთა (ი. კულაკოვსკი) წყაროებში მოხსენიებული პვითიას გამო, ხოლო შემდეგ - ბორჩხა, რაც ასევე ვახუშტის მიერ მოხსენიებული “ფორჩხის” ზეგავლენა იყო. ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა იმის დაზუსტება, მართლაც არსებობდა თუ არა ბაიბურდის მთის სიახლოვეს სახელწოდება “ფორჩხა”, თუ ვახუშტი ბაგრატიონი დღევანდელ ბორჩხას გულისხმობდა, რომელიც ქართულად მოსაუბრე მუსლიმი ქართველებით დასახლებული ქალაქია). თუმცა, ა. ბრაიერს მისივე მოსაზრება საეჭვოდ მიაჩნია, რის გამოც ის სოტიროპოლის ბორჩხის იდენტიფიცირებისას კითხვის ნიშანს იყენებს (“Forchkha?”) (X). პ. ინგოროყვა კი კლავდი პტოლემეს გეოგრაფიასა და ამიანე მარცელინიზე დაყრდნობით ასკვნის, რომ მათ მიერ მოხსენიებული პიტიუსი იგივე ოფაა (V. გვ. 40-45);

5. სწორედ დღევანდელ ოფსა და რიზეს შუა, სპერის წყლის გაყოლებაზე და არა დღევანდელ ბორჩხასთან, მდებარეობს პონტოს მთების უმაღლესი მწვერვალი Demir Kapi, რაც პირდაპირი თარგმანია “რკინის კარისა”. პ. ინგოროყვას მიხედვით, რკინის-პალო არის სახელწოდება ისტორიული ციხისა, რომელიც მდებარეობდა მდინარე კალოს ხეობაში. ამის დასავლეთით მდებარეობდა სატყეპელა, სატრაპელა (V. გვ. 48).

IK

"აქა არს რკინის პალო"

 

IG

"აქავ არს სატყეპელა"

ეს გეოგრაფიული არეალი, ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, ათასწლეულების მანძილზე "ომის მოედნად გახადა ბედმა" (III 1955. გვ. 27).

საქართველო-საბერძნეთის ამ ისტორიულ საზღვარზე (IV) სხვადასხვა დროს თვითდამკვიდრებისათვის იბრძოდა სომხეთი და საბერძნეთი, რომი და ბიზანტია, თურქ-სელჯუკები და მონღოლები, ირანი და სპარსეთი, ოსმალეთი და რუსეთი, გერმანია და ინგლისი... ისტორია XX საუკუნეშიც გაგრძელდა: "ცივი ომის" დროს სწორედ აქ გადიოდა ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკისა და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების უკიდურესი სამხრეთი საზღვარი...

ჯერ ასურელთა, ხოლო შემდეგ ეთნიკურად სავარაუდოდ მკვეთრად განსხვავებულ ურარტელთა (VI. გვ. 94). ძალმომრეობასა და ეკონომიკური უპირატესობებისაკენ სწრაფვას უნდა განეპირობებინა რკინის ხანაში დაარსებული რკინით განსაკუთრებით მდიდარი და მრავალრიცხოვანი ქალაქებით, ციხე-სიმაგრეებით, ციკლოპური ნაგებობებით, მეურნეობითა და მეტალურგიით განთქმული დაიაენი/დიაუხის ქვეყნის ხუთსაუკუნოვანი არსებობა ძვ. წ. XII-VIII სს-ში (VI. გვ. 96). მოგვიანებითაც, ქსენოფონტეს ეპოქაშიც, ტაოხები სიმაგრეებში სახლობდნენ თავისი ავლა-დიდებითურთ (VII).

ამასთან, აღნიშნული მხარე იმთავითვე მულტილინგვური მოსახლეობით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ II ათასწლეულის მეორე ნახევრის შუა ხანებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც დღევანდელი ქალაქ არზრუმის ჩრილოეთით, დაახლოებით მდინარე ევფრატის სათავეების მხრიდან შავ ზღვამდე, მდებარეობდა დაიაენი (დიაუხი, ტაოხი, ტაო) (VIII), საქართველოსა, და საერთოდ, ამიერკავკასიაში მიკვლეული უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომლის არსებობას უკვე ძვ. წ. XII ს-ში ადასტურებს ასურული წერილობითი წყაროს ცნობა (VI. გვ. 94. ავტორისვე შენიშვნით, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. წ. 1114-1076წწ) წარწერა პრიზმაზე (IV43-V32) მართალია სალმანასარ I-ის (ძვ. წ. 1273-1244წწ) "ურუათრის" შესახებ ცნობებზე გვიანაა გაკეთებული, მაგრამ "ურუათრი" ამიერკავკასიის გარეთ მდებარეობდა), "...ადგილი უნდა ჰქონოდა ქართველური, ხურიტული და შესაძლოა, ხეთური წარმომავლობის ტომთა თანაცხოვრებას" (VI. გვ. 94). ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარშიც სკვითური, კიმერიული ტომებისა და სამხრეთიდან ახალი მოსახლეობის ნაკადების შემოჭრამ ამ პროცესს შეუწყო ხელი. ლეონტი მროველის ცნობით, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლამდე "...იყვნეს ქართლის ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლისა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს ყუველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა" (I).

რუკა 1

საქართველოში დამკვიდრებული სამეცნიერო ტრადიციის შესაბამისად, პირველი ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები შეიქმნა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ამჟამად ოლთუ-თორთუმ-შეშეთ-შავშეთია განლაგებული და რომლის სიახლოვესაც ისტორიულად ერზრუმიდან თორთომისაკენ მიმავალ გზასთან მდებარე კლდოვანი მწვერვალიდან ჩანს სამი მდინარის სათავე, რომელთაგანაც ერთი შავ ზღვაში ჩაედინება (ჭოროხი), მეორე სპარსეთის ყურეში (ფრატი, ანუ ევფრატი), ხოლო მესამე კასპიის ზღვაში (არაქსი) (VI. გვ. 98). ვახუშტის ცნობით, შავშეთსა და ჭოროხს შორის მდებარეობდა მთა შავშეთისა (II. გვ. 680, 5), დაახლოებით ეს ადგილია მიჩნეული "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში" მოხსენიებული "შეშის მთადაც" (VI. გვ. 107), სადაც უნდა არსებულიყო პირველი წინარე-ქართული სახელმწიფო წარმონაქმნი დაიაენი/დიაოხი/ტაოხი სატახტო ქალაქით "შაშილო".

IG

შავშეთის ციხე

მტკვრის ზემო დინების რეგიონი დიაუხის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილადაა მიჩნეული, რაზედაც არტაან-ახალციხის გზაზე მდებარე ხანაკის მახლობლად პატარა მდინარის პირზე მდებარე კლდეზე ორი ათეული წლის წინ აღმოჩენილი არგიშთი I-ის წარწერა მიუთითებს. თუ ადრე ამ ქვეყნის ლოკალიზებას ჩილდირის ტბის სამხრეთ-დასავლეთით ახდენდნენ, ხანაკის წარწერამ მეტი დამაჯერებლობა შესძინა ვარაუდს "თორის" მხარესთან მისი კავშირის შესახებ (VI. 5-6, 2005. გვ. 108).

დიაუხის ქვეყნის საპირისპირო, ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე, ჭოროხის ხეობაში ყალიბდებოდა დიაუხის მეტოქე და მემკვიდრე ქვეყანა, კულხა, რომელიც დროთა განმავლობაში შეცვალა შავიზღვისპირეთში მდებარე კოლხამ.

რუკა 2

ძვ. წ. VII საუკუნიდან, ჩრდილო-დასავლეთისაკენ გადანაცვლების შედეგად, ის გადაიქცა ამ მხარეების ვრცელი ტერიტორიის ზოგად აღმნიშვნელად, ბერძნული კრებითი სახელწოდება "კოლხიდის" სახით (VI. გვ. 109).

რუკა 3

აქედან გამომდინარე, უფრო სრულ სახეს იღებს ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრები, რომლის შესახებაც კიდევ ერთხელ საუბრობს გ. ქავთარაძე და რაც იდენტურია ზემოთ აღწერილ პ. ინგოროყვასეულ არეალთან:

რუკა 4, რუკა 5, რუკა 6, რუკა 7, რუკა 8, რუკა 9

"შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეში ჩამდინარე მდინარეების წყალგამყოფია გიაურ დაღი, კლასიკური ხანის მწერლების ე.წ. მოსხური მთების სამხრეთული სექტორი, მისგან ჩრდილოეთით მდ. ჭოროხის შენაკადები თორთომის-წყალი (თორთუმ-ჩაი) და ოლთისის-წყალი (ოლთუ-ჩაი) მიედინებიან, ხოლო სამხრეთით მდ. ევფრატის შენაკადები კარა-სუს სათავე მდინარე დუმლუ-სუ და სერჩამ სუ" (VI. გვ. 98). სწორედ აქ, სერჩამ-სუს სათავის მახლობლად მდებარეობს კოპ-დაღი (კოპის ქედი), რომელიც ევფრატისა და ჭოროხის წყალგამყოფად ითვლება (VI. გვ. 98). ერთ-ერთი ვერსიით დაიაენის მეფის ასიას ძვ. წ. IX-VIII სს. სატახტო ქალაქი "შაშილუ" ამ მთათა სისტემაში მდებარეობდა, რომელიც ჭოროხის, სერჩამ-სუს, თორთომის-წყლის, კარა-სუსა და ოლთისის-წყლის წყალამყოფს წარმოადგენს (VI. გვ. 98).

დიაოხების სატახტო ქალაქის "შაშილუს" და "შეშეთის ქვეყნის", ანუ "შეშეთის მთის" ადილმდებარეობა შავშეთ-იმერხევთანაც და თორთომის ციხესთანაც არის იდენტიფიცირებული (VI. გვ. 102). სწორედ "თორთუმის ციხესთან გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან (დღევ. ქ. რიზეს მახლობლად) ისპირისა და ხახულის გავლით რიზედან ერზურუმისაკენ მიმავალი გზა, რომელიც შემდეგ ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს გაყოლებითა და "ქართლის ყელის" ("გურჯიბოღაზის") გავლით სამხრეთით, ქ. ერზურუმისკენ მიემართებოდა. თორთომში ისპირ-ერზურუმის გზა ნარიმან-ოლთისის გზით იკვეთება, ხოლო მესამე, ჩრდილოეთის გზა, მდ. თორთომის წყალს მიყვება და შემდეგ მდ. ჭოროხის გაყოლებით, ამ უკანასკნელის შესართვათან შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს" (VI. გვ. 104).

სწორედ თორთუმის ციხე და უზუნდერეს სამხრეთით მდებარე ხეობის უმძლავრესი ციხე-სიმაგრე - აღჯა-ყალა (ზოგიერთი მონაცემებით სწორედ ეს უნდა იყოს საკუთრივ თორთუმის ციხე (VI. გვ. 103-104) წარმოადგენდა XV საუკუნის დასაწყისში თემურ-ლენგის ერთ-ერთ ძირითად ბანაკს ანატოლიასა და ამიერკავკასიაში მისი ლაშქრობების დროს (VI. გვ. 104). 1549 წ. დეკემბერში ფერდინანდ I-სადმი გაგზავნილ წერილში სულეიმან კანუნი თორთომს "გურჯისტანის ქვეყნების" დედაქალაქად მოიხსენიებს (VI. გვ. 104). XIII ს. მეორე ნახევარში თორთომის ციხის კედლებთან თურქი ურდოების წინააღმდეგ გმირული ბრძოლა გადაუხდია თაყა ფანასკერტელს; ისტორიულად თორთომის ციხე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მიჯნას დარაჯობდა. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, თორთომის სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი იყო ჯუანშერთან მოხსენიებული "გზა ქართლისა", ანუ ვახუშტის "საქართველოს ყელი", რომელსაც ოსმალებმა "გურჯიბოღაზი" უწოდეს. ურარტუს ისტორიის ცნობილი სპეციალისტი, ბ. პიოტროვსკი, ქალაქ შაშილუს ათავსებდა X საუკუნის ქართული მონასტრის, ხახულის ადგილას, რომელიც თორთომიდან მხოლოდ ოციოდე კილომეტრით თუ არის დაშორებული (VI. გვ. 104). თორთომის წყლის პირას, მიწისძვრის შედეგად შექმნილი თორთომის ტბის ზემოთ, ამავე ხეობაში, დგას ქართული და მსოფლიო არქიტექტურის X საუკუნის შედევრი, ოშკის კათედრალიც.

ჩვენი 2007 წლის ექსპედიციის დროს ოშკისა და თორთუმის ტბის მონახულებასთან ერთად მოხერხდა უზუნდერეს სამხრეთით აღჯა-ყალას ციხის იდენტიფიცირება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც ამ სახელით მოიხსენიებს.

NB

აღჯა ყალე

აქ კიდევ ერთი კანონზომიერება იკვეთება: ქრისტიანული პერიოდის უმთავრესი ძეგლების უმეტესობა, როგორც წესი, არა "ცარიელ", არამედ უკვე დამკვიდრებულ საკულტო თუ სახელმწიფოებრივ ადგილებზე შენდებოდა. კიდევ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი საქართველოს ისტროიული საზღვრების დადგენა: ეს მხარე ჩვენთვის მარტო იმიტომ კი არის ძვირფასი, რომ აქ შუასაუკუნეების ქართული სახელმწიფოებრივ-კულტურული აკვანი დაირწა თუ თუნდაც ისეთი კულტურული შედევრები გვეგულება, როგორიცა ოშკი, ხახული, ხანძთა, ოთხთა თუ ბანა, არამედ იმიტომაც, რომ აქ ძევს უძველესი ქრისტიანობამდელი ქართული ცივილიზაციის გასაღები.

XVIს-ის ადინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

XVI ს-ში, მიუხედავად იმისა, რომ სამცხის ათაბაგები პოლიტიკურად უკვე აღარ ცნობენ ქართლის ბაგრატიონებს, ისინი მაინც საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მცხეთას ემორჩილებიან. ამაზე, სხვა წყაროებთან ერთად მეტყველებს: “...კათოლიკე სამოციქულოსა საპატრიარქოსა მცხეთისა ეკლესიისა ძუელითგან საქონებელნი და სამწყოსნი სამცხეს თავადნი და სოფელნი” (1516 წ. ახლოს) და კოპასძეთა სახლის “სულთა მოსახსენებელი” (XVIს).

ამჯერად, "მცხეთის საბუთების" მხოლოდ იმ ფრაგმენტს წარმოვადგენთ, რომელიც სამცხეს ეხება (კახეთის, ქართლის და ჯავახეთის სიების გამოკლებით) და სადაც ჩამოწერილია სამცხის იმ თავადებისა და მამულების ნუსხა (სულ 25 ერთეული), რომლებიც მცხეთის საკათალიკოსოს "საქონებელსა და სამწყსოს" წარმოადგენენ (XI):

1. კავკასიძე მისითა მამულით;

2. პარხალი მისითა შესავალითა და აზნაურისშვილებითა საყმოდ და სამწყსოდ;

3. სამძივარი მისითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა გოგიბასშვილსა აქუს;

4. ბუმბულისძენი (ქუელისძენი) მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა ავალიშვილთა და სლესართა აქუს;

5. ლონგოსძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა ლასურისძეთა აქუს;

6. ხერხემლისძე სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა თაქთირისძესა აქუს;

7. ჩორჩანელი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, ერისთავთა ერისთავი, ხურციძესა აქუს;

8. ღობიერნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა დიასამისძეთა აქუს;

9. აბუსერისძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

10. ბოცოსძენი, სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა ოლადასშვილთა აქუს;

11. ოთარი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა შალიკასშვილთა აქუს;

12. ხერთვისარნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა ქამქამისძისა ეულზედა არიან, ამატიკიანთა აქუს;

13. თმოგუელნი, სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა შალიკასშვილთა ელისბაალს და იოთამს აქუს;

14. ბულღადარას შვილნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა რჩეულაანთა და ფროდიანთა აქუს;

15. ასპანისძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა სფირიდონს (სფირიდონის შვილსა) აქუს;

16. კალმახელი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა უზნაძესთა აქუს;

17. დუკისძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

18. ფანასკერტელნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

19. სპასალარნი სამით სასაფლაოთა, მონასტრებითა და კარის ეკლესიითა;

20. ხახულარნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

21. ანძაველნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

22. კოპასძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

23. თუხარელნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

24. მონასტერი ოშკი მისითა შესავლითა;

25. დიდი და პატიოსანი ვარძიის მონასტერი მისითა შესავლითა და ეკლესიის შვილებით უნაკლულოდ" (XI).

IK

“მამულთა ნუსხის” იმ ნაწილის გარდა, რომელიც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს (ვარძია, ხერთვისი, ასპინძა, თმოგვი...) ექსპედიციის დროს მოხერხდა თურქეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი შემდეგი ცნტრების მონახულება: კავკასიძე (1), პარხალი (2), კალმახელი (16), ფანასკერტელნი (18), ხახულარნი (20), ანძაველნი (21), კოპასძენი (22), ოშკი (24). სხვა ძეგლების ადგილმდებარეობა, ჩვენი ინფორმაციით, დღემდე არ არის იდენტიფიცირებული.

 

IG

კავკასიძე (1)

 

IG

პარხალი (2)

 

IG
კალმახელი (16)
 
 
 IG
 
ფანასკერტელნი (18)
 
 
IG
 
ხახულარნი (20)
 
 
IG
ანძაველნი (21)
 
 
 
IG
 
კოპასძენი (22)
 
 
IG
ოშკი (24)
 
 
 
 გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ლეონტი მროველი I, 16, 21-23
  2. ვახუშტი ბატონიშვილი. "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით. 1941.
  3. ილია ჭავჭავაძე. ტ.5 1955
  4. ივ. ჯავახიშვილი. “ქართველი ერის ისტორია” 1, 1913. 1951
  5. პ. ინგოროყვა. "ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის საკითხთა გამო". თბ. 2003
  6. გ. ქავთარაძე. "ტაოხთა უძველესი ქვეყანა და ქართული სახელმწიფოებრიობის საწყისები". "ენა და კულტურა". N5-6, 2005.
  7. Xen., Anab., VI, VII, 1
  8. Lehmann-Haupt 1931, 792, 851; მელიქიშვილი 1951, 208; სალვინი 1967, 22f
  9. აზიზ ახვლედიანი. "აჭარის საგმირო-საისტორიო სიტყვიერება". საბ. აჭარა. 1970.
  10. Bryer. A. ”The Crypto-Christians of the Pontos and....” London. 1988. XVII  თავი
  11. ქრ. შარაშიძე, “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVIსს)", თბ, 1961.